Accessibility links

logo-print

ბექას არა-კრიმინალური ქრონიკა


მარიხუანის ლეგალიზაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში

მარიხუანის ლეგალიზაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ბექა ამბობს, რომ თავდაპირველად კამპანია მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ უკვე დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა: ერთი კვირა რჩებოდა ბოლო სასამართლომდე და უკვე ციხისთვის ემზადებოდა. ახლა კი ყველაფერი დასრულდა. მე ბექას სახლში ვესტუმრე, მშვიდად იყო წამოწოლილი და ძალიან შიოდა, ანა ძაფს რთავდა, სახლში იყო ბესიკ კაპჭელაშვილიც, რომელსაც, მოდი, უბრალოდ, ბესკას დავუძახებ - ის კამპანიის პირველი დღიდანვე ბექას გვერდით იყო. ბექას და ბესკას ვთხოვე გაეხსენებინათ, თუ როგორ დაიწყო კამპანია, როგორ განვითარდა და, საბოლოოდ, რა მოიტანა. ტელეფონით ვესაუბრე ვახუშტი მენაბდესაც, რომელიც ბექას სასამართლოში წარმოადგენდა.

"დაახლოებით ერთი კვირა გვქონდა დარჩენილი. ჩემთან, სახლში, მესტუმრნენ მეგობრები, რომ რაღაცა ჩაწერე, ისე არ წახვიდეო. ჩვეულებრივად ვემზადებოდი ციხისთვის, თბილი ტანსაცმლით და ა.შ. ციხის ტანსაცმელი. მოკლედ, მერე ისე მოხდა, რომ რატის თხოვნა იყო, რომ ჩავწეროთ, უბრალოდ, ვიდეო, ისე არ წახვიდე, რომ ხალხმა არ გაიგოსო. მაგ დროს უკვე იყო გასული ერთი წელი დაჭერის მომენტიდან, ჰოდა, ნუ, ჯანდაბას. ფაქტობრივად, დასაკარგი აღარ მქონდა თუ რაღაც, ეგეთ მდგომარეობაში ვიყავი. სამი თუ ოთხი ჭიქა არაყიც დამალევინეს, რომ მელაპარაკა. ასე დავიწყეთ ყველაფერი, ნუ, იმ ვიდეოს ჩაწერით. მეორე დღეს უკვე ბევრი ნახვები ჰქონდა და გადაშეარებები, 20 000-მდე იყო ასული უკვე. და უკვე წამოვიდა ეს კამპანიის იდეა, რომ "ბექა არ არის კრიმინალი".

იყო აქცია, რომელიც რაღაც მომენტში მგონია, რომ შედგა, იმიტომ რომ, ისე გამოვიდა, რა... გამოხმაურებაც ჰქონდა და რაოდენობაც ხალხის მოვიდა და ისეთი მომენტი იყო, რომ, მე მგონი, მოახდინა რაღაც გავლენა გადაწყვეტილებაზე და პროცესმა კიდევ გადაიწია...

თემის გააქტუალურებამ და მხარდაჭერამ ინტერნეტიდან მეტი თავდაჯერება შესძინა ბექას მეგობრებს, რომლებიც კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ერთად და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეგრძელებინათ კამპანია. "რაღაცნაირად, მოდი, ვიხმაუროთ, რომ ყველაფერი ისე არ დარჩეს" - როგორც ბესკა ამბობს, ამაზე ფიქრობდა, როცა ოთახში ოცდაათ ადამიანთან ერთად იჯდა და აქციის ორგანიზებას ცდილობდა.

"რაღაც ქაოსურად, აი ოცდაათი კაცი, ხომ წარმოგიდგენია, დარბაზში ზის და ქაოსურად რაღაცებზე ლაპარაკი მიდის და ამ ერთი კვირის განმავლობაში "დავაორგანიზეთ" ეს კამპანია, რაც იყო ინტერნეტში და პლუს ვიდეომიმართვები და რაც შედიოდა, ყველაფერი. დაბოლოს, იყო აქცია, რომელიც რაღაც მომენტში მგონია, რომ შედგა, იმიტომ რომ, ისე გამოვიდა, რა... გამოხმაურებაც ჰქონდა და რაოდენობაც ხალხის მოვიდა და ისეთი მომენტი იყო, რომ, მე მგონი, მოახდინა რაღაც გავლენა გადაწყვეტილებაზე და პროცესმა კიდევ გადაიწია".

სწორედ ამ აქციის შემდეგ დაიწყო ის, რამაც საბოლოოდ ახლანდელ მდგომარეობამდე მოგვიყვანა. ბექას მეგობრებს ბევრი ადამიანი შეუერთდა - როგორც აღმოჩნდა, ხმაურმა შედეგი გამოიღო. ბექა იხსენებს, რომ როცა ამ ქაოტური და აჟიტირებული მოქმედების პერიოდმა გადაიარა და უკვე იცოდა, რომ სასამართლოს სხდომა ისევ გადაიდო, დამშვიდდა და ახლა უკვე მეგობრებთან ერთად მეტად დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ უნდა ემოქმედა მომავალში. ამ დროს კი გიორგი დავითურმა შესთავაზეა იდეა, რომ დაეწერათ საკონსტიტუციო სარჩელი იმის შესახებ, რომ არსებული კანონი არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს. ახლა უკვე კამპანიას კონკრეტული მოტივი ჰქონდა: ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატივისა და ღირსების შემლახავი სასჯელია.

საბოლოოდ კი, სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეებს. ბექას საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა ვახუშტი მენაბდე, რომელიც იმაზე საუბრისას, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოყოფს რამდენიმე პუნქტს: 1) მარიხუანის 70 გრამამდე შეძენა-შენახვისთვის სასჯელად ვერ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა; 2) 70 გრამზე მეტი ოდენობის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის მიხედვით უნდა განსაჯონ მოსამართლეებმა სასჯელი; 3) სასამართლოს არ უმსჯელია მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ გააუქმა სასჯელად პატიმრობა, თუმცა სხვა სამართლებრივი სასჯელი არ გაუუქმებია; 4) სასამართლოს არ უსმჯელია მოხმარების შესახებ, თუმცა ივარაუდება, რომ მოხმარება უფრო მსუბუქი ხასიათის დანაშაულია, ვიდრე შენახვა, და პარლამენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს; 5) სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება რეალიზაციას და ასევე საკითხი არ შეეხება კულტივირებას.

ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე

თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქვეყანაში ახლა ცოტა უცნაური მდგომარეობაა, ვინაიდან სანამ დავა მიმდინარეობდა, პარლამენტმა უკვე შეცვალა კანონი, რომლის გაუქმებასაც მოსარჩელეები მოითხოვდნენ:

"ფაქტობრივად, სასამართლოს ფორმალურად არ გაუუქმებია დღეს არსებული პასუხისმგებლობა 5-დან 8 წლამდე, თუმცა ნებისმიერი შეფარდება უკვე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ, მე ვფიქრობ, რომ იქნება არაკონსტიტუციური. ერთადერთი გზა მანამ, სანამ პარლამენტი კანონებში ცვლილებას შეიტანს და მარიხუანის მიმართ თავის პოლიტიკას განსაზღვრავს, არის ის, რომ სასამართლოებმა შეაჩერონ საქმის განხილვა მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვაზე და, პრინციპში, მოხმარებაზეც და მათ წარდგინებით უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას ან პარლამენტი არ შეცვლის კანონმდებლობას, მანამდე საქმის განხილვა შეაჩერონ კონკრეტული პირების მიმართ".

როგორც აღმოჩნდა, კამპანიამ საბოლოოდ გამოიღო შედეგი და პატიმრობისგან გადაარჩინა არა მარტო ბექა, არამედ კიდევ ბევრი სხვა ადამიანი.

"ჩემთვის საშინელება იქნებოდა, რომ ეს დამთავრებულიყო მხოლოდ ჩემი საქმის წარმატებით. გამოვიდოდა ის, რაზეც რიგ შემთხვევაში კრიტიკაც ყოფილა, რომ მაინც მხოლოდ ბექაზეა კონცენტრირებული. მაგრამ, ნუ, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ეს ცვლილება, რა შედეგიც მივიღეთ, ყველას შეეხება და ძალიან მიხარია", - ამბობს ბექა.

ბექაც და ბესკაც ამბობენ, რომ კამპანიის მსვლელობის დროს მათი მოტივაცია სწორედ ეს გახდა. ისინი მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ძირეულ ცვლილებებს მიაღწიონ და ახლა უკვე საუბარი დაიწყოს, ზოგადად, ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე. ისინი საუბარში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანა არასწორად ექცევა ნარკოდამოკიდებულებს. ბექა იხსენებს, რომ ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დაფიქრდა, როცა ციხეში გატარებული 18 დღის განმავლობაში რამდენიმე წამალდამოკიდებული ადამიანი ნახა:

ბექა წიქარიშვილი

ბექა წიქარიშვილი

"ყველაზე უცნაური იყო ჩემთვის იმ ადამიანების ხილვა, ვინც იყვნენ ნარკოდამოკიდებულები. ესენი იყვნენ საშინელ მდგომარეობაში. ჯერ საშინელი ტკივილებით... რა თქმა უნდა, არანაირ გამაყუჩებლებს არ აწვდიან. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადატანა ციხეში, - ვგულისხმობ კუსტარული ნარკოტიკების, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს. მქონდა მათთან პირადი საუბრებიც და ისინი არიან ჩვეულებრივი, ძალიან ადამიანური წარსულის მქონე პირები, რომლებიც, რაღაც კონტექსტების გათვალისწინებით, მოხდა ისე, რომ არიან წამალდამოკიდებულები. ჩვენ კიდევ, იმის მაგივრად, რომ ამ კონტექსტებზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ, ვუშვებთ ციხეში".

ბესკა ამბობს, რომ, მიუხედავად წარმატებისა, ახლა კამპანია არ შეჩერდება, - პირიქით, უფრო აქტიური გახდება და შეეცდება მეტი იმუშაოს, მეტი იხმაუროს. მისი თქმით, კამპანიის წარმატება, პირველ რიგში, ის იყო, რომ ხალხის ინფორმირება მოახერხა და ბექას მაგალითით შეეცადა ებრძოლა იმ სტერეოტიპების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას პრობლემის ადეკვატურ გააზრებაში უშლიდნენ ხელს.

"ახლა არის ყველაზე კარგი მომენტი, რომ გაგრძელდეს ამ თემაზე დისკუსია და უკეთესი რაღაცებიც შეგვიძლია გავაკეთოთ. იდეაში ამასაც ვფიქრობთ, შეიცვალა ახლა კამპანიამაც სახე, ახლა არის "თეთრი ხმაურის მოძრაობა", რომელიც იმუშავებს ამ თემებზე და არ იქნება კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ პირზე და ერთ კონკრეტულ ნარკოტიკზე, პირიქით, მთლიანად რასაც ვთვლით, რომ კანონმდებლობაში არის შესაცვლელი და ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი, - ვიმუშავებთ ამაზე", - ამბობს ბესკა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG