Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში სიკვდილი მიუსაჯეს ორ ახალგაზრდას


ვლადისლავ კოვალიოვი (მარცხნივ) და დმიტრი კონოვალოვი მინსკის სასამართლოს დარბაზში

ვლადისლავ კოვალიოვი (მარცხნივ) და დმიტრი კონოვალოვი მინსკის სასამართლოს დარბაზში

ბელორუსიიდან გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე ალექსანდრ ფიოდოროვი ოთხშაბათს რამდენიმე საათი კითხულობდა 114-გვერდიან განაჩენს. ჯერ გაირკვა, რომ დმიტრი კონოვალოვი და ვლადისლავ კოვალიოვი (ორივე 25 წლის) დამნაშავედ სცნეს ორ აფეთქებაში: ერთი მოეწყო წელს, 11 აპრილს და 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 200-მდე კაცი; მეორე აფეთქებას - 2008 წლის 4 ივლისს არავინ მოუკლავს, დაიჭრა 54 ადამიანი.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში დმიტრი კონოვალოვმა მიიტანა მინსკში აფეთქების მოსაწყობად შერჩეულ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომ ორივე ბრალდებული მონაწილეობდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაში. მეორე ბრალდებული, ვლადისლავ კოვალიოვი, დახმარებას უწევდა კონოვალოვს. ამ უკანასკნელს პასუხისმგებლობა დაეკისრა კიდევ ერთ აფეთქებაზე. ის 2005 წლის სექტემბერში ქალაქ ვიტებსკში მოეწყო. დაიჭრა 50-მდე ადამიანი.

კონოვალოვი და კოვალიოვი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ ვიტებსკის ერთ-ერთ ფაბრიკაში. განაჩენის გამოტანამდე ორი დღით ადრე, კოვალიოვის დედამ, ლიუბოვ კოვალიოვამ სასამართლოს სთხოვა, დაინდოს მისი შვილის სიცოცხლე.

ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩაო, - უთხრა ჟურნალისტებს კოვალიოვის დედამ. შეკითხვები ეხება, მაგალითად, დანაშაულების მოტივს. ბევრს მიაჩნია არადამაჯერებლად პროკურატურის ვერსია, რომ კონოვალოვი და კოვალიოვი აფეთქებებს აწყობდნენ „ბელორუსიაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ სურვილით. უფლებადამცველები დასაბუთებულად არ მიიჩნევენ კონოვალოვისა და კოვალიოვის ბრალეულობას და დამატებით გამოძიებას მოითხოვენ.

ბელორუსიაში 45 000-მდე ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, სიკვდილით არ დასაჯოს ორი ახალგაზრდა. როგორც ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ლარისა ანდროსიკმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს: „მე, ისევე როგორც ხალხის უმრავლესობამ, პეტიციას ხელი მოვაწერე იმის გამო, რომ არ ვენდობი ჩვენს სამართლებრივ სისტემას. მთელი ამ პროცესიდან სრულიად გაურკვეველია, რატომ მოხდა ეს, ან როგორ მოხდა, ან ვინ ჩაიდინა. არა ვარ დარწმუნებული, რომ მათ მოაწყეს ეს აფეთქებები. მე, როგორც ქრისტიანი, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ“.

საყურადღებოა ისიც, რომ აპრილში მინსკის მეტროში მოწყობილი აფეთქების შემდეგ (ამ აფეთქებას მმართველმა რეჟიმმა „პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციის მცდელობა“ უწოდა) კიდევ უფრო გამკაცრდა რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ.

ბელორუსია ევროპის ერთადერთი ქვეყანას, სადაც სისრულეში მოჰყავთ სასიკვდილო განაჩენი. თუ ეს მოხდება კონოვალოვისა და კოვალიოვის შემთხვევაშიც, მათ დახვრეტა ემუქრება.
XS
SM
MD
LG