Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ახსენა ბარაკ ობამამ საქართველო


 ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

აშშ-ის მსოფლიო ლიდერობაზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და რუსეთის დესტრუქციულ როლზე ლაპარაკისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 12 იანვარს, კონგრესის წინაშე გამოსვლისას, პარტნიორი ქვეყნების დახმარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტ ობამას არ უხსენებია საქართველო და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ამას არც მოელოდა, მაგრამ, რადგანაც მის გამოსვლაში რამდენიმე ადგილას (სხვადასხვა კონტექსტში) ნახსენები იყო უკრაინა, ზოგიერთმა ექსპერტმა იქვე საქართველოს ხსენების საჭიროებაც დაინახა. არის თუ არა ეს კიდევ ერთი ნიშანი საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის გაქრობისა, რის გარშემო დისკუსიაც გასული წლის სექტემბრის ბოლოს გაეროს გენასამბლეის სესიის ფარგლებშიც გააქტიურდა?

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა დედამიწაზე. შეიარაღებულ ძალებზე ჩვენ ვხარჯავთ მეტს, ვიდრე შემდეგი რვა ქვეყანა, ერთად აღებული. ჩვენი შეიარაღებული ძალები საუკეთესოა მსოფლიოს ისტორიაში. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს თავდასხმას ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე, რადგანაც იციან, რომ ეს იქნება გზა დაღუპვისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს, როცა ის აშშ-ის კონგრესის წინაშე ბოლო, შემაჯამებელი, სიტყვით წარდგა. პრეზიდენტი ამაყია, რომ, გამოკვლევების თანახმად, მის ხელში შეერთებულმა შტატებმა, როგორც ლიდერმა მსოფლიოში, კიდევ უფრო აქტიური პოზიციები მოიპოვა და, თუკი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხია გადასაწყვეტი, ყველა იყურება ამერიკისკენ და არა რუსეთისა ან ჩინეთისკენ.

როცა ჩვენ ვეხმარებით უკრაინის დემოკრატიას ანდა კოლუმბიას მრავალწლიანი ომის პრობლემის მოგვარებაში, ეს აძლიერებს საერთაშორისო წესრიგს, რაზეც ჩვენც ვართ დამოკიდებული...
ბარაკ ობამა

ძირითად პრიორიტეტად ბარაკ ობამა ამერიკელი ხალხის დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლას ასახელებს, საგარეო დახმარებას კი ის განიხილავს არა გულმოწყალებად, არამედ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად. „როცა ჩვენ ვეხმარებით უკრაინის დემოკრატიას ანდა კოლუმბიას მრავალწლიანი ომის პრობლემის მოგვარებაში, ეს აძლიერებს საერთაშორისო წესრიგს, რაზეც ჩვენც ვართ დამოკიდებული. როცა ჩვენ ვეხმარებით აფრიკის ქვეყნებს თავიანთი ხალხის დაპურებასა და ავადმყოფების მკურნალობაში, ეს არის პრევენცია იმისათვის, რომ მომდევნო პანდემიამ ვეღარ მოაღწიოს ჩვენს სანაპირომდე“, – მაგალითად, ერთგან ასე განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ და უკრაინა თავის გამოსვლაში სხვაგანაც ახსენა, ამჯერად სირიასთან ერთად, რუსეთის მიერ ზეგავლენის სფეროების შენარჩუნების კონტექსტში:

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა უმცირდება, რუსეთი მაინც განაგრძობს რესურსების ხარჯვას უკრაინასა და სირიაში, რომლებიც რუსეთის თვალწინ გადიან მისი ორბიტიდან“.

იქ, სადაც უკრაინა ახსენა, ბარაკ ობამას აუცილებლად უნდა ეხსენებინა საქართველოც, – უთხრა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ჩიტაძემ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ, ასეთი მოლოდინის თვალსაზრისით, ის უმცირესობაში აღმოჩნდა:

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვეხსენებინეთ, ბუნებრივია, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამერიკას აქვს თავისი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველო უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს და მდებარეობს ძალზედ ახლოს ირანთან, ანუ ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან - მით უმეტეს, როდესაც საქართველო იმყოფება ომის მდგომარეობაში რუსეთთან“.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მწვავე ფაზა უკვე გასულია, ბარაკ ობამასგან,კონგრესში გამოსვლისას საქართველოს ხსენებას არც მოელოდა „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. ანალიტიკოსისთვის ცხადია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება მხოლოდ მწვავე საკითხებზე გაამახვილა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო უმნიშვნელოა სტრატეგიული პარტნიორისთვის – შეერთებულ შტატებისთვის.

„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირების საკითხი ჩამცხრალია და მისი აქტუალობა, ასე ვთქვათ, მთლიანობაში, ახლა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ბევრად უფრო აქტუალური გახდა უკრაინა, იმიტომ რომ უკრაინის საკითხი უკავშირდება მთელი რეგიონის სტაბილურობას... და სირიას, რა თქმა უნდა, რომელიც გლობალური სტაბილურობის საკითხია“, – უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ, კახა გოგოლაშვილის დაკვირვებით, საქართველოს საკითხი უკვე კარგა ხანია თანდათან სუსტდება საერთაშორისო დღის წესრიგში და საერთაშორისო „რადარებიდან“ გაქრობის შიშსაც აქვს თავისი საფუძველი, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რაც უფრო მწვავდება ვითარება საერთაშორისო ასპარეზზე, მით უფრო ძნელდება საქართველოს საკითხისთვის აქტუალურობის შენარჩუნება.

თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვასილ კაჭარავასთვისაც ნათელია, რომ პრეზიდენტმა ობამამ სამშაბათის გამოსვლაში მხოლოდ ცხელი წერტილები ახსენა, სადაც რუსეთის აგრესია მწვავე ფაზაშია და, შესაბამისად, მათ რიცხვში ვერ მოხვდა საქართველო, მაგრამ ანალიტიკოსი მაინც თვლის, რომ საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოს საკითხის შესანარჩუნებლად ქართულ დიპლომატიას უფრო მეტად გააქტიურება მართებს, რადგანაც რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს თავის გეგმებს და გრძელდება რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი...
გიორგი კვირიკაშვილი

დისკუსია საერთაშორისო „რადარებიდან“ საქართველოს საკითხის გაქრობის თაობაზე გასული წლის შემოდგომაზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 28 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეის 70-ე სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ არ ახსენა საქართველო, როცა მან უკრაინის პრობლემატიკასა და რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკა. ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს ყველაფერი მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას – რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობას - დააბრალა. მათი ლოგიკით, როცა ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს რუსეთი, არ კეთდება მწვავე განცხადებები მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს პრობლემატიკაც თანდათან ფერმკრთალდება საერთაშორისო დღის წესრიგში.

საქართველოს პრობლემატიკის „რადარებიდან გაქრობის“ შესახებ შეფასება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც მასპინძელმა მოდერატორმა (ანალიტიკოსმა ტომას გრემმა) თითქმის იგივე თქვა თავის შესავალ სიტყვაში. ამ ფაქტების კვალდაკვალ საქართველოს თემატიკის გააქტუალურების პირობა დადო ასევე ნიუ-იორკში მყოფმა იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც აწ უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.

"მინდა გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი", – განაცხადა მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG