Accessibility links

logo-print

ობამა: "ეკონომიკური პოლიტიკა ყოველი ამერიკელის საკეთილდღეოდ იმუშავებს"


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 20 იანვარს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 20 იანვარს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას

ქვეყნის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკაში ფინანსური კრიზისი დასრულდა და დასძინა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ყოველი ამერიკელის საკეთილდღეოდ იმუშავებს.

ვაშინგტონში, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ უმუშევრობის დონე ახლა უფრო დაბალია, ვიდრე კრიზისის დაწყებამდე იყო და ის 5,6 პროცენტს შეადგენს.

„დღეს, ამერიკისათვის გარდამტეხი წლის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ქმნის სამუშაო ადგილებს ყველაზე სწრაფად, რაც კი 1999 წლის შემდეგ ყოფილა. უმუშევრობა ამერიკაში არის უფრო დაბალი, ვიდრე ის იყო ფინანსურ კრიზისამდე. მეტი ბავშვი ამთავრებს სასწავლებელს, მეტი ადამიანია დაზღვეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. დღეს ჩვენ უფრო თავისუფალი ვართ დამოკიდებულებისგან საზღვარგარეთულ ნავთობზე, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ვყოფილვართ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საერთაშორიო პოლიტიკის მიმოხილვისას, ობამამ თქვა, რომ ახლა საჭიროა „უფრო ჭკვიანური მმართველობა, რომელიც სამხედრო ძალისა და ძლიერი დიპლომატიის ნაზავს ნიშნავს“. ობამამ განაცხადა, რომ შეებრძოლება ტერორისტებს, სადაც უნდა იყვნენ ისინი, პაკისტანსა თუ პარიზის ქუჩებში, და აშშ-ის კონგრესს ახალი სამხედრო უფლებები მოსთხოვა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად.

პრეზიდენტის თქმით, სანქციები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, მუშაობს. „ამერიკა ძლიერია და დგას თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი კი იზოლირებულია და მისი ეკონომიკა დანგრეულია - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ეს იყო ობამას მეექვსე მიმართვა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და პირველი მოხსენება, რომელიც ობამამ გააკეთა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წინაშე.

ობამას მოხსენებაზე გამოხმაურებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოთქვა შეფასება, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოში „დომინირება“ სურს. როგორც ლავროვმა მოსკოვში 21 იანვარს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა, შეხედულება, რომ „ჩვენ ვართ პირველები და ყველა დანარჩენმა ეს უნდა აღიაროს“ არის შეერთებული შტატების „ფილოსოფიის“ ქვაკუთხედი, რაც, ლავროვის აზრით, აისახა კიდეც ობამას გამოსვლაში. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, თითქოს შეერთებული შტატების „გენეტიკურ კოდში“ იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის პირობების კარნახი.

აშშ-ის პრეზიდენტის მოხსენებაზე ლავროვის ეს გამოხმაურება არის ერთგვარი გაგრძელება განცხადებებისა, რომლებსაც ბოლო წლებში აკეთებენ რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის გამო დასავლეთთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე.

XS
SM
MD
LG