Accessibility links

ბარაკ ობამას მიმართვას რესპუბლიკელების კრიტიკა მოჰყვა


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "ტერაქტი" უწოდა კალიფორნიაში გასულ კვირაში მოწყობილ თავდასხმას, რომლის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ობამას თქმით, ორი თავდამსხმელი „რადიკალიზაციის ბნელ გზას ადგა“. ის მოუწოდებს მუსლიმებს მთელ მსოფლიოში, უარყონ რადიკალიზმი და „ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგია და ჩაებან ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბარაკ ობამას ცამეტწუთიანი მიმართვის ფონია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში უნარშეზღუდულ პირთა მომსახურების ცენტრში მომხდარი საზარელი თავდასხმა, რომელიც, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარმა, 28 წლის სიედ ფარუკიმ და მისმა 29 წლის ცოლმა, პაკისტანელმა ტაშფინ მალიკიმ, ჩაიდინეს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს დამატებით გამოძიებას თავდამსხმელთა და მათ ხელშემწყობ პირთა შესახებ. ობამას გამოსვლამდე ერთი დღით ადრე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა შეაქეს წყვილი, რომელმაც სან-ბერნარდინოში სროლა მოაწყო - ექსტრემისტულმა ჯგუფმა წყვილი თავის „ჯარისკაცებად“ მოიხსენია. ობამამ 5 დეკემბერს განაცხადა, ამერიკის ტერორიზება შეუძლებელიაო. კვირას, ვაშინგტონში თეთრი სახლიდან ტელემიმართვით გამოსვლისას, რაც მისი შვიდწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მესამედ მოხდა, ბარაკ ობამამ გამოთქვა აზრი, რომ ტერორიზმის საფრთხე ბოლო წლებში ახალ ეტაპზე გადავიდა, მაგრამ ის პირობას დებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს" დაამარცხებენ.

„ჩვენ გავანადგურებთ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა ორგანიზაციებს, ვისაც სურს, რომ გვავნოს. პირველ რიგში, ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ტერორისტული შეთქმულების მომწყობთა დევნას ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ეს საჭიროა. ერაყსა და სირიაში საჰაერო დარტყმებით მოქმედების საშუალებას ვუსპობთ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს, მძიმე შეიარაღებას, ნავთობის ავტოცისტერნებს, ინფრასტრუქტურას. და პარიზის თავდასხმების შემდეგ ჩვენმა უახლოესმა მოკავშირეებმა - მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ - გააძლიერეს ჩვენს სამხედრო კამპანიაში თავიანთი წვლილი, რაც დაგვეხმარება „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად ჩვენი ძალისხმევის გააქტიურებაში“, განაცხადა ობამამ. ის მოუწოდებს მუსლიმებს მთელ მსოფლიოში უარყონ რადიკალიზმი და „ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგია და ჩაებან ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ერთიანი კანდიდატურის ტიტულისათვის იბრძვის, კრიტიკულად შეაფასა ბარაკ ობამას ხსენებული მიმართვა. „ეს არის ყველაფერი, რაც გაგვაჩნია? სასწრაფოდ გვჭირდება ახალი პრეზიდენტი“, - საკუთარი ტვიტერის გვერდზე ასე გამოეხმაურა ბარაკ ობამს მიმართვას მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც, ბოლო გამოკითხვებით, ლიდერობს რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის. ფლორიდელმა სენატორმა მაიკლ რუბიომ კი ობამას მიმართვაში მუსლიმების მიმართ სუბიექტური მიდგომის გამო ამერიკელების კრიტიკა ამოიკითხა და დასძინა, რომ „ამ გამოსვლის გამო ბევრი ამერიკელის წარმოსახვაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG