Accessibility links

ბათუმში მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაშავდა ოცდაათზე მეტი პირი


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში მოათავსეს 30-ზე მეტი პირი. დაშავებულთა შორის რამდენიმე პოლიციელია. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეთა ჯგუფი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ ექვსი პირის გათავისუფლება მოითხოვა, ვინც პოლიციამ, მათი თქმით, უკანონოდ დააკავა.

მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს თვითმხილველთა მონათხრობი, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციამ მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმა რამდენიმე მოქალაქე, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელთა დაკავება მოჰყვა.

მათი დაკავებიდან სულ მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა გათავისუფლებისა და აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომისკენ. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციის უფროსი გორელია და ადგილობრივ მოსახლეობას „თათრებად“ მოხსენიებით შეურაცხყოფას აყენებს.

აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას. აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ბათუმში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა ძალადობის შეწყვეტა და, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ექვსი დაკავებული პირის გათავისუფლების თაობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG