Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: სანამ ბირთვული იარაღი არსებობს, უსაფრთხოდ, მართლაც, ვერ ვიქნებით


ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან

ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან

გერმანიის დედაქალაქში, ბერლინის გულში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს სიტყვა წარმოთქვა. ჭიშკართან გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტების მნიშვნელოვან განცხადებებს უკავშირდება. ბარაკ ობამას დღევანდელ გამოსვლასაც, ცხადია, ისტორიული ფონი აძლიერებს. აქ, მაშინ გაყოფილი ბერლინის ცენტრში, 50 წლის წინ წარმოთქვა ჯონ კენედიმ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მე ბერლინელი ვარო: „ორი ათასი წლის წინ ყველაზე საამაყო იყო გეთქვა, „რომის მოქალაქე ვარო“. ახლა, თავისუფლების ეპოქაში, ყველაზე საამაყოა თქვა - „მე ბერლინელი ვარ“, განაცხადა მაშინ კენედიმ. მას მერე ბევრი დრო გავიდა და უკვე რონალდ რეიგანმა, ასევე ყოფილმა პრეზიდენტმა, იმავე ადგილას წარმოთქვა სიტყვები, რომლებსაც მოჰყვა ამ კედლის - ბერლინის კედლის - დაცემა. რეიგანმა საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხაილ გორბაჩოვს, მიმართა იქიდან: „გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კეთილდღეობა თუ გსურთ, თუ ლიბერალიზაციას ესწრაფვით, მოდით ამ ჭიშკართან! ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს ჭიშკარი, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“. რეიგანს მოჰყვა ბილ კლინტონი, რომელმაც გერმანიას მარადიული მხარდაჭერა აღუთქვა.

ეს იყო წარსულში. ბერლინის კედელი აღარ არსებობს, საბჭოთა კავშირი დაიშალა. დღეს პრობლემაა ბირთვული იარაღი, ამ იარაღის გავრცელება, კონტრტერორიზმი, კონფლიქტების მოგვარება და დემოკრატიის პროპაგანდა, ისევე როგორც ბუნება, მისი დაცვა, ჰავის ცვლილება. მოელოდნენ, რომ სწორედ ამ საკითხებზე ილაპარაკებდა ობამა ბერლინში. თვითონ ბარაკ ობამა პირველად არ გამოსულა აქ. 2008 წელს მან ბერლინში, მაშინაც ღია ცის ქვეშ, სადაც ათეულათასობით ადამიანი მივიდა, სიტყვა წარმოთქვა როგორც საპრეზიდენტო კარნდიდატმა. 19 ივნისს მისი გამოსვლა უკვე სხვა ხასიათის იყო თუნდაც იმიტომ, რომ მასები არ ესწრებოდნენ, როცა ობამა გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს ბირთვული ქობინების რაოდენობა კიდევ მესამედითო:
ოფიციალური სტუმრები ბრანდენბურგის ჭიშკართან

ოფიციალური სტუმრები ბრანდენბურგის ჭიშკართან


„ჩემთვის ცხადია, რომ ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება, ძლიერი და სანდო სტრატეგიული შემაკავებელი შევინარჩუნოთ და, ამავდროულად, ჩვენი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სტრატეგიული ბირთვული იარაღი ერთი მესამედით შევამციროთ. ვაპირებ შევეცადო ამ შემცირების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას, რათა თავი დავაღწიოთ ცივი ომის დროინდელ მდგომარეობას“.

ამ წინადადების თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის არსენალები 1000 ერთეულით შემცირდება. იქვე ობამამ განაცხადა, რომ სურს აშშ-ისა და რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემცირება ევროპაში. რუსეთის აზრი შემცირებაზე ასეთია: პრეზდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს უწონასწორობას სტრატეგიული ბირთვული შეკავების სფეროში. პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რუსეთისა და აშშ-ის გარდა, ბირთვულ განიარაღებაში უნდა მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთო. ობამას ყველგან უსმენდნენ, მაგრამ საკუთრივ ჭიშკართან მხოლოდ ოფიციალური სტუმრები მიიწვიეს. მათი რიცხვი ოთხი ათასამდე იყო.
XS
SM
MD
LG