Accessibility links

logo-print

იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე შემუშავებულ იქნა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლის უამრავი ახალი მეთოდი, კიბო ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად რჩება. თანამედროვე მედიცინას მოეპოვება არა მარტო დაავადების პრევენციული საშუალებები, არამედ ხშირ შემთხვევაში მკურნალობის წარმატებული მეთოდებიც, რომლებიც აფერხებს პირველადი სიმსივნური უჯრედების ზრდას.

თუმცა, კიბოთი გარდაცვლილთა შორის ბევრია ისეთი, ვინც მკურნალობის გართულებებით, ან მეტასტაზებით კვდება. როცა პირველადი სიმსივნური უჯრედები იცვლება და ორგანიზმის სხვა ნაწილებში გადადის, მათ მეტასტაზებს უწოდებენ. მეტასტაზები ჩნდება მაშინ, როცა პირველადი სიმსივნური უჯრედი ტოვებს კერას, სისხლის, ან ლიმფის საშუალებით ორგანიზმში მოძრაობს და კოლონიზირებისთვის ახალ ქსოვილს ირჩევს.

ბელგიელი მკვლევრები აცხადებენ, რომ კიბოს დამარცხების საქმეში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთი სახის კიბოს მეტასტაზების გავრცელების პროცესის შეჩერება შეძლეს. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მოახერხეს ძუძუსა და მელანომის სიმსივნური უჯრედების მეტასტაზების შეჩერება.

„როცა სულ რამდენიმე მეტასტაზია, მკურნალობა გამართლებულია და დაავადების მართვა შესაძლებელი ხდება. მაგრამ როცა მთელ ორგანიზმში უამრავი მეტასტაზის ვრცელდება, მაშინ პაციენტს მხოლოდ მდგომარეობას უმსუბუქებენ. სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ ასეა. ვფიქრობთ, მივაგენით მკურნალობის ისეთ მეთოდს, რომელიც მეტასტაზების პრევენციას შეძლებს. ეს კი, რა თქმა უნდა, დიდ იმედს აძლევს ავადმყოფებს, რომლებსაც მეტასტაზების გავრცელების საფრთხე ემუქრებათ“ - ამბობს პროფესორი პიერ სონვო, რომელიც ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობს.

კიბოს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მეტასტაზების გავრცელება რთული პროცესია და მისი დეტალების შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ ცნობილი არ არის.

„მაგალითად, უჯრედებმა ფორმა უნდა შეიცვალონ, რომ მეტასტაზად გადაიქცნენ. ჩვენ კი პასუხი არ გვაქვს ელემენტარულ კითხვაზე: როგორ შეუძლიათ მათ ფორმის შეცვლა და მეტასტაზებად ჩამოყალიბება?“ - აღნიშნავს ქრის ბეკალი, ლონდონში მდებარე კიბოს კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი.

ბელგიელმა მეცნიერებმა იმ მექანიზმს მიაგნეს, რომლის საშუალებითაც უჯრედებს ცვლილების კონტროლი შეუძლიათ. საუბარია ცვლილებებზე, რომელთაც ნაწილობრივ თავისუფალი რადიკალები იწვევენ. იმ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების მეტასტაზურ პროცესს უწყობენ ხელს, სუპეროქსიდს უწოდებენ. ძუძუსკიბოთი და მელანომით დაავადებულ თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტების ზემოქმედებით შეჩერდა სუპეროქსიდების წარმოქმნა. საბოლოო ჯამში კი ამ პროცესმა შეაფერხა პირველადი სიმსივნური უჯრედის მეტასტაზად გადაქცევა.

„ზოგიერთ მოდელში ასპროცენტიანი შედეგი გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტასტაზების გავრცელების პრევენცია ასი პროცენტით შევძელით. როცა მეცნიერი ხარ და ამგვარ შედეგს იღებ, შეიძლება გული წაგივიდეს, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი“ - ამბობს პროფესორი სონვო.

ბელგიელ მკვლევართა მიღწევას, რომელიც ჟურნალ „სელ რეპორტსში“ გამოქვეყნდა, სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქრის ბეკალი ამბობს, რომ ადამიანებში თავისუფალი რადიკალების დაბლოკვის შემთხვევაში კვლევამ, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს კიბოს მეტასტაზების შეჩერებისა და, ზოგადად, კიბოს მკურნალობის წარმატებულ მეთოდოლოგიას.

„კვლევის მიხედვით, თუ ყურადღებას გავამახვილებთ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესზე და შევაჩერებთ მათ გამრავლებას, ამან, შესაძლოა, გზა გაუხსნას თერაპიის ახალ მეთოდოლოგიას. მეტასტაზურ უჯრედებში თავისუფალი რადიკალების შემცირების გზით, სავარაუდოდ, შევძლებთ თავად მეტასტაზების გავრცელების პრევენციას“ - ამბობს დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი.

ბელგიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათ იმის გარკვევა სურთ, გაჭრის თუ არა იგივე მეთოდოლოგია სხვა ტიპის კიბოზე. მათი მიზანია, იგივე ექსპერიმენტი ჩაატარონ რამდენიმე სხვა ავთვისებიან სიმსივნეზე და ნახონ, რამდენად შეიძლება მეტასტაზების შეჩერება ნაწლავის, ფილტვისა თუ პროსტატის კიბოს შემთხვევებში. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ შემდეგი ნაბიჯი საჭირო პრეპარატების შექმნა და ბოლოს მათი კლინიკური ცდების მეშვეობით პაციენტებზე გამოცდა იქნება.

XS
SM
MD
LG