Accessibility links

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის პირველი ცენტრი


ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის პირველი ცენტრის პროექტი

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის პირველი ცენტრის პროექტი

საქართველოში 2016 წელს პირველი ჰოსპისი აშენდება. ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა ჰოსპისი“, რამდენიმე ბიზნესკომპანიისა და კერძო ბიზნესმენის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, ამ თემაზე 2013 წლიდან მუშაობენ. რატომ გახდა საჭირო პალიატიური მზრუნველობის ბავშვთა ცენტრის აშენება და რას გეგმავენ ორგანიზატორები?

ბავშვთა პალიატიური ცენტრი არის დაწესებულება/სახლი უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისათვის. გეგმის მიხედვით, ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისათვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვებსა და მშობლებს დილიდან საღამომდე მოემსახურებიან და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბენეფიციარებს სახლში მოემსახურება.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ბავშვთა ჰოსპისის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგანაც, როგორც კვლევამ აჩვენა, პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს სჭირდება:

ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილი

„შეიძლება ითქვას, რომ ამ თემისადმი დამოკიდებულება უკვე შეიცვალა საქართველოში. ზოგი მშობელი იმასაც კი ამბობს, რომ ადრე საერთოდ რცხვენოდა საზოგადოებაში იმის აღიარების, რომ მძიმედ დაავადებული ბავშვი ჰყავდა. დღეს თითოეული მათგანი მზად არის, რომ მიგიღოს ოჯახში, ასეთ ცენტრში მოიყვანოს ბავშვი და ისწავლოს, როგორ მოუაროს თავის ბავშვს უკეთ“.

ამ თემაზე კვლევა 2013 წელს ჩატარდა. როგორც ქეთი ხუციშვილი ამბობს, სწორედ ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვთა ჰოსპისის აშენება აუცილებელია. პროექტის განსახორციელებლად თანხა საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ გამოყვეს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 2015 წლის ივლისში მშენებლობა დაწყებულიყო.

ეს ადამიანები ხომ წლების მანძილზე ასეთ რუტინაში და ფსიქოლოგიურ სტრესში არიან. ეს იქნება მათი სოციალური, ფიზიკური დახმარება და აუცილებლად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა ჰოსპისი“ ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის კუთხით უკვე მუშაობს, თუმცა ისინი ბენეფიციარებს ჯერ მხოლოდ სახლში ემსახურებიან. ორგანიზაციის კლინიკური ხელმძღვანელი ნინო კაციტაძე ამბობს, რომ დიდი ჰოსპისის აშენების შემდეგ ისინი უფრო მეტის გაკეთებასაც შეძლებენ:

„ეს იქნება, გარკვეულწილად, მშობლების მხარდაჭერა და მათი დასვენებაც. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პალიატიური მზრუნველობის დროს. ეს ადამიანები ხომ წლების მანძილზე ასეთ რუტინაში და ფსიქოლოგიურ სტრესში არიან. ეს იქნება მათი სოციალური, ფიზიკური დახმარება და აუცილებლად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“.

პალიატიური მზრუნველობის ცენტრები საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ისინი მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ემსახურება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის პირველი ცენტრის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება და ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურება აქ უფასო იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG