Accessibility links

logo-print

ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება


ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი თბილისში

ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი თბილისში

ეგრეთ წოდებული „ქუჩის ბავშვები“ თბილისის და არამარტო თბილისის ყოველდღიურობაა. ისინი განსაკუთრებით ხშირად გვხდებიან მეტროსა და ცენტრალურ ქუჩებში. ბავშვების ასაკი სხვადასხვაა, არიან ისეთებიც, რომელთაც ჯერ სიარული არ შეუძლიათ - ისინი ქუჩაში უმეთვალყურეოდ წვანან და წინ ხურდა ფულის ჩასაყრელი ჯამი უდგათ. ხშირად იქვე, ასფალტზე, უდევთ საჭმელიც. ხდება, რომ მათხოვრობენ ჩვილი ბავშვით ხელში, ხშირად ეს ჩვილი ათი-თორმეტი წლის ბავშვებსაც უჭირავთ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი კრაწაშვილი ამბობს, რომ ბავშვებისადმი ასეთი მოპყრობა სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს:

„არსებობს მშობლების ვალდებულებები შვილების მიმართ. ისინი ვალდებულები არიან იზრუნონ შვილების უფლებების რეალიზებისთვის. მშობელი, რომელსაც შვილისადმი ასეთი ამორალური დამოკიდებულება აქვს, ექვემდებარება მშობლის უფლების შეზღუდვას ან ამავე უფლების ჩამორთმევას“.

მისივე თქმით, მშობლის უფლების ჩამორთმევა ძალიან იშვიათად ხდება და სასამართლოს გადაწყვეტილებას საჭიროებს. უფრო ხშირია მშობლის უფლებების შეზღუდვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანი, გარკვეულწილად, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ უნდა მოექცეს.


საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს უფლება მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ეს ინსტიტუცია ვალდებულია მსგავს განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს. იურისტი ამბობს, რომ თავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოც უნდა ახორციელებდეს მონიტორინგს:

„თვითონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია, რადგან, ბიუჯეტიდან გამომდინარე, ბავშვთა სახლებში და თავშესაფრებში არ არის საკმარისი ადგილები, საკმარისი შესაძლებლობები... ამიტომ ყველა ბავშვთან დაკავშირებით ინიციატივის აღება უჭირთ, რაც არასწორია“.

საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის უფროსის, მაია გედევანიშვილის თქმით, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს მათი მონაცემთა ბაზა: რამდენი არიან, რა ასაკის, საშუალოდ რამდენი წელია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორი ჯანმრთელობა აქვთ და ა.შ. მისი სიტყვებით, არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს ბავშვებზე მზრუნველობის უფლებები ეზღუდებათ, თუმცა იშვიათად:

„ერთ დიდ ნაწილს ჰყავს მშობლები. ამ ბავშვების ოჯახები სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან. მშობლები თვითონ უშვებენ ბავშვს ქუჩაში, აიძულებენ იმათხოვრონ, რადგან ძალიან ხშირად ბავშვები გვეუბნებიან, რომ თუ ხუთი ლარი არ მიუტანა დედას, მან შეიძლება დასაჯოს ან სახლში არ შეუშვას და ა.შ...“

მაია გედევანიშვილის თქმით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ იყო საკმარისად ეფექტიანი საიმისოდ, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა.
მთავარი ბავშვების მხრიდან ნდობის ფაქტორის მოპოვება იქნება. ნდობის მოპოვების შემდეგ ფსიქოლოგები და სოცმუშაკები ნელ-ნელა დაიწყებენ ამ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მუშაობას. დღის ცენტრები ბავშვებს საშუალებას მისცემს ადაპტირება მოახდინონ გარემოსთან...

მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა მაჭავარიანი ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში ამოქმედდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომელიც სწორედ ქუჩაში მომუშავე თუ მცხოვრებ ბავშვებზეა ორიენტირებული. პროგრამა ითვალისწინებს დღის ცენტრებისა და ოცდაოთხსაათიანი ცენტრების გახსნას, სადაც მობილური ჯგუფები ბავშვებს ქუჩიდან მიიყვანენ:

„იმუშავებს მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექსებული იქნება ფსიქოლოგით და სოცმუშაკით. ისინი გავლენ იმ ადგილებში, სადაც ეს ბავშვები არიან თავმოყრილები. მთავარი ბავშვების მხრიდან ნდობის ფაქტორის მოპოვება იქნება. ნდობის მოპოვების შემდეგ ფსიქოლოგები და სოცმუშაკები ნელ-ნელა დაიწყებენ ამ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მუშაობას. დღის ცენტრები ბავშვებს საშუალებას მისცემს ადაპტირება მოახდინონ გარემოსთან და ჩვეულებრივ ყოფით პირობებთან ჰქონდეთ შეხება“.

მამუკა მაჭავარიანი ამბობს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო ახლაც ზრუნავს ეგრეთ წოდებულ "ქუჩის ბავშვებზე". არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს სასამართლოს მეშვეობით ბავშვზე მზრუნველობის უფლებაც შეუზღუდეს, თუმცა ის ვერ იხსენებს, კერძოდ, რამდენი შემთხვევა იყო ასეთი.

მამუკა მაჭავარიანის თქმით, ახლაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 და დატოვოს ინფორმაცია ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვის შესახებ, რის შემდეგაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სათანადო ზომებს მიიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG