Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ „სიმსივნე“ უწოდა ერაყში მოქმედ „ისლამისტურ სახელმწიფოს“


ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა უშედეგოდ სცადა გაეთავისუფლებინა რამდენიმე ჟურნალისტი, -მათ შორის, ჯეიმს ფოული, - რომლებიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა აღიარა სამხედრო კონტინგენტის არსებობა სირიაში, სადაც, განთავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ამერიკელ სპეცრაზმელებს მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაც კი მოუხდათ.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწემ ტერორიზმის საკითხებში ლიზა მონაკომ დაადასტურა, რომ სანქცია ტყვეების გასათავისუფლებლად ოპერაციის ჩატარებაზე 2012 წელს თავად ობამამ გასცა. მძევლების გასათავისუფლებლად სირიის ტერიტორიაზე ათეულობით მედესანტე გადასხეს. მათ მძევლების - მათ შორის, ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის - მოძებნა ვერ მოახერხეს, მაგრამ იძულებული გახდნენ ჩართულიყვნენ საბრძოლო მოქმედებებში, რომელთა მსვლელობისას მტრის რამდენიმე მებრძოლი მოკლეს.

ამ საიდუმლო ოპერაციის სხვა დეტალები ობამას თანაშემწეს არ გაუმხელია, თუმცა საყურადღებოა, რომ ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ისლამისტებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის კადრები. მას თავი მოჰკვეთეს. ისლამისტები იმუქრებიან კიდევ ერთი ამერიკელი ტყვის, სტივენ სოტლოფის, მოკვლით, თუ აშშ-ის ავიაცია არ შეწყვეტს მათი პოზიციების დაბომბვას.

ისლამისტების მოწოდების პასუხად, ბარაკ ობამამ ისლამისტების პოზიციებზე საავიაციო იერიშების გაგრძელების პირობა დადო:

„აშშ გააგრძელებს იმის კეთებას, რაც საჭიროა ადამიანების დასაცავად. ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ვიმოქმედებთ მტკიცედ“.

ხოლო როდესაც ექსტრემისტების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულის, სიკვდილით დასჯის კადრებს გამოეხმაურა, აშშ-ის ლიდერმა „ისლამისტური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედ რადიკალებს უწოდა „სიმსივნე“, რომელიც მთელ რეგიონს უქადის საფრთხეს:

„ერაყისა და „ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლები არ უნდა ლაპარაკობდნენ რელიგიის სახელით. ბევრი მუსლიმია მათი მსხვერპლი და არ არსებობს აღმსარებლობა, რომელიც ხალხს უდანაშაულო ადამიანების დახოცვას ასწავლიდეს. ვერავითარი ჭეშმარიტი ღმერთი ვერ შეეგუება იმას, რაც მათ გუშინ ჩაიდინეს და რასაც ყოველდღიურად აკეთებენ. ერაყისა და „ლევანტის ისლამისტურ სახელმწიფოს“ არ გააჩნია რელიგია და ადამიანური ფასეულობა. მათი იდეოლოგია გაკოტრებულია“.

როგორც ზემოთ ითქვა, ისლამისტების ტყვეობაში რჩება კიდევ ერთი ამერიკელი ტყვე, სტივენ სოტლოფი. თუმცა, როგორც ვაშინგტონის ანონიმური ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, შესაძლოა ისლამისტებს, სულ მცირე, კიდევ ორი მძევალი ჰყავდეთ. 2012 წლიდან დაკარგულად ითვლება ამერიკელი შტატგარეშე ჟურნალისტი ოსტინ ტაისი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სირიის სამთავრობო ჯარებმა დაატყვევეს. ისლამისტების მიერ ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯამ აღაშფოთა დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიუ-იორკში არსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, სირიაში კონფლიქტის დროს 80-მდე ჟურნალისტი იქნა გატაცებული, 20 მათგანი კი დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG