Accessibility links

logo-print

საქართველოს მანდარინის წარმოების შესაძლებლობები


ფერმერი ემზარ რომანაძე მანდარინის პლანტაციაში

ფერმერი ემზარ რომანაძე მანდარინის პლანტაციაში

საქართველოში ამჟამად ყოველწლიურად საშუალოდ 60 ათასი ტონა მანდარინის მოსავალი მოდის და ის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ამ სფეროში დასაქმებულ ფერმერებს მოსავლიანობის გაზრდაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” პროექტი ეხმარება.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” პროექტის ყურადღება მანდარინის წარმოებამ თავისი საექსპორტო პოტენციალით მიიპყრო. აღმოჩნდა, რომ ქართული მანდარინი თავისი თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება იტალიურ თუ ესპანურ ანალოგებს, თუმცა, ამ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მანდარინის მოსავლიანობა ძალიან დაბალია. საქართველოში, აფხაზეთის გარდა, მანდარინის პლანტაციები სულ 10 ათას ჰექტარზეა გაშენებული და აქედან 8 ათასი აჭარაზე მოდის. სწორედ იქ ხორციელდება ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” პროექტი, რომელზეც მისი ერთ-ერთი კოორდინატორი, მამუკა გაჩეჩილაძე, საუბრობს:

”არ გამოგვითქვამს პრეტენზია, რომ დავეწიოთ ესპანეთს და გადავუსწროთ იტალიას მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, მაგრამ წლების განმავლობაში, რადგან რუსეთის ბაზარი დავკარგეთ ემბარგოს შემდეგ, ამ დარგმა დაიწყო უკან სვლა. ნელ-ნელა რომ აღვადგინოთ, ფერმერს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, პირველ რიგში, ისწავლოს, როგორ გამოიყენოს ძალიან მარტივი ტექნოლოგიები მოსავლიანობის და, რაც მთავარია, ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით.”

ამ ახალი ტექნოლოგიების ფერმერებისთვის გადასაცემად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” წარმომადგენლებმა რამდენიმე სასწავლო ბაღი შეარჩიეს.

მანდარინის პლანტაცია, რომელშიც მე ვიმყოფებოდი, ბათუმის აეროპორტის მახლობლადაა გაშენებული და წლების მანძილზე არაფრით გამოირჩეოდა მეზობლად მდებარე ბაღებისგან. ახლა, ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ბაღის მაგალითზე, 800-ზე მეტი აჭარელი ფერმერი მანდარინის მოვლის ახალ ტექნოლოგიას ეუფლება. ფერმერთა 30 კაციან ჯგუფებს ორ-ორი მასწავლებელი ჰყავთ. მათ შორისაა შოთა ლამპარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

შოთა ლამპარაძე

შოთა ლამპარაძე

”მანდარინის წარმოების ტექნოლოგიის ტრენინგების სწავლება ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, პირველ რიგში, მანდარინის გასხვლა, შემდეგ მანდარინის ბაღში ნიადაგის საფარის დამუშავება დაბარვისა და კულტივაციის გარეშე...”

ამ ახალი მეთოდებით მანდარინის პლანტაციის მოვლა-ექპლუატაციას ეჭვის თვალით უყურებდა ფერმერთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ვინც გარისკა, შედეგით კმაყოფილია. მათ შორისაა ფერმერი ემზარ რომანაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვადან. მისი თქმით, ნახევარ ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ბაღში ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 ტონა მანდარინს კრეფს, რომლის მესამედი, ცოტა მეტიც, რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი, არასტანდარტული ნაყოფი იყო.

”ამდენი მოსავალი რომ მოდიოდა, მარტო მე ვერ ვკრეფდი და დამხმარე მუშისთვის ფული უნდა მიმეცა. ბოლოს ვიფიქრე, შევეშვები-მეთქი, რადგან თავის ხარჯს ვერ ფარავდა.”

ამ ტექნოლოგიებით, დარწმუნებული ვართ, არასტანდარტულის რაოდენობა შემცირდება და მოსავლიანობა გაიზრდება სტანდარტულის ხარჯზე ...
ემზარ რომანაძის განცხადებით, შარშან სტანდარტული მანდარინის რეალიზება თითქმის 2 ლარად მოახერხა, მაშინ როდესაც არასტანდარტული 10 თეთრი ღირს, რაც მხოლოდ ნაყოფის დაკრეფის ხარჯებს ფარავს. ბაღის შენარჩუნება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც USAID-ის ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” კონსულტაციების შედეგად მოსავლის მისაღებად საჭირო ხარჯების შემცირება და სტანდარტული ნაყოფის რაოდენობის გაზრდა მოხერხდა. ახლა მისი ბაღი ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” პროგრამის სასწავლო ნაკვეთია და მის მაგალითზე სხვა ფერმერები სწავლობენ მანდარინის ახლებურ მოვლას. ”მანდარინის წარმოების სასწავლო პროგრამის” წარმომადგენელს, გურამ მემარნეს, იმედი აქვს, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არასტანდარტული ნაყოფის რაოდენობა 15-10 პროცენტამდე შემცირდება:

”ამ ტექნოლოგიებით, დარწმუნებული ვართ, არასტანდარტულის რაოდენობა შემცირდება და მოსავლიანობა გაიზრდება სტანდარტულის ხარჯზე. სტანდარტული ახალ წლამდე ერთი გრამიც არ დარჩება რეალიზაციის გარეშე.”

მანდარინის სასწავლო პლანტაცია ბათუმში

მანდარინის სასწავლო პლანტაცია ბათუმში

გურამ მემარნე და მისი კოლეგები აჭარელ ფერმერებს, ძველი ბაღების ახლებური მოვლის გარდა, კონსულტაციას უწევენ შხამქიმიკატებისა და ახალი ჯიშების მოშენების შესახებაც.

უკვე მომავალი წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგილზე მოყვანილ ნერგებს თვითღირებულების ფასად გადასცემს ფერმერებს. ეს კი გადაბერებული პლანტაციების განახლების საშუალებას იძლევა. ასევე მუშაობენ სამაცივრე მეურნეობის მოწყობაზეც და იმედოვნებენ, რომ 800-ზე მეტი ფერმერის გადამზადების შემდეგ მანდარინის საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება.
XS
SM
MD
LG