Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეტაძაღლი“ ნიკა ჯორჯანელის ჩიხში


„განცდა ხავერდისაგან“, „სიმღერები დაწყვეტილი სიმებისთვის“ და ახლა „მექსიკური ჩიხი“ - ასეთია ნიკა ჯორჯანელის წიგნების ჩამონათვალი. ჩიხი? პოეტი უცებ რაღაც ჩიხს გვთავაზობს. ეს მუდამ საინტერესოა, იმიტომ რომ ცნობიერად თუ არაცნობიერად პოეტებს უყვართ ჩიხები, მათი შექმნა და მკითხველის იქ შეყვანა. და ეს ჩიხები სხვადასხვანაირია - ხან ენობრივია, ხან აზრობრივია, ხან ფორმალისტურია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პოეტი თავისი ჩიხის შექმნას ახერხებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მკითხველი, რომელიც ამ ჩიხში მოხვდება, მას შეუმჩნევლად ვერ დატოვებს. ის მას აუცილებლად დაამახსოვრდება. ეს ვერ იქნება რომელიღაც რიგითი ქუჩა, რომელსაც ვერც კი დაიმახსოვრებს. და მით უმეტეს, ასეთია ჩიხი კოლეგა-პოეტისათვის. მას შეიძლება გულუბრყვილოდ ეგონოს, რომ თავისი შემოქმედებით ის მის პოეზიას გააგრძელებს, მის ქუჩას დააგრძელებს და გამზირად აქცევს, მაგრამ გაწბილდება, რადგან უცებ ამოქოლილ კედელს დაეჯახება შუბლით და უკან გამობრუნება მოუწევს. ერთი სიტყვით, პოეტის ჩიხი საინტერესო ფენომენია. და თუ ასეა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს სათაური - „მექსიკური ჩიხი“ - ნიკა ჯორჯანელის ახალი წიგნის ყდაზე, რომელიც შარშან გამომცემლობა „საუნჯემ“ დასტამბა, შემთხვევით მოხვდა ვითომ? უფრო უნდა ვიფიქროთ, რომ პოეტმა ეს შეგნებულად გააკეთა. ხოლო თუ რა ხდება წიგნში, რა ჩიხსა თუ ჩიხებზეა ლაპარაკი, ამაში გასარკვევად მე პოეტ შალვა ბაკურაძეს ვთხოვე დახმარება.

შალვა ბაკურაძე: ეს ჯორჯანელის ჩიხია - ის მარტოობის ტაძართან მიგვიყვანს. ეს არის წიგნი, რომელიც პოეზიის მკითხველს, - და აქ მე არ განვარჩევ ერთმანეთისაგან კლასიკური პოეზიისა და თანამედროვე პოეზიის მკითხველს, - შესაძლებელია წიგნი არ მოეწონოს. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არა იმის გამო, რომ ვერშემდგარი წიგნია, არამედ იმიტომ რომ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალურად გამართული წიგნი, რაც ოდესმე წამიკითხავს. წიგნი არის რთული ენობრივად და ავტორს მიზანმიმართულად აქვს მსგავსი ენობრივი სირთულე შემოტანილი. საქმე გვაქვს ვიზუალთან, რომლის ფონზეც ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, ვიცხოვროთ, მოვკვდეთ, ვიყოთ მარტონი, დავიბადოთ და ა. შ.

შალვა ბაკურაძემ აქ აქცენტი გააკეთა სწორედ იმ ლექსზე, რომელიც წიგნის სათაურადაა გამოტანილი.

შალვა ბაკურაძე: ერთი შეხედვით, ეს არის ანტილექსი, თუმცა თუ ამ ლექსს ჩვენ წიგნის კონცეფციად განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ასო-ნიშნები, სიტყვები, სიტყვათშეთანხმებები, წინადადებები, რაც შეადგენს წიგნის შიგთავსს, მსგავსი ვიზუალური სიზუსტით არის გადანაწილებული და ქმნის ერთგვარ მთაგორიან ლანდშაფტს. ანუ აქაა მიზანმიმართული ჩავარდნები, რომელსაც თან ახლავს ძლიერი, მწვერვალზე ამყვანი პოეტური ფრაზები. ამის მაგალითები წიგნში ძალიან ბევრია - როგორც უფსკრულისა, ისევე ზესკნელების.

ნიკა ჯორჯანელის დამოკიდებულება სიტყვებთან და ქართულ ენასთან, ძირფესვიანად განსხვავდება ყველა იმ ქართველი ავტორის დამოკიდებულებისაგან, რომელიც მე წამიკითხავს, დაწყებული ალბათ ჰიმნოგრაფებიდან, დამთავრებული ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდა ავტორებით. ნიკა ჯორჯანელი თითქოს ქართულადაც არ წერს ხშირ შემთხვევაში, იმდენად განსხვავებულ მხატვრულ ხერხებს იყენებს და ისე მოულოდნელად, რომ ვერავის ვერ შევადრიდი ქართულ პოეზიაში.

შალვა ბაკურაძე
შალვა ბაკურაძე

კონსტანტინოს კავაფისს ჰქონდა თავისებური მიდგომა პოეზიისადმი. ის ამბობდა, მე მინდა იმას მივაღწიო, რომ ჩემი ლექსები პწკარედებს ჰგავდესო. ამ შემთხვევაშიც ჯორჯანელის ლექსები (არა მთლიანობაში, არამედ ფრაგმენტულად), ძალიან ჰგავს პწკარედებს. რაღაც ფრაზები სხვა ენის სინტაქსზეა თითქოს აწყობილი. თუმცა როგორც ის ერთგან ამბობს: „რა უნდა საჭირო სიტყვების გამართვას, / როდესაც ისინი ისედაც მიზნებშია“. ამიტომ ეს უცხო სინტაქსი უცებ შენს თვალწინ, თვალის დახამხამებაში სწორდება ხოლმე და შთამბეჭდავი სახეები მოაქვს ღრმა შინაარსით. არის რაღაც მოტივები, რაც მთელ წიგნს მსჭვალავს. ერთ-ერთი ასეთი მოტივია ადამიანი და სივრცე, ადამიანი და სიცარიელე, მათი ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად, ერთ ლექსში ჩვენ ვხედავთ სივრცეს, რომელიც, „როგორც ავტობუსი მთვრალი მართვისას“, ყირავდება, „შემდეგ კი დროის მიმოხვეულ ყელში გაღვრილი“, პატარავდება და „მეტაძაღლივით“ პროტაგონისტს უწყებს ძებნას, რადგან ის ამ სივრცეში აღარაა. თან „ისევ“ აღარაა, ანუ ეს პირველად არ მომხდარა: სივრცე, რომელიც აქეთ ეძებს ადამიანს და არა პირიქით, როგორც ეს ჩვეულებრივ წარმოგვიდგენია ხოლმე. ჯორჯანელის „მეტაძაღლი“ სულ დაძრწის წიგნის გვერდებზე, სულ დაეძებს ვიღაცას. მაგალითად, „სომალელ მეკობრეებში“ ის თავის სტივენსონს ეძებს, მხსნელივით მოელის, რადგან მათ სათავგადასავლო, საფათერაკო, კრიმინალურ სივრცეს თავისი აღმწერი სჭირდება, რათა ისინი შედგნენ, მათი არსებობა გამართლდეს. და შეიძლება ასეც ითქვას, რომ სწორედ ნიკა ჯორჯანელია მათი სტივენსონი, ადამიანი, რომელმაც მათზე ლექსი დაწერა.

თუმცა, ადამიანის თავგადასავალი სულაც არაა საჭირო, რომ სომალელი მეკობრეების თავგადასავალს ჰგავდეს. მეტიც, ჯორჯანელის აზრით:

„ვინც ეძებს ნამდვილ

თავგადასავალს,

ის ქვეყანაზე

მოგზაურობას

არ ეხარბება;

ის საცხოვრებლის

სჯერდება ფართობს

და კომუნალურ

გადასახადებს

სულ ისე იხდის,

თითქოს სამგზავრო

ბილეთს ყიდულობს“.

ნიკა ჯორჯანელის ყველა წიგნი არის გარდამტეხი. ის მუდამ ექსპერიმენტებს ატარებს და ამაში მას ეხმარება ისიც, რომ მისი შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ჯორჯანელი უკვე წლების განმავლობაში არის ძალიან გამორჩეული ადამიანი პოეზიის სამყაროში, ფაქტიურად დაუფასებელი ავტორია...
შალვა ბაკურაძე

ანუ პოეტის კიდევ ერთი „მეტაძაღლი“ თავის სახლში ზის და იქ აწარმოებს ძიების პროცესს. თუმცა აი, ასეთი „მეტაძაღლებიც“ არსებობენ მის ერთ-ერთ ლექსში:

„იქამდე მოვალთ, არ ვიპოვით სანამ განძეულს,

რომელიც დაფლეს აქ დიდი ხნის წინათ ღმერთებმა,

მერე კი დაფლვის დაავიწყდათ ზუსტი ადგილი“.

იპოვო ღმერთის მიერ დაფლული და დავიწყებული - ეს ძიება კი არა, უკვე „მეტაძიებაა“. ასეთმა ძიებამ სულ იოლად შეიძლება შეგიყვანოს ჩიხში. აქ უკვე ისეთი რაღაცებიც ხდება, რომ პოეტმა შეიძლება სიცარიელის სარცხვინელის ძებნა დაიწყოს, სისხლი კი სიკვდილ-სიცოცხლის შერწყმისთვის საჭირო ლუბრიკანტად იქცეს. მართლა, მართლა!

თუმცა არაა მაინც ეს წიგნი ბოლომდე ასეთი მეტაფიზიკურობების წიგნი. აქ რეალური ადამიანებიც ჩანან, ქალები და კაცები, რომლებიც ერთმანეთს კარგავენ, ერთმანეთს შორდებიან, და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიუხედავად ამისა, ირგვლივ არაფერი იცვლება და ეს პოეტის გაოგნებას იწვევს:

„მიწა არ განხმულა ჩვენი დაშორებით.

არ ჩამორღვეულა მთები და კლდეები.

არ გაუღვიძიათ ვულკანებს.

იგივე დახრა აქვს წვიმას.

იგივე ფერი აქვს ბალახს“.

საბოლოო ჯამში, როგორია ეს წიგნი? შეიძლება ითქვას, რომ მან ქართულ პოეზიაში თავისი ჩიხი უკვე შექმნა? შეიძლება ითქვას, რომ ამ „მექსიკური ჩიხით“ ჯორჯანელის პოეზიაში რაღაც პრინციპულად ახალი დაიწყო?

შალვა ბაკურაძე: ნიკა ჯორჯანელის ყველა წიგნი არის გარდამტეხი. ის მუდამ ექსპერიმენტებს ატარებს და ამაში მას ეხმარება ისიც, რომ მისი შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ჯორჯანელი უკვე წლების განმავლობაში არის ძალიან გამორჩეული ადამიანი პოეზიის სამყაროში, ფაქტიურად დაუფასებელი ავტორია. მე არ მახსოვს ნიკა ჯორჯანელი ოდესმე რომელიმე ცნობილი პრემიით დაეჯილდოვებინოთ ან ვინმეს გამოეყოს მისი შემოქმედება და ა.შ. ამიტომ იგი მუდმივად ზრდას განიცდის სხვადასხვა მიმართულებით - არა მარტო ჩვენთვის ცნობილი ოთხი მიმართულებით, არამედ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და სხვა მრავალი, მის მიერ შექმნილი, გამოგონილი მიმართულებებით... მე მიყვარს ნიკა ჯორჯანელი.

ალბათ ასეთი სიტყვების შემდეგ სიუჟეტი უნდა დაასრულო. ან არის კიდევ ერთი გამოსავალი: რაღაც ისეთი დაიმოწმო ავტორის სტრიქონებიდან, რაც ბოლოდე დაგაჯერებს ერთი პოეტის მიერ მეორე პოეტისადმი გამოხატულ ასეთ გულწრფელ გრძნობაში. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ აი, ეს სტროფი შევარჩიე:

„ამიტომ ეკვეთე საშინელ მოლოდინს,

რაც ხელში მოგხვდება, იმით ეხმალავე,

და სული ნაზი და უტეხი გქონოდეს,

როგორც ანგელოზის ლურჯი ხერხემალი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG