Accessibility links

logo-print

იუნისეფი: ”საქართველოში 77 ათასამდე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს”


ბავშვთა სიღარიბის შემცირების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია

ბავშვთა სიღარიბის შემცირების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია

18 ივლისს გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართა პრეზენტაცია სადისკუსიო დოკუმენტისა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიღარიბის შემცირებას ეხება. 2009-დან 2011 წლამდე ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობამ 28-დან 25 პროცენტამდე იკლო, თუმცა, დოკუმენტის ავტორთა თქმით, მიუხედავად მცირედ გაუმჯობესებული მდგომარეობისა, მაინც ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში. სწორედ ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

28 წლის ბელას ორი შვილი ჰყავს - 10 თვის ვახტანგი და 5 წლის ნიკოლოზი. უკვე წლებია ქუჩაში მოწყალებას თხოულობს. ახლაც უმცროსი შვილი უწევს კალთაში და პატარა ხის სკამზე ზის. ხელში ერთჯერადი ჭიქა უჭირავს. ვახტანგს სძინავს. უფროსი შვილი, ნიკოლოზი, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს:

”შაბათ-კვირას გამომყავს ხოლმე. ვაგროვებ ფულს და ხან კანფეტს ვყიდულობ მისთვის, ხან რას და ხან რას. დედობილი კი ყიდულობს ყველაფერს, მაგრამ მაინც დედა ვარ და ჩემგანაც ხომ უნდა ყურადღება. ქმარი არ მუშაობს. დევნილების დახმარებას ვღებულობ და კიდევ რაღაც პოლისები მაქვს. დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა. ბებია-ბაბუამ გამზარდა. ბაბუაჩემმა სკოლაში არ შემიყვანა და წერა-კითხვა მიჭირს. ზამთარსაც და ზაფხულსაც ასე ქუჩაში ვატარებ, მოწყალებას ვთხოულობ”, - ამბობს ბელა.

”სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, დარჩება ამავე მდგომარეობაში მთელი ცხოვრების მანძილზე”, - ეს არის ამონარიდი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შესახებ შექმნილი სადისკუსიო დოკუმენტიდან. ეს ფრაზა ზედმიწევნით ასახავს ბელას ამჟამინდელ მდგომარეობას. ისევე როგორც მისი შვილები, ისიც სოციალურად დაუცველ ოჯახში დაიბადა. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ სიღარიბემ ადრეულ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს შემეცნებითი და ფიზიკური განვითარების ხარვეზები, რაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება და ბავშვებს სამუდამოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებს.
ჩვენ არაერთი სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოვადგინეთ, რომელიც ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად. და ვიმედოვნებთ, რომ გაიმართება არაერთი განხილვა იმ ოჯახების საჭიროებების შესახებ, რომლებსაც შვილები ჰყავთ და რომლებმაც სიღარიბე უნდა დაძლიონ...

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილი დოკუმენტის ავტორები წერენ, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში 2009-2011 წლებში ბავშვთა სიღრიბემ იკლო, თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, 2011 წელს ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა კვლავაც უფრო მაღალია, სხვა ჯგუფებთან შედარებით. დოკუმენტის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება იმ ოჯახებში, რომელთაც მეტი ბავშვი ჰყავთ. როგორც გაეროს ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი აარონ გრინბერგი ამბობს, საქართველოში 77 ათასამდე ბავშვი კვლავაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მისი თქმით, საქართველოში რეფორმების გატარების მიუხედავად, რამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, ამ ზრდის სარგებელი თანაბრად არ ნაწილდება და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები სათანადოდ ვერ მოიცავს ბავშვებს:

"ჩვენ არაერთი სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოვადგინეთ, რომელიც ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად. და ვიმედოვნებთ, რომ გაიმართება არაერთი განხილვა იმ ოჯახების საჭიროებების შესახებ, რომლებსაც შვილები ჰყავთ და რომლებმაც სიღარიბე უნდა დაძლიონ", - ამბობს აარონ გრინბერგი.
სიღარიბე არღვევს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე. ირღვევა ბავშის ნორმალურ გარემოში განვითარების უფლება ...

გაეროს ბავშვთა ფონდის სადისკუსიო დოკუმენტის ავტორები საქართველოში ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად ხელისუფლებისათვის რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ. მათ შორის უპირველესია მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდა და ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება. როგორც ისინი მიუთითებენ, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარება ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარს, თითოეულ დამატებით წევრზე კი 24 ლარს შეადგენს. ბავშვებში სიღარიბის დაძლევის ვარიანტებად კი ისინი ამ თანხების ან 50, ან 100 პროცენტით გაზრდას განიხილავენ. როგორც ისინი აცხადებენ, 100-პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში, ყოველი მეხუთე ბავშვი დააღწევს თავს უკიდურეს სიღარიბეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები 18 ივლისს მოისმინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ბავშვთა ფონდის რომელ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება სიღარიბის დასაძლევად, თუმცა ის კი თქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ახალი პროგრამა ”მეტი სარგებელი ხალხს” სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა. მისივე თქმით, სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო დაზღვევის პოლისების გაცემას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გაიცემა როგორც საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის, ასევე 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისთვის:
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი


”გამოკვლევაში ძალიან კარგად არის მითითებული, რომ მეტი ყურადღება სჭირდება იმ ოჯახებს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და, ბუნებრივია, ჩვენ იუნისეფთან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად დავგეგმავთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც სწორედ ასეთ ოჯახებს დაეხმარება”, - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

”სიღარიბე არღვევს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე. ირღვევა ბავშის ნორმალურ გარემოში განვითარების უფლება”, - ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლებამ სერიოზული ცვლილებები განახორციელა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, ეს საკმარისი არ არის.
გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში


”მე, როგორც სახალხო დამცველს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს ღონისძიებები პრევენციის კუთხით და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ისეთი ღონისძიებების საჭიროება, რომლებიც გულისხმობს უკვე დამდგარი შედეგის ლიკვიდაციას”, - ამბობს სახალხო დამცველი.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის დოკუმენტშია მითითებული, თუკი ქვეყანაში პენსიების დაგეგმილ ზრდას დაემატება ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება, მათი პროგნოზით, ბავშვთა თითქმის 60 პროცენტი დააღწევს თავს უკიდურეს სიღარიბეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG