Accessibility links

1 ივნისი, ბავშვთა საერთაშორისო დღე არაერთი გასართობი ღონისძიებით აღინიშნა, მათ შორის, პირველი ივნისი მიულოცეს სოციალურად დაუცველ ბავშვებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრმა სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებს ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა. რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას ბავშვთა საერთაშორისო დღეს უფლებადამცველები, იუნისეფისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები?

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვა, რეგიონებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფა, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის თაობაზეც როგორც ბავშვთა უფლებების დამცველები და ომბუდსმენი, ისე გაეროს ბავშვთა ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მიუთითებენ. მათ შორისაა ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წარმომადგენელი. თუმცა 1 ივნისს, მაშინ, როცა ხელისუფლების არაერთი წევრი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა თუ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა და მთელი დღის მანძილზე არაერთი ფერადბუშტებიანი ღონისძიება იმართებოდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ანა სულ სხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს: „ახალ ამბებს გავეცანი და დღეს არაერთი საჯარო მოხელე მივა და საჩუქრებს ან საჭმელს მიუტანს ბავშვებს. ეს ჩემთვის დამამცირებელია, რადგან საჭმელი, საჩუქარი და გართობა ბავშვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური უფლებაა. დღევანდელი დღის კონცეფციის საჭმელზე, გართობის საშუალებებსა და საჩუქარზე დაყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ იაფად გამოვდივართ. ბავშვთა უფლებები არ არის იაფად გამოსასვლელი საკითხი“, – მიაჩნია ანა არგანაშვილს.

„ბავშვს აქვს უფლება იცოდეს საკუთარი უფლებები“, – ეს ანა არგანაშვილის წლევანდელი საპირველივნისო გზავნილია. მისი სიტყვებით, როგორც საზოგადოების, ისე ინსტიტუციებისა თუ ხელისუფლების ამ უფლების უზრუნველსაყოფად გაერთიანებაა საჭირო: „უნდა დავიწყოთ სიტუაციის გაუმჯობესება იმით, რომ ბავშვები ჩავაყენოთ საქმის კურსში იმის შესახებ, თუ რა უნდა მოგვთხოვონ ჩვენ, უფროსებს. უნდა ვასწავლოთ მათ თავიანთი უფლებები იმისათვის, რომ უფროსებს მოგვთხოვონ პირობები მათი გადარჩენისთვის და მათი ცხოვრებისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ აქამდე, როგორც გვესმოდა ბავშვთა უფლებები, ეს იყო პატერნალისტური, ეგოისტური, ეს იყო ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

წელს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღის მთავარი მესიჯი გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ოჯახებისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებაა, რადგან ფონდის სპეციალური განცხადების თანახმად, სწორედ ძლიერი ოჯახი ნიშნავს ბავშვზე სათანადო ზრუნვას, ბავშვებისათვის ყველა შესაძლებლობის მიცემას, რომ განავითარონ საკუთარი პოტენციალი. მაია ქურციკიძე, იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელსაც ძლიერი ოჯახი უზრუნველყოფს, ეს ბავშვის მიტოვების პრევენციაა. სწორედ ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით: „რასაკვირველია, საჭიროა სიღარიბის შემცირება, სხვადასხვა ტიპის სოციალური თუ ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვებისა და ოჯახებისთვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი პრობლემების დაძლევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ფულადი დახმარებების დაწესება, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა და ა.შ.“, – ამბობს მაია ქურციკიძე.

ძალიან გავრცელებულია ძალადობრივი ფორმები, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. მე მინდა გითხრათ, რომ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც აღმოვაჩინეთ ძალადობის ფაქტები...

2014 წლის მონაცემების თანახად, საქართველოში ბავშვების 6% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელმა, 2011 წელთან შედარებით, მოიმატა კიდეც. ამჟამად, ბავშვები წარმოადგენენ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტს – 28%-ს. ბავშვიანი ოჯახის წევრები, ასევე შეადგენენ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა უმრავლესობას – 78%-ს. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა 64% ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი. სწორედ ამიტომ, მაია ქურციკიძის თქმით, იუნისეფის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით, 2015 წლის ივნისიდან ამოქმედდება სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ბავშვთა საჭიროებები – კერძოდ, შემოღებული იქნება ყოველ ბავშვზე 10-ლარიანი დანამატი, რომელსაც მიიღებს ყველა ოჯახი, მათ შორის, 65-100 ათასი ქულის ჩათვლით, თუნდაც იგი არ იყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები.

თუმცა, ცხადია, მხოლოდ სოციალური სიდუხჭირე არ წარმოადგენს საქართველოში ბავშვებთან მიმართებით არსებულ რეალობას: არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობა, სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, სხვა თემებთან ერთად, წელს სახალხო დამცველი, რომელიც სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია გედევანიშვილის თქმით, ის სავალალო სტატისტიკური მაჩვენებელია, რაც მიმდინარე წელს, დაფიქსირდა. უკანასკნელი თვეების მანძილზე, 11-დან 16 წლამდე ასაკის ხუთმა მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. მაია გედევანიშვილის აზრით, ამის მიზეზი ძალადობრივი გარემო და ბავშვებთან მომუშავე არაკვალიფიციური კადრებია: „ძალიან გავრცელებულია ძალადობრივი ფორმები, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. მე მინდა გითხრათ, რომ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც აღმოვაჩინეთ ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით, შშმ ბავშების მიმართ“, - ამბობს მაია გედევანიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ბავშვების თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტორების კვლევა დაიწყო. აპარატის წარმომადგენლები სწავლობენ იმ გარემოებებს, რამაც შესაძლოა, მოზარდების თვითმკვლელობამდე მიყვანა გამოიწვია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ომბუდსმენისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG