Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილოგია XIX-XX საუკუნის საქართველოზე


დღეს თითქოს რუბრიკის ფორმატს ვარღვევთ: ერთ კი არა, ორ წიგნზე ვილაპარაკებთ, მაგრამ მხოლოდ თითქოს, რადგან აკა მორჩილაძის ეს ორი წიგნი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული, დილოგიასავითაა - ბოლო ორი საუკუნის საქართველოს ხატავს, ოღონდ სულ სხვადასხვა რაკურსით და განსხვავებული აქცენტებით. მეტიც, ამ წიგნებში არც თხრობის მეთოდი ჰგავს ერთმანეთს და არც არქიტექტონიკა. პირველს - „ქართულის რვეულებს“ - ქვესათაურად „XIX საუკუნის სურათები“ აქვს მიწერილი, თუმცა წიგნში მოთხრობილი ამბები მე-20 საუკუნეში გადმოდის და 20-იან წლებამდე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, მოდის. მეორე წიგნი - „ჩრდილი გზაზე“ - მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან 90-იან წლებამდე მიმდინარე იმ ფარულ პროცესებს იკვლევს, თანდათანობით ღიაში რომ გადადიოდა და ქვეყნის სახეს აყალიბებდა. არსებითად, ამ ორ წიგნს შორის არის პატარა, სულ რაღაც ოცწლიანი წყვეტა - 20-30-იანი წლები, თავისი პოეტური ორდენებითა თუ რეპრესიებით, რომელსაც ავტორი ჯერ არ შეხებია. ანუ ჯერჯერობით ხელთ ეს დილოგია გვაქვს, მაგრამ პერსპექტივაში, ისტორიული სურათის გასამთლიანებლად, იგი შეიძლება ტრილოგიადაც კი იქცეს.

„ქართულის რვეულები“ მე-19 საუკუნის საქართველოს მთავარი ფიგურების ცოცხალი პორტრეტებითაა აგებული. ყველაფერი მათ ირგვლივ ტრიალებს. წიგნის კომპოზიციაც ისტორიული და ქრონოლოგიური პრინციპების დაცვითაა აწყობილი. ერთი თავი ბარათაშვილისაა, მეორე - ილიასი, მესამე - აკაკის, მეოთხე - იაკობის, მეხუთე - რაზიკაშვილების, მეექვსე - ივანე მაჩაბლის და ა.შ. აქ ავტორი ანგრევს კლასიკოსთა აღწერის იმ გაქვავებულ სტერეოტიპებს, რაც ჩვენ დღემდე მოგვყვებოდა და რაკი ანგრევს, იმედია, ეს დანგრევა ლოკალური არ იქნება და სასკოლო პროცესზეც იქონიებს გავლენას. ისტორიისა და ქართული ლიტერატურის მასწავლებლები თუკი მე-19 საუკუნის ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გაშეშებულ სახეებს თანდათანობით იმ ტიპაჟური, სახასიათო პორტრეტებით ჩაანაცვლებენ, რომლებიც აკა მორჩილაძემ შექმნა, მოზარდები ეპოქის სულსაც უკეთ იგრძნობენ და მათ ნაწერებთან თუ ნამოქმედართანაც უფრო მიუვათ გული.

აი, რას ამბობს ამ წიგნების შესახებ ფილოლოგი დავით პაიჭაძე:

დავით პაიჭაძე
დავით პაიჭაძე

„როცა ამბობდნენ, რომ აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“ ეს არის, უბრალოდ, წიგნად ქცეული ტელეგადაცემები აკა მორჩილაძის, მე მიჭირდა ამას დავთანხმებოდი, იმიტომ რომ ნანახი მაქვს ერთიც და წაკითხული მაქვს მეორეც და, რა თქმა უნდა, იქ მოთხრობილი ამბები შეიძლება შინაარსობრივად ერთმანეთს ჰგავდეს, მაგრამ გემო, რაც შეიძლება ამ ამბებს მკითხველმა ჩაატანოს, სხვადასხვაა იმას შორის, რასაც აკა ჰყვება თავისი ხმით და რასაც გიყვება თავისი ტექსტით. მაგრამ რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ განსხვავებაზე, განსხვავება მაინც არის ჟანრული. „ჩრდილი გზაზე“ არის მაინც პუბლიცისტიკა, ერთი მწერლის ფიქრი სინამდვილეზე, პოლიტიკაზე, სოციალურ სინამდვილეზე და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე მე-20 საუკუნის მანძილზე და ის, „ქართულის რვეულები“, დაშორებული ჩვენგან დროში, არის ისტორია, რომელიც შეავსებს ჩვენს ცოდნას, ჩვენს ბევრ თეთრ ლაქას, იმიტომ რომ ჩვენ ეს ისტორია არ გვისწავლია იმ განზომილებით, რომლითაც გვაწვდის აკა მორჩილაძე, ეს განზომილება კი არის ადამიანური.

ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, აღმოაჩენს, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილს. ვინ არის ბარათაშვილი? წაიკითხავ და გგონია, რომ არის მერანზე ამხედრებული, ღრმად ჩაფიქრებული, მწუხარე, სადღაც მიმქროლავი რაინდი... ასეთ სტერეოტიპებს გვინერგავდნენ. აღმოჩნდა, რომ ის არის უაღრესად მიწიერი ადამიანი, მხიარული, შეიძლება ცოტა ჩასუქებულიც და, რა თქმა უნდა, იმ თავის დრამით, რომ ფეხი მოიტეხა და ბედს ვერ ეწია. მძიმე ოჯახით, რადგან ტირანი და უხასიათო მამა ჰყავდა, რომელმაც არ გაახარა თავისი შვილი, მაგრამ მისი ხასიათი, მისი უნარები, ყოფილიყო ინფორმაციის მიმტან-მომტანი და სული და გული კამპანიების... პირი დავაღე, რომ ვკითხულობდი. არ მეგონა, რომ ასეთი კაცი დაწერდა ისეთ ლექსებს. მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ რატომაც არა!..“

წიგნის ხიბლი იმაშიცაა, რომ საუკუნის ამ მთავარ პერსონებთან ერთად თავისას ფიქრობენ, თავისას იბრძვიან და თავის საქმეს აკეთებენ ისტორიის ანალებში მეტ-ნაკლებად ჩაკარგული ადამიანებიც: თავადები, ვაჭრები, სამხედროები, სხვადასხვა ჯურის მარგინალები - ფირალები თუ აბრაგები, ტერორისტები, რევოლუციონერები... „ქართულის რვეულები“ დაახლოებით ასწლიან პერიოდს მოიცავს და კითხვის პროცესში არა მხოლოდ თვალსაჩინოდ ხედავ, როგორ იცვლება დრო, გარემო, მიდგომები, არამედ ელემენტარულად გრძნობ ტემპორიტმს, მის აჩქარებას. თავიდან ყველაფერი ნელია, ტახტებზე წამოწოლილი არხეინი თავადები ყალიონებს აბოლებენ, ამთქნარებენ, ჰა-ჰა, ხანდახან „სახარებას“ ან „ვეფხისტყაოსანს“ გადაფურცლავენ, მერე ცხოვრება იღვიძებს, დინამიკური ხდება, ცვლილებებზე ორიენტირებული, 60-იანელების იდეური და პიროვნული შეჯახებები ცხოვრების სტილს საზღვრავს. დაბოლოს, რევოლუციონერები იჭრებიან ამ ყოფაში და ახალ ტემპს კრეფენ, სულ სხვას, გიჟურს...

შენ ხვდები, რა პერვერსიული ყოფა იყო ეს, რა ღირებულებებზე იდგა, რა ქცევებზე, რას ესწრაფოდნენ იქ ადამიანები. სხვათა შორის, ეს ჩემი განცდაა და არამც და არამც მწერლის მიერ თავსმოხვეული თვალსაზრისი. ჩემი დაკვირვებით, აკა ძალიან ტაქტიანად წერს, არ გიმტკიცებს, არ გიჩიჩინებს. ტონალობა ამ წიგნის ძალიან მნიშვნელოვანია...
დავით პაიჭაძე

ერთი სიტყვით, ეს ისტორიული რომანი არაა, არც ისტორიული კვლევაა, ეს უფრო „ისტორიულ კინოს“ ჰგავს ჟანრობრივად, თავისი უთვალავი გმირით, ბათქაბუთქით, ინტრიგებით, შენელებული თუ აჩქარებული კადრებით... ასეთი კინო კი, ხომ იცით, როგორ უყვართ მოზარდებს... ჰოდა, თუნდაც ამიტომ უნდა ურჩიონ მასწავლებლებმა მისი წაკითხვა თავიანთ მოსწავლეებს. ხოლო რაც შეეხება მეორე წიგნს, აქ ყველაფერი სულ საპირისპიროდაა: ავტორი აქ ქრონოლოგიას კი არა, ცნობიერების ნაკადს მისდევს და, ამავე დროს, ეპოქის გმირები სრულიად არ აინტერესებს. ესაა „ისტორია უგმიროდ“, თუმცა, არა, მთლად უგმიროდაც არა - ერთი პერსონა მაინც არის, ვის ირგვლივაც ბევრი რამ ტრიალებს - იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. სტალინიზმის ეპოქაა, „ოტტეპელის“ თუ „ზასტოის“, მისი ლანდი ყველაფერს დაჰკრავს. საერთოდ, ეს ლანდები, ეს ჩრდილები მთავარია ამ წიგნში, რომელიც „მზიური საქართველოს“ ცხოვრების წესებს უკირკიტებს. 50-იანი წლების ძველი ქართული ფილმის სათაურიც იდეალურად მოერგო მას, რადგან თვითგადარჩენის ის გზა, რასაც ქვეყანა 40-იანი წლებიდან თანდათანობით დაადგა, აკა მორჩილაძის ვერსიით, არის ქურდული მენტალიტეტის ჩამოყალიბება და მისი შეზრდა ე.წ. „ჩრდილოვან ეკონომიკასთან“. მწერალი აკვირდება იმ ბიჭებს, რომელთაც ომში წასვლა არ მოუწიათ, მაგრამ ოჯახი რომ გაეტანათ, ნელ-ნელა ხელმრუდობას მიეჩვივნენ... აკვირდება ქუჩებს, „კომუნალკებს“, სადაც ისინი იზრდებიან და ვაჟკაცდებიან, სადაც სხვადასხვა სოციალური ფენებიდან გამოსული ადამიანები იწყებენ ერთმანეთის „გაგებას“, სადაც უკვე ჩინოვნიკს საქმოსანი სჭირდება, საქმოსანს - ქურდი, ქურდს -ინტელიგენტი; როცა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს „გადაზელილობა“ ქმნის ცხოვრების წესს. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ამბები მოთხრობილია ძველი, ყურმოკრული, ზეპირი ისტორიების გაცოცხლებით, სხვადასხვა პერიოდის ქალაქური წეს-ჩვევების, ჩაცმულობის სტილის, ქცევის მანერების, ყოფის დეტალების კოლორიტული აღწერით და, რაც მთავარია, ლექსიკით, ფრთიანი ფრაზებით, ბარბარიზმებით. აკა მორჩილაძე კარგად ახერხებს კონკრეტული გამონათქვამები ერთგვარ კოდებად, წარსულიდან წამოსულ მესიჯებად აქციოს, რომელთა მიღმაც ძალიან ბევრი რამ იკითხება.

მოვუსმინოთ ისევ დავით პაიჭაძეს:

„შენ ხვდები, რა პერვერსიული ყოფა იყო ეს, რა ღირებულებებზე იდგა, რა ქცევებზე, რას ესწრაფოდნენ იქ ადამიანები. სხვათა შორის, ეს ჩემი განცდაა და არამც და არამც მწერლის მიერ თავსმოხვეული თვალსაზრისი. ჩემი დაკვირვებით, აკა ძალიან ტაქტიანად წერს, არ გიმტკიცებს, არ გიჩიჩინებს. ტონალობა ამ წიგნის ძალიან მნიშვნელოვანია. ის კი არა, შეიძლება გაგიჭირდეს ამოიცნო, რადგან არ აკეთებს ამას, მაინც რომელ მხარეზეა ავტორი, რაღაცებს რომ აანალიზებს, თვითონ რას ფიქრობს ამ ანალიზის მიღმა“.

მე წიგნის ავტორის თანატოლი ვარ და ამიტომ მის მიერ აღწერილი 70-80-იანი წლები, სხვა თუ არაფერი, ჩემთვის საოცრად შინაურია, მაგრამ ამ „შინაურობასთან“ ერთად, კითხვისას სულ ვგრძნობდი, რომ მას, როგორც ფენომენს, ვხედავდი და თავიდან ვაანალიზებდი. ცხადია, სულ სხვა ეფექტი ექნება ამ წიგნს ახალი თაობისათვის: მათთვის ხშირად ასე გაუგებარი ქართული „საბჭოურობა“ აკა მორჩილაძეს, შეიძლება ითქვას, „მარტივ მამრავლებად“ აქვს მათთვის დაშლილი, თან ხალისიანი საკითხავის სახით. საბოლოო ჯამში კი, ეს ხალისიანი საკითხავი მნიშვნელოვანი არქივია, თავისი გამოკვეთილი კონცეფციით, თუ რა იყო მიზეზები იმისა, რომ ასეთი საბჭოთა საქართველო მივიღეთ.

XS
SM
MD
LG