Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC-ის კრიზისი


BBC
BBC
ოთხშაბათს, 14 ნოემბერს, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ - BBC-მ - პირველი მაუწყებლობიდან 90-ე წლისთავი იზეიმა.

მსოფლიოში ცნობილი მაუწყებლის პირველი რადიოგადაცემა ეთერში 1922 წლის 14 ნოემბერს გავიდა და მსმენელს მატარებლის გაძარცვისა და ლონდონში ძლიერი ნისლის შესახებ მოუთხრო.

თუმცა ბიბისი ამ იუბილეს მაინცდამაინც საზეიმო განწყობით არ შეხვედრია. ეს ავტორიტეტული და გავლენიანი კორპორაცია, რომელიც როგორც ბრიტანეთის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით მაუწყებლობს, დღეს მწვავე კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.

კრიტიკის საფუძველს ორი სხვადასხვა ამბავი ქმნის. ჯერ ერთი, როგორც ახლახან გაირკვა, ბიბისის ცნობილი სახე, საბავშვო გადაცემების წამყვანი და მთელი ბრიტანეთისთვის საყვარელი ფიგურა, აწ გარდაცვლილი ჯიმი სევილი პედოფილი ყოფილა და ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა, კორპორაცია კი ამას მალავდა. როგორც ირკვევა, ბიბისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადაცემის, „ნიუსნაითის“ სარედაქციო ჯგუფმა გასული წლის დეკემბერში გადაწყვიტა შეეწყვიტა ამ საქმის გამოძიება.

ახლახან კი ბიბისიმ სწორედ ამ გადაცემაში - „ნიუსნაითში“ - პედოფილიაში უდანაშაულო კაცს, კონსერვატორ პოლიტიკოს ალისტერ მაკალპაინს დასდო ბრალი. როცა გაირკვა, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო, პოსტიდან გადადგა ბიბისის გენერალური დირექტორი ჯორჯ ენტუისტლი.
თუ მეკითხებით, სჭირდება თუ არა ბიბისის დეტალური, სტრუქტურული, რადიკალური რეფორმა - დიახ, ეს მას ნამდვილად ესაჭიროება ...
კრის პატენი

კრიზისი მართლაც ძალიან მასშტაბურია - იმდენად, რომ პოზიციის გამოხატვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმაც საჭიროდ ჩათვალა. ბიბისი, მისი შეფასებით, ბრიტანეთში მოქმედ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია, თუმცა ახლა კორპორაციას შელახული რეპუტაციის აღდგენაზე მუშაობა სჭირდება.

ბიბისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა კრის პატენმა კი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში კორპორაციაში რადიკალური რეფორმის გატარების საჭიროებაზე ისაუბრა: „თუ მეკითხებით, სჭირდება თუ არა ბიბისის დეტალური, სტრუქტურული, რადიკალური რეფორმა - დიახ, ეს მას ნამდვილად ესაჭიროება და სწორედ ამის გაკეთება მოგვიწევს“.

ჯიმი სევილი შარშან გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში. როგორც ტელეწამყვანი, პოპულარობის ზენიტში ის 1970-იან და 1980-იან წლებში იყო. ბრიტანეთის პოლიციამ, რომელიც სევილის საქმეს იძიებს, ხუთშაბათს განაცხადა, რომ პედოფილიის პოტენციურ მსხვერპლთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. საქმეში, სევილის გარდა, სხვა ეჭვმიტანილებიც ფიგურირებენ, როგორც წესი, გართობის ინდუსტრიიდან.

ცნობამ, რომ ბიბისიმ სევილის პედოფილიის შესახებ იცოდა, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიების შეწყვეტა არჩია, კორპორაციის რეპუტაციას მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბისი არაორდინარული ინსტიტუტია, რომელიც ძალიან ფართო პროდუქციას ქმნის - ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ჟურნალისტიკის თუ მხატვრული პროდუქციის წყაროა ...
ჩარლი ბეკეტი

რაც შეეხება მეორე სკანდალს, პედოფილიაში უდანაშაულო კაცის, კონსერვატორი პოლიტიკოსის ალისტერ მაკალპაინის დადანაშაულებას, კორპორაციამ უკვე მოიხადა ბოდიში. როგორც იუწყებიან, მაკალპაინს და ბიბისის შორის სასამართლო გარიგება უახლოეს დღეებში შედგება. ამბავი ეხებოდა წლების წინ უელსში მომხდარ შემთხვევას. გადაცემაში მაკალპაინის სახელი უშუალოდ არ თქმულა, თუმცა მინიშნებით აუდიტორია მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოძალადე სხვა ინდივიდი იყო და არა მაკალპაინი. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გადაცემამ თავზარი დასცა და ამბობს, რომ ბიბისი მას არც კი დაჰკავშირებია ინფორმაციის გადასამოწმებლად. „ჩემთვის უნდა დაერეკათ და მაშინვე შეიტყობდნენ იმას, რაც ახლა ისედაც გაიგეს - რომ ეს ამბავი სრული სისულელე იყოო“.

მაინც როგორ მოხდა, რომ ასეთმა პატივსაცემმა და ავტორიტეტულმა მედიაორგანიზაციამ ასეთი უხეში სარედაქციო თუ ეთიკური შეცდომები დაუშვა? - ეს გახლავთ კითხვა, რომელზეც პასუხებს დღეს ბევრი ეძებს.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის მედიის მკვლევარი ჩარლი ბეკეტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პრობლემებს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: „ვფიქრობ, საქმე რამდენიმე ფაქტორის კომბინაციასთან გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბისი არაორდინარული ინსტიტუტია, რომელიც ძალიან ფართო პროდუქციას ქმნის - ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ჟურნალისტიკის თუ მხატვრული პროდუქციის წყაროა, თუმცა, ცხადია, პრობლემებიც არის. ერთ-ერთი პრობლემა ფულს უკავშირდება. მაგალითად, ახალ ამბებს დაფინანსება 20 პროცენტით შეუკვეცეს და ასეთ ცვლილებაზე მოკლე ვადაში მორგება ძალიან ძნელია. ამასთან, ჩემი აზრით, ბოლო 10, 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურა, რომელშიც ბიბისის წამყვან თანამდებობებზე მომუშავე ხალხი იქ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება და შესაძლოა თავიანთი მმართველობის სტილს ობიექტურად ვეღარ აღიქვამს. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა ზედმეტი ბიუროკრატიის კულტურას მისცა ბიძგი. თუმცა პრობლემა არც საკუთრივ ბიუროკრატიაა და არც ბიბისის სიდიდე. პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებლობის განცდა არ იდგა სწორად. მენეჯმენტი დინამიკურად, აქტიურად არ მოქმედებდა და მუშაობის უფრო უსაფრთხო სტილს არჩევდა“.

თუმცა, რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს მიმდინარე სკანდალი, თითქმის ყველა თანხმდება - პრინციპები, რომლებსაც ბიბისი ეფუძნება, დემოკრატიული კულტურის ფუნდამენტს წარმოადგენს, თავად ეს კორპორაცია კი მისი 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში სამაგალითო იყო. ამდენად, დღეს ბევრი გამოთქვამს ვარაუდს თუ იმედს, რომ ბიბისი, რეფორმის გატარების თუ სარედაქციო პოლიტიკაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაინც შეძლებს ძველი ავტორიტეტის თუ სახელის დაბრუნებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG