Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ახალაიას პირველი გასასვლელი


"ინტელექტი" დღეს ერთადერთი გამომცემლობაა, რომელიც თანამედროვე ქართულ პოეზიას სწყალობს, არა ათასში ერთხელ, არამედ სისტემატურად ბეჭდავს. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ მის ავტორებს შორის არა მარტო ცნობილი, შემდგარი პოეტები არიან, არამედ ახალგაზრდებიც, თავიანთი სადებიუტო კრებულებით. დღეს ერთ-ერთ ასეთ კრებულზე ვისაუბრებთ.

ბექა ახალაიას "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის" სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა და ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოეტის ესთეტიკაც უფრო თვალსაჩინო გახადა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ წიგნი რაღაცნაირად თავის თავში ჩაკეტილი გამოვიდა, წიგნის ორ მესამედზე მეტი ერთი ინტონაციის ტექსტებია და ბოლოსკენ - სონეტები. არადა, ბექა ახალაიას აქვს სხვადასხვა სახის ძიებები, მისი პოეზია რეალურად გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ამ კრებულში ჩანს. უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს კონცეპტუალური გადაწყვეტილება იყო, ავტორმა ფორმების სიჭრელეს თავი აარიდა და, სავარაუდოდ, შემდგომი კრებულისთვის გადაინახა.

ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი

წიგნზე საუბარი პოეტ ნინო სადღობელაშვილს ვთხოვეთ.

ნინო სადღობელაშვილი: დავიწყებ იქიდან, რომ ბექა ახალაიას ლექსები დიდი ხანია ჩანს ინტერნეტსივრცეში, პოეზიის საღამოებზეც, თავისი სრულიად განსაკუთრებული, გამორჩეული ჰქონდა ხოლმე ამ ადამიანს და ყოველთვის იქცევდა მსმენელის, მკითხველის ყურადღებას, მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ გავიდა წლები და მას წიგნი ჯერ არ ჰქონდა. თავს იკავებდა, ყოყმანობდა და რაღაც პერიოდის მერე, რედაქტორთან დიდი ბრძოლების და მუშაობის შედეგად, ძალიან დაწურული, კომპოზიციურად აგებული, მთლიანობაში შეკრული კრებული გამოსცა და ეს ფაქტი, პირადად ჩემთვის, მკითხველისთვის და გულშემატკივრისთვის იყო ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იმისა, რა პასუხისმგებლობით ეპყრობა ის თავის პოეზიას, ზოგადად პოეზიას და ზოგადად პოეზიის მიმართ დამოკიდებულება ჩანს კიდეც მთელ წიგნში.

როგორია ის სალექსო ფორმა, რომელიც ამ კრებულში დომინანტურია? ესაა ექვს, შვიდ თუ რვასტრიქონიანი სტროფები, სადაც პირველი და მესამე სტრიქონი მეორდება ან მხოლოდ ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. ექვსსტრიქონიან სტროფებში პირველი და მესამე სტრიქონი მეხუთესთან ირითმება, მეოთხე და მეექვსე კი - ერთმანეთთან, შვიდსტრიქონიანში - მეოთხე მეშვიდესთან და მეხუთე მეექვსესთან, ანუ ამ შემთხვევაში, რეფრენული სამსტრიქონიანი შესავლის შემდეგ, ავტორი რკალურ რითმას იყენებს და არა ჯვარედინს. ხოლო პოემაში "რკინის მაგიდა", რომელიც ოთარ ჭილაძეს ეძღვნება (სადაც რკინის საწოლი, იქაც რკინის მაგიდაო), უკვე არა პირველი და მესამე სტრიქონი მეორდება, არამედ პირველი და მეოთხე და მეორე და მესამეც ირითმება, ანუ აქაც რკალურ გარითმვასა აქვს ადგილი. და შემდგომი ოთხი სტრიქონიც ასეთივეა, იმ განსხვავებით, რომ ის უკვე რეფრენის გარეშეა. თუმცა ბექა ახალაია ამ თავის ფორმებს ზედმიწევნითი სიზუსტით არ მიჰყვება, ხანდახან რაღაცას ცვლის, მოდიფიკაციას უკეთებს, შემდეგ ისევ უბრუნდება საწყის ფორმატს. რაც შეეხება ამ განმეორებებს, ისინი ექოს ეფექტს ქმნიან, მაგრამ ამდენი ექოს მოსმენა თანდათანობით დამღლელი ხდება. მრავალჯერ გამოყენებული ფორმა აქტუალურობას კარგავს. ლექსიკა ბექა ახალაიას მდიდრული აქვს, მეტაფორები, სახეები, შედარებებიც - ეფექტური, თუმცა არცთუ იშვიათად - საკმაოდ ბუნდოვანი და არის ჩავარდნებიც, როცა იგი უცებ ძალიან გაცვეთილი პოეტური ენით იწყებს მეტყველებას. მაგალითად, აი, ასე:

"და ჩემმა გულმა აქაფებულ დარდში შეტოპა,

მეც შემიყოლა,

და ჩემმა სულმა ადუღებულ ცრემლში შეტოპა,

სიმძიმე მისი დამაწვა უღლის".

თუმცა ასეთი რაღაცებიც, ალბათ, ბუნებრივია ამ წიგნისთვის, რადგან, მიუხედავად ავტორის ნიჭიერებისა, ჩემი აზრით, ეს ტექსტები მაინც ძველი პოეტური ესთეტიკითაა დაღდასმული.

რა ხდება ამ ლექსებსა თუ პოემებში შინაარსობრივი თვალსაზრისით? მოვუსმინოთ ნინო სადღობელაშვილს.

ყველა ლექსში თითქოს არის ხელახლა შობის, რაღაციდან გამოსვლის, რაღაცამდე მისვლის და მერე ისევ დაბადების საიდუმლო. და ეს ყველაფერი არის თან ძალიან ქართული და თან ძალიან უცხო, უშორესი, ღრმა და მითოსურიც...
ნინო სადღობელაშვილი

ნინო სადღობელაშვილი: კომპოზიციური მთლიანობა ვახსენე და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ციკლის ლექსებია შესული ამ წიგნში, თითქოს ეს არის ერთი მთლიანი, გაბმული, ლირიკული პოემა, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ფარული დრამატურგიული ხაზი და ეს ხაზი ემთხვევა საერთოდ ადამიანის და, გნებავთ, კაცობრიობის ცხოვრების დრამატურგიას: დაბადება, ვნება, - და ეს ვნება შეიძლება გავიაზროთ, როგორც თამაში ღრმა ტკივილებში გადმოცემული ჯვარცმის მისტერიით, - სიყვარული, სიკვდილი, მერე აღდგომა და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება... მთლიანობაში, დრამატურგიულ ხაზში ჩემთვის რაღაცა ისეთი, განსაკუთრებული შესაგრძნობელი, მაინც დაბადების მისტერია იყო, რომელზეც ის ძალიან ბევრს წერს, როგორც მამა, როგორც შვილი და, საერთოდ, როგორც ადამიანი, რომელმაც ეს განიცადა და რომელიც ამას მუდმივად განიცდის. ყველა ლექსში თითქოს არის ხელახლა შობის, რაღაციდან გამოსვლის, რაღაცამდე მისვლის და მერე ისევ დაბადების საიდუმლო. და ეს ყველაფერი არის თან ძალიან ქართული და თან ძალიან უცხო, უშორესი, ღრმა და მითოსურიც. და რაღაცით მაგონებდა ნიკო სამადაშვილს. როგორც მას შეუძლია ქრისტეს და ღვთისმშობლის შესახებ ისაუბროს ქართლის ეზოების ატმოსფეროდან, თითქოს ისიც, უფრო კოლხური განწყობით მოდის ჩვენი დასავლეთი. ეს შეიძლება განვაზოგადოთ და სამყაროს დასავლეთი მხარე წარმოვიდგინოთ ამ ყველაფერში.

ერთი არის კიდევ, სტიქიების თემაზე აქვს. ოთხი ციკლი არის სტიქიების თემაზე და მთლიანობას ესეც კრავს თითქოს. ძალიან საინტერესოდ ზის ამ კომპოზიციურ ჰარმონიაში სტიქიების თემა, ბუნებასთან მუდმივი კავშირის მცდელობა, ამ კავშირის რღვევა და აი, ეს განწყობები სრულიად არაბუნებითი სათქმელებით. ძალიან ადამიანური შეკითხვებით და ადამიანური პასუხებით ნაგრძნობი ბუნება.

"ზეპირად ვიცი ღრიჭოები რასაც მღერიან,

და შენც გასწავლი,

ზეპირად ვიცი ღრიჭოები რასაც მღერიან,

ამოვსებული ქარის წვეტებით.

შენი ძილი კი სამოთხეში გასასვლელია,

მაგრამ მე მასში ვერ გავეტევი", –

ამბობს ბექა ახალაია ლექსში "სათამაშო". მე კი ვიტყოდი, რომ მის ამ სადებიუტო კრებულში საკმაოდაა ღრიჭოები, რომლებიც რაღაცას თავისებურად მღერიან, ხოლო თუკი ამ ლექსებს პოეზიის სამოთხეში გასასვლელად წარმოვიდგენთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორი მასში ვერ გაეტევა. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ პირველი პოეტური კრებულია ნიჭიერი ავტორის, თავისი პლუსებით და მინუსებით. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი კრებული ამ გასასვლელს საგრძნობლად გააფართოებს, დარწმუნებული კი იმიტომ ვარ, რომ ელემენტარულად ვიცი მისი ბოლო პერიოდის ის ლექსები, რომლებიც ამ კრებულში ვერ მოხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG