Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობა და რუსეთის ფაქტორი


ვიტალი ვოვკი, ოთარ დანელია, ლეონიდ ზაიაცი
ვიტალი ვოვკი, ოთარ დანელია, ლეონიდ ზაიაცი

22 აპრილს, ვიდრე ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თბილისს ესტუმრებოდა, საერთო ენა გამონახეს ორი ქვეყნის მინისტრებმა და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საწარმოების შექმნაზე შეთანხმდნენ. შეუშლის თუ არა ამ პერსპექტივას ხელს ის ფაქტი, რომ, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრობის მიუხედავად, ბელორუსია რუსეთის თაოსნობით მოქმედი ევრაზიული კავშირის წევრია, ხოლო საქართველო ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი?

საქართველოსთვის ბელორუსია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სავაჭრო სალდო დადებითია, ანუ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია აღემატება ბელორუსიიდან იმპორტირებულს. ამასთან, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი აღნიშნავს, ბოლო წლების პრაქტიკით, მაჩვენებლები საქართველოს სასარგებლოდ იზრდება:

კახა ბაინდურაშვილი
კახა ბაინდურაშვილი

„10 წლის განმავლობაში თუ შევადარებთ მაჩვენებლებს, 2004 წლიდან დაახლოებით 12-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ექსპორტი ბელორუსიაში. ბუნებრივია, ეს ბელორუსიას ხდის ძალიან მიმზიდველ ბაზრად ჩვენი პროდუქციისათვის. ამ ეტზე საქართველოდან ძირითადად გადის ალკოჰოლური და მინერალური სასმელები“.

ეს კომენტარი კახა ბაინდურაშვილმა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებულ საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმზე გააკეთა, რომელშიც მონაწილეობას იღებს 38 კომპანიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი ბელორუსიიდან. 22 აპრილს ბიზნესმენებმა ძველი თანამშრომლობა განამტკიცეს – 4 მილიონ დოლარამდე ღირებულების რამდენიმე პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ და, პარალელურად, თანამშრომლობის ახალი გზების ძიება დაიწყეს.

თანამშრომლობის ახალ გზებზე მსჯელობდნენ ოთხშაბათს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეკრებილი ორი ქვეყნის მინისტრებიც. ოთარ დანელიამ უმასპინძლა ბელორუსიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცსა და ბელორუსიის მრეწველობის მინისტრს ვიტალი ვოვკს. ოფიციალური ინფორმაციით, შედგა გაფართოებული შეხვედრაც, რომლის ფარგლებშიც „განიხილეს ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა“ და ასევე საქართველოში ბელორუსული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრის მოწყობის“ საკითხები. თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელორუსიის მრეწველობის სამინისტროს შორის 23 აპრილს გაფორმდება.

თანამშრომლობა კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს იჩენს ერთი შეკითხვა – შეძლებენ კი ჯანსაღ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას საქართველო და ბელორუსია? საქმე ის არის, რომ, მართალია, ორივე ქვეყანა – საქართველოც და ბელორუსიაც – ჩართულია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, განსხვავებულია მათი პრიორიტეტები და თუკი საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ბელორუსია რუსეთის ჩანაფიქრის – ევრაზიული კავშირის წევრია.

პროდუქცია უნდა იყოს წარმოებული საქართველოში და თუ ეს იქნება რეალურად წარმოებული ერთობლივი საწარმოს მიერ, მაგრამ წარმოშობის წყაროდ მითითებული იქნება საქართველო და დაკმაყოფილებული იქნება ყველა შესაბამისი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში არ გაჭირდება და უპრობლემოდ შევა ქართულ-ბელორუსული ერთობლივი ნაწარმი ევროკაშირის ბაზარზე...
ვანო ჩხიკვაძე

კონკრეტული პროექტების განხორციელებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე და ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას არავისთან უკრძალავს. ექსპერტის აზრით, მთავარია, რომ საბაჟო კავშირის წევრ ბელორუსიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გზაზე ხელისუფლებამ მუდმივად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები:

„ჩვენს მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ არ დაიწყოს ისეთი თანამშრომლობა, რომელიც ამ მიმართულებას, ამ ვექტორს შეუქმნის პრობლემას. იმედია, რომ გრძელდება არა მარტო დეკლარირებით, არამედ საქმითაც ის მიმართულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა არჩეული. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა არ მოისურვებს ისეთ ურთიერთობაზე წასვლას, რომელიც ამ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“.

საბაჟო კავშირის წევრ ბელორუსიასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაში ამ ეტაპზე საქართველოსთვის საფრთხილოს ვერაფერს ხედავს ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ბელორუსია ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესში:

„ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში ჩადებულია წარმოშობის სერტიფიკატის საკითხი, ანუ რეალურად პროდუქცია უნდა იყოს წარმოებული საქართველოში და თუ ეს იქნება რეალურად წარმოებული ერთობლივი საწარმოს მიერ, მაგრამ წარმოშობის წყაროდ მითითებული იქნება საქართველო და დაკმაყოფილებული იქნება ყველა შესაბამისი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში არ გაჭირდება და უპრობლემოდ შევა ქართულ-ბელორუსული ერთობლივი ნაწარმი ევროკაშირის ბაზარზე“.

წმინდა პრაგმატული ინტერესის გარდა, ვანო ჩხიკვაძის თვალთახედვით, ბელორუსია ცდილობს შეასრულოს ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მქონე ქვეყნებსა და საბაჟო კავშირში მყოფ ქვეყნებს შორის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG