Accessibility links

ბიბილოვისა და სანაკოევის დაპირისპირება


ანატოლი ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი

გასულ კვირას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო უმრვლესობამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შემდეგ ცხინვალში ადგილობრივი ანალიტიკოსები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ამ ფაქტს უარყოფს. დავით სანაკოევისთვის უნდობლობის გამოცხადებას სხვა საპარლამენტო პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობამ სანაკოევისთვის უნდობლობის გამოცხადება მის მიერ საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ჩაგდებას აღიარების პოლიტიკის მიმართულებით და რუსეთთან ინტეგრაციის დოკუმენტის გასაჯაროებას დაუკავშირა, სანაკოევმა კი განაცხადა, რომ მის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

ცხინვალში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მისი გაძლიერება ოპონენტებისთვის არახელსაყრელია. ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ სანაკოევის უნდობლობას სხვა საპარლამენტო პარტიები მხარს არ უჭერენ. სანაკოევი თიბილოვის დანიშნულია და ბევრს გაუჩნდა კითხვა: რატომ უნდობლობა მხოლოდ სანაკოევისა და არა მთელი მთავრობის მიმართ? რუსეთთან ინტეგრაციის დოკუმენტის მიღებისას სანაკოევი აფხაზურ ვარიანტს უჭერდა მხარს, ბიბილოვის „ედინაია ოსეტია“ კი რუსეთთან გაერთიანების მომხრე იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ღია დაპირისპირება. ანატოლი ბიბილოვი კი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის კონფლიქტს ვერ ხედავს.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა მინისტრის გადაყენებას ხელი თუ არ მოაწერა, ორი თვის განმავლობაში ამ მინისტრის უნდობლობის საკითხი კიდევ ერთხელ დადგება, ამის შემდეგ კი პრეზიდენტი ვალდებული იქნება ის გადააყენოს. ბიბილოვი აცხადებს, რომ უნდობლობის საკითხს მეორედაც დასვამს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ დეპუტატებს საგარეო უწყების საქმიანობა არ აინტერესებდათ და კითხვები ძირითადად მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდა. ამიტომ სანაკოევი გამოცხადებულ უნდობლობას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

ცხინვალელი პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი ფიქრობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და რომ ამ პროცესს პოლიტიკური ორთაბრძოლა ჰქვია. მისი აზრით, ბიბილოვისა და სანაკოევის პოლიტიკური ხედვები რადიკალურად განსხვავებულია და ეს საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდა.

ცხინვალელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამჟამად სამხრეთ ოსეთში არაჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროა და პოლიტიკოსებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ სიძულვილი აქვთ, რაც ხშირად პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს.

XS
SM
MD
LG