Accessibility links

logo-print

სულ მალე თბილისს გონკურების პრემიის ლაურეატი ჟან რუო ეწვევა. იგი მწერალთა სახლში 19 მარტს, 18:00 საათზე შეხვდება მკითხველს, ხოლო მეორე დღეს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაშიც შეივლის 6-ის ნახევარზე. ჟან რუომ, სრულიად უცნობმა მწერალმა, თავის პირველ რომანში, „ღირსების ველებში“ დაიმსახურა ეს პრემია 1990 წელს. ქართულად მისი სწორედ ეს წიგნი ითარგმნა შარშან ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის დახმარებით დავით კახაბერის მიერ, და დაბეჭდა გამომცემლობა „ელფმა“. როგორც ხედავთ, ფრანგი მწერლის ჩამოსვლამდე თითქმის ორი კვირაა ჯერ დარჩენილი და თუკი დაინტერესებულ მკითხველს ეს წიგნი ჯერ კიდევ არ გადაუშლია, დარჩენილ პერიოდში სრულიად თავისუფლად შეუძლია გაეცნოს პრემირებულ რომანს და ლაურეატ მწერალთან შეხვედრაზეც თავისი შთაბეჭდილებებით თუ შეკითხვებით წავიდეს.

მე ვთვლი, რომ ის, რამაც ფრანგი მკითხველი უცებ ძალიან აღაფრთოვანა, ეს არის ძალიან მდიდარი ლექსიკა. ვისაც ფრანგულად შეუძლია წაიკითხოს, დიდ სიამოვნებას მიიღებს, მაგრამ არც ქართული არ არის ამ მხრივ ნაკლები. რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ნაწარმოებით მოიხიბლო...

მწერლისა და მისი შემოქმედებისადმი ინტერესი რომ გაგიღვივოთ, დღეს ჩვენ სწორედ „ღირსების ველებზე“ ვილაპარაკებთ, ავტორზე და მის რომანზე სასაუბროდ კი მოვიწვიეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორი, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი.

თამარ ხოსრუაშვილი: „შარშან პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის მხარემ შემოგვთავაზა რაიმე ნაწარმოები შეგვერჩია და გამოგვეცა, რომელიც ამ თემაზე იქნებოდა და ჩვენ შევარჩიეთ ჟან რუოს ეს რომანი. შიგ ნაწარმოებში, როცა კითხულობთ, ომი არ მიმდინარეობს. ეს არის ნაწარმოები, რომელიც არის ოჯახზე უკვე ომის შემდგომ დროინდელ პერიოდზე. თვითონ ჟან რუოც დაიბადა 1952 წელს, როცა პირველი მსოფლიო ომიც ჩავლილი იყო და მეორეც ჩავლილი იყო, მაგრამ ცხოვრობდა ოჯახში, რომელსაც განვლილმა ომებმა დაღი დაასვა, და არა მარტო მას. თაობა, რომელსაც ომი თვალით არ უნახავს, იზრდებოდა ომისგან გამოყოლილ დათრგუნვილ გარემოში, ომით ნაკვები თაობა იყო მაინც.

როგორც ყველა მწერალმა თავიდან თვითონაც პოეზიით დაიწყო, გატაცებული იყო პოლ კლოდელითა და პოლ ელუარით და ამანაც იმოქმედა. ნანტის უნივერსიტეტში როცა სწავლობდა და იმის შემდგომი პერიოდი, ესაა დაახლოებით 70-80-იანი წლები, მასაც ჰქონდა ასეთი აზრი და მის თანატოლებსაც, რომ იმისათვის, რათა შეინარჩუნო შინაგანი თავისუფლება, არ უნდა წახვიდე კარიერის მიმართულებით, არ უნდა იპოვო რაიმე ისეთი სამსახური, რომელსაც მუდმივად გაყვები და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ემუშავა მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც თავს ირჩენდა. ამიტომ სულ პატარ-პატარა სამსახურებს ეძებდა, დროებითებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ნანტში, მუშაობდა ხან გაზეთში ჟურნალისტად, ხან ბენზინგასამართ სადგურზე, წიგნის მაღაზიაშიც იყო, გაზეთების ჯიხურშიც და სწორედ იმ დროს, როცა ერთ-ერთ გაზეთების ჯიხურში დიდხანს შერჩა პარიზში, ეს იყო მე-19 უბანი, გაითქვა სახელი როგორც ძალიან საინტერესო მოსაუბრემ, ძალიან საინტერესო ადამიანმა და ამ პერიოდში იყო, რომ შეხვდა ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი ჟერომ ლენდონი, და მან შესთავაზა, რომ დაენებებინა თავი ასეთი ექსპერიმენტული წერისთვის და ეცადა რაღაც კლასიკური სტილის რომანი დაეწერა, მოესინჯა. ჟან რუოს დაუჯდა ჭკუაში ეს შემოთავაზება და დაწერა „ღირსების ველები“. მერე ამ რომანს სხვებიც მოჰყვა, მოჰყვა კიდევ ასეთივე ოთხი ავტობიოგრაფიული რომანი და შეიკრა ერთგვარი ციკლი“.

ეს ოჯახური საგა ბავშვის თვალით დანახული ისტორიებია. იგი ძალიან შთამბეჭდავად იწყება, წვიმის ქვეშ. ყველაფერი, რაც ხდება, კოკისპირულ წვიმაში თუ დაუსრულებელ ჟინჟღვლაში ხდება. ერთ-ერთი განსაკუთრებული სივრცე, სადაც ეს პროცესი საოცრად საინტერესოდ მიმდინარეობს, პაპას „ჯაბახანა“ მანქანაა, რომლითაც იგი თავის ოჯახის წევრებს ლუარას გზებზე დააქროლებს და სადაც წვიმის წვეთები თანდათანობით ყველა მხრიდან იწყებენ ხოლმე შემოღწევას. წყალთან ბრძოლა აქ სულ სხვადასხვა ფორმას იღებს: ვისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოა, ვისთვის სრულიად ზედმეტი და არაფრის მომცემი, ვისთვის კი სასაცილო. ის წვიმის წვეთები, რომლებიც ბრეზენტის ღრიჭოებიდან კაბინაში მოიპარებიან და პაპას ეკიდებიან ცხვირის წვერზე, მერე კი თანდათანობით გუბეებად დგებიან, ბებიას აცოფებს, პაპას სრულიად მშვიდს ტოვებს, შვილიშვილს კი ამხიარულებს. როდესაც წიგნის კითხვა დავიწყე, საერთოდ ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ მთელი რომანი წვიმის ქვეშ ჩაივლიდა, აი, „მარტოობის ას წელიწადში“ რომ ნახევარი წელი წვიმს, რაღაცნაირად ამ იდეის სრულყოფილი მხატვრული რეალიზაცია იქნებოდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა წვიმამ ტექსტში გადაიღო და მართალი გითხრათ, ცოტა გული დამწყდა, მწერლის მიერ ხელიდან გაშვებულ საინტერესო კონცეფციად მომეჩვენა, თუმცა მერე რომ დავფიქრდი, ყოველივე ამას თავისი ახსნა მოვუძებნე:ის, რაც ბავშვისთვის ასეთი შთამბეჭდავია - წვიმის წვეთებთან თამაში, მისით გართობა - თანდათანობით, ასაკის მატებასთან ერთად, მაინც რუტინად იქცევა, იმად, რის ფონზეც უკვე უფრო მძაფრი და მნიშვნელოვანი დრამები თამაშდება. აქაც ასე ხდება: ბავშვი იზრდება, და ბუნებრივი სტიქია უკანა პლანზე ინაცვლებს, ადამიანურ სტიქიებს უთმობს ადგილს.

თამარ ხოსრუაშვილი

თამარ ხოსრუაშვილი

თამარ ხოსრუაშვილი: „წვიმას რაც შეეხება, წვიმა საერთოდ, მე მგონი ნაწარმოების კიდევ ცალკე პერსონაჟია, ასე ვიტყოდი. თვითონ მწერალი არის ლუარ-ატლანტიკის რეგიონიდან და ცნობილია ეს რეგიონი დიდი წვიმებით. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომელმაც წიგნი წაიკითხა: მესამედიც არ მქონდა ჯერ წაკითხული და უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, ერთიანად დავსველდი ამ წვიმისგანო - და მართლა ასეა“.

ჟან რუო განსაკუთრებულ მხატვრულ ხერხებს არ ეძებს ამ რომანში. ის უბრალოდ ძერწავს ტიპაჟებს, მშვიდად და თბილად ჰყვება მათ ამბებს. რა თქმა უნდა, აქ არის დრამებიც, არის სიკვდილიც, არის ყველაფერი ის, რაც ცხოვრებაშია, მაგრამ ეს არაა ხელოვნურად გამძაფრებული. მკითხველის ჩასათრევად ის სპეციალურად არ ხლართავს ადამიანების ბედისწერებს ერთმანეთში, არ ხუნძლავს ტექსტს ინტრიგებითა და იდუმალი ამბებით. არადა, სწორედ ასე, ბუნებრივად მოყოლილი ისტორიები ითრევდა მკითხველს სულ მუდამ და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომაცაა ოჯახური საგა, როგორც ლიტერატურული ჟანრი, ასეთი სიცოცხლისუნარიანი. ასე ფიქრობს თამარ ხოსრუაშვილიც.

თამარ ხოსრუაშვილი: „ამ საოჯახო საგებს ისა აქვს საერთო ყველა ეროვნების ადამიანისთვის, რომ ყველას გვყავს ასეთი წინაპრები, ასეთი გაუთხოვარი მამიდები, ასეთი ბაბუები, ძალიან საყვარლები, რაღაც რომ უთქვამთ ჩვენთვის და ეს მთელი ცხოვრება გვახსოვს, ასეთი ნათესავები, ნათესავებისგან მოყოლილი წინაპრების ამბები. ეს ძალიან საერთოა ყველასთვის და როცა ამას ასე თავმოყრილად, კარგად, გემრიელად კითხულობ, შენთვის ახლობელია და იხიბლები და გიტაცებს. მაგრამ გარდა ამისა, მე ვთვლი, რომ ის, რამაც ფრანგი მკითხველი უცებ ძალიან აღაფრთოვანა, ეს არის ძალიან მდიდარი ლექსიკა. ვისაც ფრანგულად შეუძლია წაიკითხოს, დიდ სიამოვნებას მიიღებს, მაგრამ არც ქართული არ არის ამ მხრივ ნაკლები. რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ნაწარმოებით მოიხიბლო, ეს არის ავტორის იუმორი, თავისებური ფრანგული იუმორი. ეს ისეთი ნაწარმოები არ არის, რომ წაიკითხო და წიგნის ხელიდან გაუშვებლად იხარხარო და იცინო, მაგრამ კითხულობ, ნაღვლიან ამბავს ჰყვება და უცებ ხედავ, რომ რაღაცა გამოსჭვივის, თვალის ჩაკვრასავით, პატარა იუმორისტულ ფრაზას გეტყვის, გაგეცინება, გესიამოვნება“.

ერთი სიტყვით, 19 მარტამდე გირჩევთ წაიკითხოთ ჟან რუოს „სველი ოჯახური საგა“, მერე კი მწერალთა სახლს ეწვიოთ და საგაზეთო ჯიხურის გამყიდველიდან ერთი ფეხის დაკვრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგული ლიტერატურული პრემიის ლაურეატად ქცეულ მწერალს მოუსმინოთ.

XS
SM
MD
LG