Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა გოჩიაშვილის „გაჯაზებული“ დაკითხვა


ბექა გოჩიაშვილი
ბექა გოჩიაშვილი
რა მოხდა 8 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, სადაც დასაკითხად 16 წლის მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა, ლაშა, მიიყვანეს? მუსიკოსის მტკიცებით, მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ქურდობის აღიარების მოთხოვნით, ხოლო მის ძმას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ბრალდებას უარყოფენ პოლიციის ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში, თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსის ამ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შიდა მოკვლევა მაინც დაიწყო.

16 წლის მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი და მისი სრულწლოვანი ძმა, ლაშა, პოლიციის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში მოწმის სტატუსით დაკითხეს. საუბარია ბინის ქურდობაზე, რომლის დროსაც დაიკარგა 60 000 ევრო, 20 000 ლარი, 10 000 აშშ დოლარი და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის, მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც პატრონის თანხმობით, ერთი დღე აღნიშნულ ბინაში მეგობრებთან ერთად დარჩა. ამონარიდი პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან:

„2013 წლის 8 იანვარს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის, ვალერიან გოჩიაშვილის, თანადასწრებით და ბექას ძმა, ლაშა გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილმა განმარტა, რომ ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და "იუ ეს ბი"-ს გადამყვან კაბელს ეძებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, საძინებელი ოთახიდან დაუძახა და უთხრა, რომ კარადაში სეიფი იყო. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვარს კი, ღამით, გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული“.

ბექა გოჩიაშვილის, როგორც არასრულწლოვნის, დაკითხვას მამა, ვალერიან გოჩიაშვილი, დაესწრო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბექაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ხოლო ლაშას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ:

„ბავშვი (ლაშა გოჩიაშვილი) რომ გამოვიდა, ტუჩები ჰქონდა გალურჯებული და კანკალებდა. რომ ვიკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, მიპასუხა, რომ მაგინეს და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, რომ ენა მეყლაპებოდაო. ძალიან დათრგუნული იყო“.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რაიმე უფლების დარღვევა, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური რეაგირება ...
ანა არგანიშვილი

ვალერიან გოჩიაშვილის თქმით, მის 16 წლის შვილს, ბექას, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, დაკითხვისას „ციხეში ჩასმითა“ და „ცხოვრების გამწარებით“ ემუქრებოდნენ. ვალერიან გოჩიაშვილისა და მისი შვილის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის ბავშვთა და ქალის უფლებათა ცენტრი, რომლის ხელმძვანელის ანა არგანაშვილის თქმით, ომბუდსმენი უკვე დაინტერესდა აღნიშნული საქმით.

„მოგეხსენებათ, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და, ზოგადადაც, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანს, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ქმედებაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ მისი კანონიერი უფლებები არ დაირღვეს. შესაბამისად, ჩვენ გამოვიხმობთ ყველა დოკუმენტს, საქმის წარმოების მასალებს სამართალდამცავი ორგანოებიდან და სახალხო დამცველი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს ზედამხედველობას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რაიმე უფლების დარღვევა, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური რეაგირება“, უთხრა ანა არგანაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ბექა გოჩიაშვილის მხარდასაჭერად საზოგადოების ნაწილმა პოლიციის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებასთან საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტა. ლექსო მაჭავარიანის თქმით, ბექა გოჩიაშვილის მხარდაჭერა მიზნად ისახავს ზოგადად პოლიციის ძალადობის პრევენციას:
როგორ უნდა მოგივიდეს აზრად, რომ თქვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა და ამგვარი ბრალდებით მადლობას უხდის კულტურის ყოფილ მინისტრსო? ყველაფერი გაირკვევა, დღეს თუ არა ხვალ ...
ეკა ექიზაშვილი

„მთავარი არ არის ის, რომ კონკრეტულად ბექა გოჩიაშვილზე იყო ზეწოლა. აქ მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ თუკი დღეს პოლიცია ასეთი სახის ზეწოლას ახორციელებს ბექა გოჩიაშვილზე, ხვალ შეიძლება იგივე ნებისმიერ ჩვენგანს მოუვიდეს, ნაკლებად ცნობილ ადამიანებს და ეს მართლაც სახიფათოა, ამიტომ ეს ტენდენცია ძირშივე უნდა აღმოიფხვრას. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს აქცია არ იქნეს აღქმული როგორც პოლიტიკური აქცია. ეს არის სამოქალაქო აქცია და მას არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან“.

ამგვარი განცხადების მიუხედავად, საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც შეეცადა ეჭვის ქვეშ დაეყენებინა როგორც აქციის ორგანიზატორთა, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსის გულწრფელობა. გამოითქვა ვარაუდი, რომ მუსიკოსმა ამგვარი ბრალდებით ვალი დაუბრუნა წინა ხელისუფლებას, რომელიც დაეხმარა მას სწავლა ჯულიარდის სკოლაში გაეგრძელებინა, თუმცა ეკა ექიზაშვილი, ახალგაზრდა მუსისკოსის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მიიჩნევს, რომ ამგვარი ვარაუდი უსაფუძვლოა და რომ ბექა გოჩიაშვილს არავისი არაფერი მართებს:

„როგორ უნდა მოგივიდეს აზრად, რომ თქვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა და ამგვარი ბრალდებით მადლობას უხდის კულტურის ყოფილ მინისტრსო? ყველაფერი გაირკვევა, დღეს თუ არა ხვალ. ამასთან, კულტურის მინისტრი სახელმწიფოს წარმომადგენელია და როცა ის თავის მოქალაქეებს ეხმარება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ეხმარება და არა მინისტრი პირადად“.

საზოგადოების პროტესტის პასუხად, 15 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძმები გოჩიაშვილების დაკითხვასთან დაკავშირებით მოკვლევას სამინისტროს გენერალური ინსპექცია ახორციელებს:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება, რომ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის, ლაშა გოჩიაშვილის, მოწმის სახით დაკითხვის დროს ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მუქარას, ზეწოლას და უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კანონის სრული დაცვით, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.

მოკვლევის მასალების გამოქვეყნებას ელოდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომლის გამგეობის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, საია მიესალმება სამინისტროს რეაგირებას და მოუწოდებს მას, რომ დროულად და ობიექტურად წარმართოს საქმის შესწავლასთან დაკავშირებული პროცედურები. ამასთან, კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის მოქმედი მოდელიც.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის თავები, რომლებიც შეეხება მოწმის დაკითხვის წესების ახლებურად შემოღებას. ამ წესების თანახმად, მოწმის დაკითხვა არ მოხდება პოლიციელის მიერ. მოწმეს დაკითხავს თავიდანვე სასამართლო და, შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ მოწმეზე პოლიციაში შეიძლება ზეწოლა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ა.შ.) მოახდინოს, მნიშვნელოვნად შემცირდება“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

მოწმის დაკითხვის აღნიშნული მოდელი უკვე შეტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, თუმცა მისი ამოქმედება გადადებულია 2013 წლის 1 დეკემბრამდე. კახა კოჟორიძის თქმით, ახალი წესის ამოქმედება უზრუნველყოფს მოწმეთა დაცულობისა და ამ პროცესზე ზედამხედველობის ხარისხის არსებითად გაზრდას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG