Accessibility links

ბელორუსიაში მღელვარებაა „მუქთახორობის გადასახადის“ შემოღების გამო


მინსკი, 2015 წლის 15 აპრილი

მინსკი, 2015 წლის 15 აპრილი

ბელორუსიაში მღელვარება მოჰყვა უმუშევართა დაჯარიმებისთვის დაწესებულ ახალ გადასახადს - კანონს, რომლის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს მიაჩნიათ, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და დამატებით ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ისედაც გაჭირვებულია.

ბელორუსიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გომელში, წარმატებული ბიზნესმენი იყო ვიტალი იურჩენკო. ახლა ის, ეკონომიკური კრიზისის გამო, იძულებული შეიქნა დაეხურა მაღაზია, შეეწყვიტა საქმიანობა და ამიტომ ვიტალიმ, როგორც უმუშევარმა, უნდა იხადოს წლიური გადასახადი, 245 დოლარის შესატყვისი, ბელორუსიაში საკმაოდ არსებითი თანხა, როგორც ჯარიმა იმისთვის, რომ უმუშევარია. ვიტალი მსხვერპლია „მუქთახორობის შესახებ“ კანონისა. თვითონ ყოფილი ბიზნესმენი ამ კანონზე ამბობს, საბჭოთა სუნი უდისო, და იხსენებს საბჭოთა კავშირში მოქმედ კანონს მუქთახორობაზე, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური დისიდენტებისა და მათ მიმართ იყენებდა, ვინც იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდა:

„37 წელივითაა: ან იმუშავე, ან გაიძულებთ. ხალხი, ალბათ, უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს და მართალიც იქნება. ჩვენი ინტერესები ჩვენვე უნდა დავიცვათ“, ამბობს ვიტალი იურჩენკო, რომელიც არ ახსენებს ამ კანონით დასჯილ ალბათ ყველაზე ცნობილ ადამიანს მსოფლიოში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, იოსიფ ბროდსკის, რომელსაც ხუთი წლით არხანგელსკში გადასახლება მიუსაჯეს სწორედ ამ „მუქთახორობისთვის“.

ახალი კანონი, რომელსაც ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ამ თვეში მოაწერა ხელი, მიზნად ისახავს „შრომისუნარიანი მოქალაქეები წააქეზოს იმუშაონ, შეასრულონ საკონსტიტუციო მოვალეობა, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ხარჯების დაფინანსებაში“. როგორ ადგენს მთავრობა, ვინ არის მუქთახორა? - მარტივად: ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც არ გადაუხდია წლის განმავლობაში, სულ მცირე, 183 დღის საშემოსავლო გადასახადი, ეკისრება ამ თანხის შეტანა. ის, ვინც ამ გადასახადს თავს აარიდებს, მეტს გადაიხდის: გადაუხდელობის გადასახადი კიდევ უფრო მაღალია. გამონაკლისს წარმოადგენენ სტუდენტები, სამი ან მეტი შვილის მშობლები, მოზარდები და პენსიონერები. ვიტალი იურჩენკომ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, კანონის საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზება. პეტიციის ტექსტში წაიკითხავთ, რომ ამგვარი ჯარიმა არღვევს კონსტიტუციას, რომელიც იცავს მოქალაქეთა ეკონომიკურ ინტერესებს და კრძალავს იძულებით შრომას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. იურჩენკო ამბობს, მთავრობამ უნდა შეასრულოს საკონსტიტუციო მოვალეობა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნას სამუშაო ადგილები ყველასათვის და იზრუნოს მათთვის, ვისაც არა აქვს სამუშაოო: „მთავრობისთვის უამრავი ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ხელფასები აქვთ. მათ უნდა გამონახონ გამოსავალი, ამისთვის უხდიან“.

პეტიციას 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ბევრი ემხრობა დოკუმენტს და აღშფოთებას იქვე გამოხატავს:

„კარგი ქალია ის, ვინც სამ შვილს ზრდის, მაგრამ ვინც ორ შვილს ზრდის და დიასახლისია, მუქთახორაა?“, გაბრაზებით ამბობს ნატალია კოზაკი, რომელიც პეტიციას აწერს ხელს.

გროზნოელი დანი კოლიაკოვი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს: „როგორ შეიძლება ასეთი კანონის მიღება, როცა ქალაქში სამუშაო არ არის?“

ტვიტერის საშულებით შექმნილია სალაღობო, ეგრეთ წოდებული ჰაშტაგი, სახელწოდებით „პრიდუმაი ნალოგ დლია ბელორუსი“, - „მოიგონე გადასახადი ბელორუსიისთვის“, - რომელსაც ბევრი იყენებს ამ მუქთახორობის კანონის დასაცინად. ერთი ამბობს, რომ უნდა შემოიღონ ესთეტიკური გადასახადი: თუ ღია ფეხსაცმელი და წინდა ერთად გაცვია, გადაიხდი. ხუმრობ, ესე იგი იცინი. იცინი, ესე იგი კარგად ცხოვრობ. ეს არაა კარგი, უნდა იტირო! - წერს სხვა. კიდევ ერთ აბსურდულ, კაგებეს გადასახადს სთავაზობსბელორუსებს სხვა მომხმარებელი: არ აბეზღებ? გადაიხადე, ხალხს მუშაობას ურთულებ. როგორც არაერთ სლავურ ქვეყანაში, ბელორუსიაშიც აქტუალური თემაა ალკოჰოლი. ჩანს, სმის მოყვარული არ უნდა იყოს ქალი, რომელიც წერს, უნდა დაწესდეს გადასახადი მათთვის, ვინც არ სვამს - ქვეყანას მუდმივად გამომთვრალი ხალხი სჭირდება ფაბრიკა-ქარხნებშიო. დაბოლოს, კიდევ ერთი გადასახადი, ასევე აბსურდის ნიმუში: გადასახადი სიკვდილისთვის. მოკვდი? კეთილი ინებე და გადაიხადე სასაფლაოს მიწისთვის, კრემატორიუმში სითბოსათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG