Accessibility links

logo-print

ბავშვთა პერსონალური მონაცემები სასჯელაღსრულების სისტემაში - სტიგმის მიზეზი?


პატიმრობის კოდექსისა თუ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანალიზის შედეგად, ირკვევა, რომ დღესდღეობით, პენიტენციარულ და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ იმ პირებს ან ორგანოებს, რომლებსაც არა აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მათ მიმართ ზეწოლის, მუქარისა თუ შანტაჟის მიზნით, - ასე ფიქრობენ ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ წარმომადგენლები, რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა პირადი მონაცემების თაობაზე გამოკვლევა ჩაატარეს.

ტატო ქელბაქიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ხელმძღვანელი და გამოკვლევის ავტორია. თუკი მის მიერ ჩატარებულ კანონმდებლობის ანალიზს დავეყრდნობით, პენიტენციარულ და პრობაციის სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვანის მიმართ საქმის წარმოების, მის შესახებ არსებული მონაცემების რეგისტრაციის, შენახვის, გაცვლის, გაცნობისა და განადგურების წესი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არღვევს გაეროს უფლებათა კონვენციისა თუ ევროსაბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს პენიტენციარულ სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მაგალითად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, „დოსიეში არსებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ამის კანონიერი უფლება აქვთ და მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც აუცილებელია ინფორმაციის გამომთხოვი ორგანოს მიერ დავალების შესრულებისთვის“. ეს არის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ტატო ქელბაქიანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მიმართულებით, მისი თქმით, ქართულ სინამდვილეში არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვინ ეცნობა ბავშვის შესახებ მონაცემებს, ჩვენ საერთოდ ვერ ვგებულობთ, რადგან სისტემას აქვს საკმაოდ მანკიერი ინსტიტუციური კულტურა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პენიტენციარული სისტემის პოლიციური მეთოდებით მართვა არ შეიძლება. ამ ადამიანებს გადამზადება არ გაუვლიათ, რადგან კანონმდებლობით ამის სავალდებულო მოთხოვნა არ არის და შესაძლოა ეს მონაცემები -მაგალითად, ფსიქოლოგიური დასკვნა და ა.შ. - გამოიყენონ სულ სხვა მიზნით - შანტაჟის ან არასწორი იარლიყის მიწებების და ა.შ. შესაძლოა ამ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს სხვადასხვა უწყებებს შორის, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციას. სამწუხაროდ, ნარჩუნდება პოლიციური სტილის მმართველობა და ამ კუთხით ცვლილებები არ არის“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება მონაცემთა განადგურების საკითხს. როგორც რეკომენდაციათა ნუსხაში ვკითხულობთ, „საზოგადოებრივი სანქციის ან ზომის ვადის გასვლის შემდეგ დოსიე უნდა განადგურდეს ან გადაეცეს არქივს, სადაც მოქმედებს წესები მათი შინაარსის მესამე პირებისათვის არგაცემის გარანტიების შესახებ“. ტატო ქელბაქიანი პენიტენციარულ სისტემაში არსებული არასრულწლოვანთა მონაცემების განადგურების ქართული პრაქტიკის თაობაზე ამბობს:

„ჯერ ერთი, რომ არქივში საერთოდ არ არის მონაცემთა შენახვის და გაცნობის წესი დარეგულირებული. ამ პერსონალურ მონაცემებს ათი წლის მერეც შესაძლოა გაეცნონ ისეთი პირები, რომლებსაც არც ცოდნა აქვთ, არც გამოყენება იციან ამისი და, ზოგადად, არ არის მიზანშეწონილი 10 წლის მერე ვინმემ იცოდეს, რომ მოზარდი არასრულწლოვნობის პერიოდში იყო კანონთან კონფლიქტში. ერთხელ დამნაშავე არ ნიშნავს მთელი ცხოვრების მანძილზე დამნაშავეს“.

ტატო ქელბაქიანის აზრით, კანონმდებლობის დონეზე უნდა გაიწეროს მონაცემებზე მუშაობის სავალდებულო ნორმები, უნდა გამოიყოს იმ პირთა ჯგუფები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ და მხოლოდ მათ ექნებათ არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემების გაცნობის უფლებამოსილება.

„პენიტენციარულ სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების მონაცემების არასწორი ფორმით გამოყენებამ ან გაუმართლებელმა გასაჯაროებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის სტიგმატიზაცია, რაც პირდაპირი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებაში ეფექტური ინტეგრაციისთვის“, - ამბობს ნინო ვახაშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი:

„კონფიდენციალურობა არის ის, რაც აგვაშორებს სტიგმას. და რა არის სტიგმა? ჩვენ ვიცით სოციალური იარლიყის თეორია, როდესაც თქვენ მე მიწოდებთ კრიმინალს, მე ამას ვიღებ და ასე მგონია, რომ უვარგისი ვარ, უცოდინარი ვარ და ა.შ. მით უმეტეს, ახალგაზრდა და ბავშვი. ამ იარლიყის, ამ სტიგმის მოსაშორებლად, კონფიდენციალურობის დასაცავად, სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ნამდვილად არ არის მარტივი“.

ეს თემა ფარდის მიღმაა დარჩენილი და საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის იმის თაობაზე, რომ პენიტენციარულ სისტემაში არასრულწლოვანთა შესახებ პირადი ინფორმაცია შესაძლოა სრულიად ღია და დაუცველი აღმოჩნდეს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის" დირექტორი. ის მიესალმება ამ თემის არასამთავრობო სექტორის მხრიდან გააქტიურებას და ამბობს, რომ მონაცემები ბავშვების თაობაზე განსაკუთრებულ დაცვას უნდა ექვემდებარებოდეს:

„იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე საკანონმდებლო თვალსაზრისით მოხდება ამ საკითხის დამუშავება და სათანადო რეგულაცია, რადგან ამჟამად, როგორც გამოკვლევაშიც ჩანს, ეს საკითხი არ არის სათანადოდ დარეგულირებული საკანონმდებლო დონეზე, რაც, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ქმნის ბევრ პრობლემას და ბავშვებს ტოვებს დაუცველს“.

ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ არ ლაპარაკობენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. თუმცა, როგორც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში იგეგმება პენიტენციარულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება.

XS
SM
MD
LG