Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა უფლებები მაღალმთიან რეგიონებში და სხვა პრობლემები


24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისის ბავშვთა უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით განხორციელებული ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი, არასრუწლოვანთა დაწესებულებებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და განათლებაზე - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებიც გასული ერთი წლის ანგარიშში მოხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრი ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგისას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სტანდარტებით იხელმძღვანელებს - ეს განცხადება 24 დეკემბერს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გააკეთა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესწავლის კუთხით ჩატარებული საქმიანობა შეაჯამეს. პაატა ბელთაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, ბავშვთა დაცვის კუთხით, საქართველოში კვლავაც ბევრი გამოწვევაა, მათ შორის, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სიღარიბე, არასრულწლოვანთა დაწესებულებებში არსებული ვითარება თუ სხვა:

„სახელმწიფოს, ბავშვთა დაცვის კონვენციის მიხედვით, აღებული აქვს პოზიტიური ვალდებულება იმისა, რომ ყველა ბავშვისთვის შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც მისი ჰარმონიული განვითარებისთვის არის საჭირო, რაც უზრუნველყოფს ბავშვთა ხელმისაწვდომობას განათლებაზე. სამწუხაროდ, ეს დღემდე გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში და, განსაკუთრებით, მის მაღალმთიან რეგიონეში. გადაუჭრელ პრობლემად რჩება სიღარიბეც. ოფიციალური მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში 77 000 -მდე ბავშვი ცხოვრობს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა“.

ჩვენ იქ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თავისი საქმის პროფესიონალი მუშაობს ადგილზე და საქმესაც კარგად ართმევს თავს, მაღალმთიან რეგიონებს მიხედვა სჭირდება და ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ იქ მოსახლეობა შევინარჩუნოთ...
მაია გედევანიშვილი
ომბუდსმენის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გამოიკვეთა მაღალმთიან რეგიონებში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღემდე მოსაგვარებელია. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა მაღალმთიან რეგიონებში განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. ბავშვთა ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან აჭარაში, ახმეტის რაიონსა და პანკისის ხეობაში და ასევე ყაზბეგის რაიონში ამ მხრივ შექმნილ ვითარებას სწავლობდა. ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი ჩვენთან საუბრისას ამ რაიონებში არსებულ არაერთ სირთულეზე ლაპარაკობს:

„ჩვენ იქ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თავისი საქმის პროფესიონალი მუშაობს ადგილზე და საქმესაც კარგად ართმევს თავს, მაღალმთიან რეგიონებს მიხედვა სჭირდება და ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ იქ მოსახლეობა შევინარჩუნოთ. თუნდაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები გვთხოვდნენ, რომ მათ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, მეტი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება. მათ თანამედროვე ცოდნის მიღება სურთ“.

ორგანიზაცია “ევრიჩაილდის“ საქართველოს ფილიალის დირექტორის ანდრო დადიანის აზრით, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა შემდეგნაირად გადაწყდეს:

მე ისევ სიღარიბეს დავასახელებდი. როცა 77 000 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს ორ ლარზე ნაკლებს დღეში, ხოლო 200 000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს იმ პირობებში, როცა მას სამ ლარზე ნაკლები აქვს დღეში...
მაია ქურციკიძე
„ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი თანხა დაიზოგება, თუ ამ რეგიონებს ინტერნეტზე წვდომა ექნებათ და შეიქმნება რაიმე ცენტრი, საიდანაც მასწავლებელი ამ ბავშვებს თუნდაც ორი-სამი საათის განმავლობაში ვირტუალურად ამეცადინებს. უფრო იაფი დაჯდება. მე ასე მგონია, რომ რაღაც სკოლა-პანსიონების აშენებას არა აქვს არანაირი გამართლება. ჯობს მისცე კომპიუტერი, საწვავის ხარჯები გადაუხადო და ამ გზით დაეხმარო“.

„იუნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოში შესამჩნევია გარკვეული პროგრესი, თუმცა დიდია დღემდე გადაუჭრელ პრობლემათა ჩამონათვალიც:

„მე ისევ სიღარიბეს დავასახელებდი. როცა 77 000 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს ორ ლარზე ნაკლებს დღეში, ხოლო 200 000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს იმ პირობებში, როცა მას სამ ლარზე ნაკლები აქვს დღეში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვები ვერ მიიღებენ განათლებას, მათ არ ექნებათ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მათი პროდუქტიულობა სახელმწიფოსათვის დანაკარგია. ისინი ვერ იქცევიან იმ სამუშაო ძალად, რომელიც სახელმწიფოს მოგებას მოუტანს“.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ეკა სანებლიძე არ უარყოფს, რომ მაღალმთიან რაიონებს მათი გეოგრაფიული მდებარეობით განსაზღვრული სპეციფიკური პრობლემები დღემდე რჩებათ და ეს, ცხადია, იქ მცხოვრებ ბავშვებზეც ვრცელდება. არის სოფლები, სადაც - განსაკუთრებით, ზამთრობით - ჩასვლა და მონიტორინგის ჩატარება ვერ ხერხდება. ასეთ სოფლებში პრობლემაა განათლების მიღება. სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ფსიქოლოგი. ეკა სანებლიძე ამბობს, რომ სააგენტომ თითო ფსიქოლოგი დაიქირავა თითო რეგიონისათვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი მალე მოახდენს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატიური ოქმის - „კომუნიკაციის პროცედურების“ - რატიფიცირებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველას, ვინც ბავშვთა უფლებებს სახელმწიფოს მიერ შელახულად მიიჩნევს, ამ უფლებების აღსადგენად გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG