Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები


ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ადრეი სანიკოვი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ადრეი სანიკოვი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
გასული კვირის მიწურულს ბელორუსიაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ორი ოპონენტი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი სანიკოვი. ბელორუსიის მმართველი რეჟიმის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისაკენ ევროკავშირის არაერთ მოწოდებას. თუმცა, ბელორუსი აქტივისტების ცნობით, ციხეებში კვლავაც რჩებიან მათი თანამოაზრეები.

კვირას ბელორუსიაში ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციონერი დმიტრი ბონდარენკო. ეს მოხდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულ იქნა ალბათ ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი პატიმარი ამ ქვეყანაში - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ანდრეი სანიკოვი. სწორედ მისი, სანიკოვის გუნდის წევრი იყო ზემოხსენებული დმიტრი ბონდარენკო 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. მას 2011 წელს მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა როლის გამო, რომელიც შეასრულა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკში გამართულ დემონსტრაციაზე. ამ აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ არჩევნებში გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადების გამო.

დმიტრი ბონდარენკო ციხიდან გათავისუფლების დღესვე, კვირას ესაუბრა ჩვენი რადიოს ბელორუსულ სამსახურს. ეს იყო 15 აპრილი, როცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის დღესასწაული აღნიშნა.

დმიტრი ბონდარენკო
დმიტრი ბონდარენკო
„ნათქვამია, ყველაფერი ღვთის ხელშიაო და, მადლობა ღმერთს, დღეს განსაკუთრებული დღეა - ეს არის კარგი ნიშანი ბელორუსიისათვის. ჩემი აზრით, ეს ქრისტიანული ნაბიჯი იყო. დღე ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლონ“, - ასეთი იყო ბონდარენკოს რეაქცია. მაგრამ მისი სურვილი არ ასრულებულა - ბელორუსიის ხელისუფლება მისი და სანიკოვის გათავისუფლებას დასჯერდა. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ ამ ორი პატიმრის შეწყალებას, მათივე თხოვნის შესაბამისად.

სანიკოვი ამბობს, რომ ციხეში მას პროვოკაციებს უწყობდნენ, რათა სულიერად გაეტეხათ და თვითმკვლელობამდეც კი მიეყვანათ: „როცა მივხვდი, რომ ციხეში ჯდომა დამთავრდა და დაიწყო წამება ... პროვოკაციები, მივხვდი, რომ ამ პროვოკაციების დასამთავრებლად, ან შესაჩერებლად მაინც, ერთადერთი გზა იყო შეწყალების თხოვნის დაწერა. რადგან საკმარისად ძლიერი პროვოკაცია იყო ჩემს წინააღმდეგ მომართული. და მესმოდა, რომ შესაძლოა, ვერ გადავრჩენილიყავი პირობებში, რომლებშიც ვიმყოფებოდი“.

ანდრეი სანიკოვს, რომელმაც მისთვის ამ, აშკარად, მძიმე პერიოდზე სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, ბონდარენკოზე უფრო ხანგრძლივი, ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის მადლიერია მხარდაჭერისათვის, ციხეში ყოფნისას რომ გრძნობდა: „არ მახსოვს ასეთი სოლიდარობა, ამჯერად რომ გამოიჩინეს - ასეთი მხარდაჭერა, რომელსაც პირადად მე ვგრძნობდი. ჩემი აზრით, ეს იყო მთავარი მიზეზი: შეერთებული შტატების რეაქციაც, ევროკავშირის რეაქციაც და რუსეთის პირველი რეაქცია, რომელიც უკავშირდებოდა ბელორუსიის სოლიდარობას. ამიტომ ყველას მიმართ დიდ მადლიერებას გამოვხატავ, თავს ვუხრი ხალხს, რომელიც ზოგჯერ არც ხელკეტებს ეპუებოდა და ყველაფრის მიუხედავად საუბრობდა პოლიტპატიმრებზე და მათი გათავისუფლების აუცილებლობაზე“, - ამბობს სანიკოვი.

ახლა ხელისუფლება დააკვირდება რეაქციას, რომ ნახოს, რა მოხდება ჩემი, ან დიმას გათავისუფლების შემდეგ. მე მგონია, რომ ახლო მომავალში ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებენ ...
ანდრეი სანიკოვი
პატიმრობიდან მისი და ბონდარენკოს გამოშვებას უმალვე მოჰყვა გამოხმაურება. მინსკის გადაწყვეტილება შეაქეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა და შეერთებული შტატების მთავრობამ. ვაშინგტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერის გამოშვება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, თუმცა მინსკს მართებს ყველა დანარჩენი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაც.

ბელორუსი ოპოზიციონერების მონაცემებით, ციხეებში რჩება 13 პოლიტპატიმარი, მათ შორის პრეზიდენტობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი, ნიკოლაი სტატკევიჩი.

რას მოელის ახლა ანდრეი სანიკოვი - ციხიდან მისი და ბონდარენკოს გათავისუფლების შემდეგ? ამ შეკითხვაზე ჩვენმა რადიომ სანიკოვის შემდეგი პასუხი მიიღო: „ჩემი აზრით, ახლა თამაშის მოწმე ვართ. მახსოვს ხალხის გათავისუფლება გასული წლის სექტემბერში - მაშინაც იყო ინფორმაცია, რომ ვიღაც გაათავისუფლეს, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ. ახლა ხელისუფლება დააკვირდება რეაქციას, რომ ნახოს, რა მოხდება ჩემი, ან დიმას გათავისუფლების შემდეგ. მე მგონია, რომ ახლო მომავალში ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებენ. მაგრამ უნდა გამოვაცხადოთ, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გაუთავისუფლებიათ, არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან იმათ, ვინც ამის გაკეთებას მოითხოვს - ვგულისხმობ ევროპას, ჩვენს საზოგადოებრივ აზრს“, -ამბობს ანდრეი სანიკოვი, რომლის ციხიდან გამოშვებასაც წინ უძღოდა ევროკავშირის მკაცრი ზომები ბელორუსიის წინააღმდეგ.

მესამეა სპორტული სანქცია - ეს არის მინსკში 2014 წელს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. თავი იჩინა საფრთხემ, რომ ლუკაშენკოს ამ ჩემპიონატსაც წაართმევენ ...
ალენა კოვაროვა
გასულ თვეში ევროკავშირმა გადაწყვიტა ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება - დამატებით 29 ბელორუსული კომპანიის საბანკო ანგარიშების გაყინვა, 12 ინდივიდის საბანკო ანგარიშების დაყადაღება და მათთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვა.

ჩვენ რადიოს ბელორუსული სამსახურის თანამშრომელს, ალენა კოვაროვას ვკითხეთ, მაინც რამ გადააწყვეტინა ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ორი ოპოზიციონერის გათავისუფლება? მოსალოდნელია თუ არა საპასუხოდ მინსკის მიმართ სანქციების შემსუბუქება?

ჩვენი კოლეგის აზრით, „ეს ნაბიჯი გადაიდგა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი ხნის წინ დადო პირობა, რომ რაღაც ასეთს გააკეთებდა, რაიმე ჟესტს. და მეორეც - ეს ნაბიჯი გადაიდგა იმიტომ, რომ მინსკი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, კედელთან იყო მიყენებული. გავიხსენოთ, რომ ბელორუსიის წინააღმდეგ მიმართულია სამნაირი სანქციები - უკვე მოქმედების ორი სახის სანქციები: სავიზო და ეკონომიკური. ხოლო მესამეა სპორტული სანქცია - ეს არის მინსკში 2014 წელს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. თავი იჩინა საფრთხემ, რომ ლუკაშენკოს ამ ჩემპიონატსაც წაართმევენ“.

ჩემპიონატის ბელორუსიიდან გადატანის მოთხოვნა ბოლოხანს სულ უფრო ხშირად ისმის. ამ ინიციატივის მომხრეებს შორის არიან უფლებადამცველები, ზოგი ევროპარლამენტარი და ამერიკელი კანონმდებელი. მოსალოდნელია, რომ მომავალ თვეში შევიტყობთ, რას გადაწყვეტს ამ საკითხზე ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია. ჩვენი ბელორუსი კოლეგა, ალენა კოვაროვა შეგვახსენებს, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში, ჰოკეის დიდი მოყვარულია. ეს გატაცება შესაძლოა, დადებითად აისახოს პოლიტპატიმრების ბედზე...
XS
SM
MD
LG