Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნარ-ანრი ლევის „სასტუმრო ევროპა“


ბერნარ-ანრი ლევი
ბერნარ-ანრი ლევი

ფრანგი ინტელექტუალი ბერნარ-ანრი ლევი იმედოვნებს, რომ მისი ორსაათიანი პიესა-მონოლოგი ხელს შეუწყობს ევროპის კავშირში ბოსნია-ჰერცეგოვინის ინტეგრაციას. ნაწარმოების სახელწოდებაა „სასტუმრო ევროპა“. მისი პრემიერა 27 ივნისს გაიმართა სარაევოში.

რადიო თავისუფლების ბალკანური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ლევიმ თქვა, რომ მისი ნაწარმოები არა მხოლოდ პიესაა, არამედ ის ამავე დროს მიზნად ისახავს შეცვალოს ის აუტანელი ვითარება, რომელშიც იმყოფება ბოსნია. ლევის აზრით, „სასტუმრო ევროპა“ ბოსნიას შეიძლება დაეხმაროს სერბიაზე ადრე შევიდეს ევროპის კავშირში.

ლევის თქმით, პიესის მთავარი გმირი ემზადება სარაევოს ეროვნულ თეატრში ევროპის შესახებ სიტყვით გამოსასვლელად. ეს სიტყვა, რომელიც მან ორ საათში უნდა წარმოთქვას, ეძღვნება 1914 წელს სარაევოში ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფანც ფერდინანდის მკვლელობის მეასე წლისთავს. ამ მკვლელობას პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. ლევიმ უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა 28 ივნისს ფრანც ფერდინანდის მკვლელობის ასი წლისთავის აღნიშვნაზე.

ლევის თქმით, ფრანგი მსახიობი ჟაკ ვებერი, რომელიც თამაშობს სპექტაკლში, ერთ-ერთი მცირეთაგანია, ვისაც შეუძლია ორი საათის განმავლობაში დაატყვევოს მაყურებლის ყურადღება.

„ეს პიესა ეხება ევროპის მხრიდან ბოსნიის ღალატს 20 წლის წინ. ისაა იმ სირცხვილისა და ღია ჭრილობის შესახებ, რასაც ყველა ევროპელი, მათ შორის მეც, დავატარებთ ჩვენს სხეულში და რაც თქვენ, ბოსნიელებს გაქვთ თქვენს სხეულში. ეს პიესა ამავე დროს არის მომავლის იმედზე, იმის იმედზე, რომ საბოლოოდ ვალის გასტუმრება მოხდება,“ უთხრა ავტორმა ჩვენი რადიოს ბალკანურ რედაქციას.

ლევის არ მოსწონს, რომ მაისში ევროპის მემარჯვენე პარტიებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ევროპარლამენტის არჩევნებში. მაგრამ ის ფიქრობს, რომ ევროკავშირში ბოსნიის მიღებამ შეიძლება ევროპას ახალი იმპულსი მიანიჭოს. მისი აზრით, დღევანდელი ევროპა იმდენად სნეულია, იმდენად უსუსურია პოპოულიზმისა და რადიკალური ნაციონალიზმისკენ, ზოგ შემთხვევაში ფაშიზმისკენ მობრუნების გამოც, რომ ბოსნია ახალი სისხლი, სუფთა ჰაერი იქნება მისთვის.

ევროპის კავშირში ბოსნიის მიღება დიდხანს ფერხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორისაა ეთნიკურ ნიადაგზე უთანხმოებები და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება.

ლევი დიდი ხანია, უთანაგრძნობს ბოსნიელ ხალხს. იგი 1992 წლის ომის პერიოდში მრავალჯერ ესტუმრა სარაევოს. ამიტომაც, მისი სიტყვებით, ძალიან ძნელი იყო ამ პიესის დაწერა, ვინაიდან 20 წლის წინანდელი ამბები ხელახლა გაუცოცხლდა თვალწინ.

„არ ვიცი, წარმატებას მივაღწევ თუ არა. მაგრამ თუკი ამას მოვახერხებ, დიდი პრივილეგია იქნება ვიხილო, რომ თეატრი ასრულებს თავის ნამდვილ როლს - ის ცვლის სამყაროს,“ თქვა ბერნარ-ანრი ლევიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG