Accessibility links

logo-print

საქართველოში, ალბათ, არცთუ ხშირად დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენად დასაშვებია მოზარდების, 17 წლამდე ახალგაზრდების, შრომა და რა ტიპის საქმიანობაში შეიძლება მათი ჩართვა ოფიციალურად. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის საკმაოდ მაღალი შეგრძნებაა, რასაც NDI-ს ბოლო კვლევებიც აჩვენებს, ალბათ, ბევრს არ აქვს ფუფუნება 17 წლამდე არ იმუშაოს და/ან იმუშაოს მხოლოდ იქ, სადაც ამ ასაკს კანონით შეესაბამება.

2015 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის მიზანი იყო ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზებისა და შედეგების შეფასება.

კვლევა ემყარება გაერთიანებული ერების კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებს ბავშვთა შრომის აკრძალვისა და აღმოფხვრის შესახებ.

ბავშვთა შრომა შეიცავს 5-17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც გაეროს ზემოაღნიშნული კონვენციებისა და ეროვნული კანონმდებლობის მიერ დაშვებული არ არის. ბავშვთა შრომის განმსაზღვრელი ფაქტორებია ბავშვის ასაკი, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, სამუშაო საათების ხანგრძლივობა და პირობები, რომელშიც სამუშაო სრულდება.

საქართველოში მასშტაბური კვლევის გარეშე გავრცელებული მონაცემი მიუთითებდა იმაზე, რომ ბავშვთა შრომის არამიზნობრივად გამოყენება ქვეყანაში 20 პროცენტს აღემატებოდა. დღეს სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ოფიციალური კვლევები ასეთ მასშტაბს არ ადასტურებს, კერძოდ:

ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩატარებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით, რომლის საფუძველზე მსგავსი კვლევები ათეულობით ქვეყანაში ტარდება. კვლევამ, დაახლოებით, 7 700 შინამეურნეობა მოიცვა, რომელშიც 5-17 წლის ასაკის ბავშვი ცხოვრობს. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2 %-ია ჩართული. ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა გოგონების რაოდენობას, დაახლოებით, 3-ჯერ აღემატება.

კვლევის საკმაოდ საინტერესო შედეგია ის, რომ, მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში 5-17 წლის ბავშვთა 5.8 %-ია ჩართული. ქალაქის ტიპის დასახლებებში -1.6 %, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობით ბავშვთა 11.4 %. -ია დაკავებული.

ცხადია, საინტერესო იქნებოდა ამ ეკონომიკური საქმიანობის შინაარსის დეტალური ანალიზი, რაც მოგვცემდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ბავშვთა რა ტიპის შესაძლებლობები გამოიყენება ამ დროს და რამდენად ემსახურება ეს მათ შემდგომ პროფესიულ ზრდას და არა, უბრალოდ, ექსპლუატაციას. თუმცა ამ ეტაპისთვის სტატისტიკოსებს მეტი დეტალები კვლევის შესახებ არ გაუმჟღავნებიათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG