Accessibility links

logo-print

წიგნი, რომლის შესახებაც ახლა მსურს მოგითხროთ, წელს დაბეჭდა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. მათი გამოჩენა ქართულ სალიტერატურო სივრცეში ორმაგად მისასალმებელია, რადგან მათ მოახერხეს ახალი და, რაც მთავარია, საკუთარი ხელწერის მქონე გამომცემლობის დაარსება და მობილურად ამუშავება არა მაინცდამაინც ქვეყნის თავკომბალა დედაქალაქში. მათ წამოიწყეს ძალიან დროული და საჭირო სერია - „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“. ეს სახელწოდებაც, ვფიქრობ, ზუსტადაა შერჩეული, რადგან სერიის „სამეცნიერო ფანტასტიკად“ მონათვლა საკმაოდ შეზღუდავდა მის „სამოძრაო არეალს“, ამ შემთხვევაში კი „ფანტასტიკურობა“ სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება წავიკითხოთ და ვიწრო ჟანრულ შეზღუდვებსაც ავცდეთ. ამერიკელი მწერლის ფილიპ კ. დიკის რომანები დღემდე ქართულად თარგმნილი არ იყო, „წიგნებმა ბათუმიდან“ კი უცებ მისი ორი რომანი შესთავაზა ქართველ მკითხველს და მას ამ თავისებური ხედვისა და ბედისწერის მქონე მწერლის სამყაროსთან შეხების შესაძლებლობა მისცა. ეს რომანებია „კაცი მაღალ კოშკში“ და „იდინე, ცრემლო, - თქვა პოლიციელმა“. უფრო ადრე 1962 წელს დაწერილი „კაცი მაღალ კოშკში“ გამოვიდა, ეკატერინე სუმბათაშვილის თარგმანით, და მეც ახლა ამ წიგნზე ვისაუბრებ. რაც შეეხება გადაცემის სტუმარს, ესაა ის ადამიანი, რომლისგანაც მე პირადად პირველად შევიტყვე ამ ავტორის შესახებ. ზაზა კოშკაძეს ძალიან უყვარს ეს მწერალი და ზემოთ ნახსენები წიგნების გამოცემამდე ხშირად მესაუბრებოდა მის შესახებ. ჩემი დაინტერესებაც ნელ-ნელა იზრდებოდა და ერთხელაც შევთავაზე: თუ ასეთი საინტერესო მწერალია, იქნებ ჟურნალისთვის რაიმე მისი მითარგმნო-მეთქი. ზაზასაც არ დაუყოვნებია და სულ მალე მომაწოდა მისი მეტად უჩვეულო ესე „როგორ შევქმნათ სამყარო, რომელიც ორ დღეში არ განადგურდება“ და მეც ის შარშან „ახალ საუნჯეში“ დავბეჭდე. როგორც ჩანს, ეს იყო ფილიპ დიკის გადმოქართულების სულ პირველი მცდელობა. ჩვენი საუბარიც ამ თარგმანის გახსენებით დაიწყო.

ზაზა კოშკაძე: რატომ გადავწყვიტე ამის თარგმნა? - იმიტომ რომ ეს ესე ყველაზე მეტად გამოხატავდა იმას, თუ რას წარმოადგენს ფილიპ დიკი და რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა და რატომ არის მიმზიდველი მისი რომანები და რატომ ხდება ასეთი პოპულარული დღითი დღე. კითხვის დროს ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი კითხვები, როგორიცაა: საერთოდ რამდენად ადეკვატურია ეს ადამიანი, რამდენად ჯანმრთელია ფსიქიკურად და ა.შ., რადგან შეუძლებელია გჯეროდეს ასეთი რაღაცების და ხედავდე ასეთ რაღაცებს, მაგრამ ეს ადამიანი ხედავდა და სჯეროდა მსგავსი რაღაცების. არათუ ხედავდა, არამედ წერდა კიდევაც ამაზე.

ეს რომანი, ჩემი აზრით, ყველაზე არასიმპტომატურია მის შემოქმედებაში. ალტერნატიული ისტორიაა, რაც ცალკე მიმდინარეობაა, სუბჟანრია, ასე ვთქვათ, სამეცნიერო ფანტასტიკის. მისი ნაწარმოებები ძირითადად რითიც გამოირჩევა, არის ის, რომ წერდა მომავლის დისტოპიურ სამყაროებზე...

რაც შეეხება რომანს, აქ ფილიპ დიკი ალტერნატიულ ისტორიას თხზავს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამყარო, თუკი გერმანია და იაპონია მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვებდნენ და ძალაუფლებას გადაინაწილებდნენ. მოქმედება ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ვითარდება, რომელიც იაპონელების ხელშია (ცნობისთვის: იაპონელების იმპერია, გარდა ამისა, მოიცავს მთელ აღმოსავლეთ აზიას, ავსტრალიას და თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკას, ხოლო გერმანული იმპერია - მთელ ევროპას, საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს და აფრიკის დიდ ნაწილს). ამერიკის ძველი დიდებისაგან ბევრი აღარაფერია დარჩენილი და ამის საჩვენებლად ავტორი რობერტ ჩილდენის „ამერიკული ხელნაკეთი ნივთების“ მაღაზიას იყენებს, სადაც მდიდარი იაპონელები დადიან და ომამდელი პერიოდის ან, სულაც, „კოვბოური ხანის“ რაღაც ნივთებს იძენენ ძვირად და მერე ამ ნივთებით საკუთარ აპარტამენტებს ამშვენებენ. ანუ ესაა ქვეყანა, რომლისგანაც მხოლოდ წარსულია დარჩენილი. თეთრკანიანობა აქ უკვე დამამცირებელია და ყველანი იაპონელთა მუქ და ბზინვარე კანს შენატრიან. და, რაც მთავარია, ამერიკელთა პრაგმატული აზროვნება აბსოლუტურად შეცვლილია: ისინი საკუთარ ბედისწერაში უკვე თითქმის ბოლომდე მინდობილნი არიან „ი ძინს“, „გარდაქმნათა წიგნს“, და ცხოვრებისეულ ნაბიჯებს იმის მიხედვით დგამენ, თუ რა ამოუვათ, რას ეტყვით მოცემულ მომენტში ეს წიგნი.

ზაზა კოშკაძე

ზაზა კოშკაძე

ზაზა კოშკაძე: ეს რომანი, ჩემი აზრით, ყველაზე არასიმპტომატურია მის შემოქმედებაში. ალტერნატიული ისტორიაა, რაც ცალკე მიმდინარეობაა, სუბჟანრია, ასე ვთქვათ, სამეცნიერო ფანტასტიკის. მისი ნაწარმოებები ძირითადად რითიც გამოირჩევა, არის ის, რომ წერდა მომავლის დისტოპიურ სამყაროებზე, სადაც აღწერდა სხვადასხვა ხასიათის მატარებელ ტოტალიტარულ რეჟიმებს. აქაც არის ტოტალიტარული რეჟიმი, ამ წიგნში, და ამით შეიძლება ჰგავს კიდეც სხვა ტექსტებს, მაგრამ სხვებისგან მაინც გამოირჩევა. ეს, სხვათა შორის, ერთადერთი წიგნია, რომელშიც „ჰუგო“ აქვს აღებული, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია ჟანრულ პროზაში. მე ვთვლი, რომ „კაცი მაღალ კოშკში“ ყველაზე გამორჩეული წიგნია. შეგვიძლია უფრო ღრმად ჩავიდეთ და ავიღოთ მისი სტრუქტურა: არის ხუთი თუ ექვსი სიუჟეტური ხაზი სხვადასხვა პერსონაჟების, რომლებიც ძალიან უცნაურად კვეთენ ერთმანეთს. გარდა ამისა, თვითონ ბექგრაუნდ სთორი ამ წიგნის კეთებისა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჰექსაგრამებით აკეთებდა, პერსონაჟების ბედი გამოჰყავდა, ხან ტაროს შლიდა და იმის მიხედვით ადგენდა, ამა თუ იმ პერსონაჟს რა ბედი ელის და პერსონაჟებიც ხშირად ხმარობენ ამ „ცვლილებათა წიგნს“.

ავტორის რაღაც გარკვეულ ცინიზმს ვხედავ მე ამაში. ზოგადად პოლიტიკის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა, სხვათა შორის. სერიოზული ინტერვიუები მისცა მან საფრანგეთში. ლაპარაკობდა იმაზე, რომ ამერიკის ხელისუფლებასთან ჰქონდა სერიოზული დაპირისპირება...

ფილიპ დიკი აქ ორმაგ, შეიძლება ითქვას, სამმაგ ირონიულ თამაშსაც კი ეწევა. რომანის პერსონაჟები კითხულობენ ვინმე ჰოთორნ აბენდსენის პოპულარულ წიგნს „შეესია კალია ქვეყანას“, რომელიც რაიხს აკრძალული აქვს, მაგრამ იაპონელებს რატომღაც - არა. ეს აბენდსენი, ფაქტობრივად, ფილიპ დიკის ალტერ ეგოა, რომელიც ასევე ალტერნატიულ ისტორიას თხზავს: აღწერს სამყაროს, სადაც გერმანია და იაპონია დამარცხდნენ. ეს ყველაფერი პერსონაჟთა თვალში სრულიად დაუჯერებლად გამოიყურება, მაგრამ დიდ ცნობისწადილს კი აღძრავს. ფინალისკენ ავტორი ამ რეალურობა-გამონაგონის მონეტას კიდევ ერთხელ ამოატრიალებს: ერთ-ერთი პერსონაჟი, ჯულიანა, აბენდსენის რომანის წაკითხვის ასეთ დასკვნამდე მიდის: „ამ წიგნში ბევრად მეტი შინაარსია ჩადებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რისი თქმა სურდა აბენდსენს? გამოგონილი არაფერია - ნუთუ ამას მარტო მე მივხვდი? მგონი, ასეა. ადამიანები რეალურად ვერ ჩასწვდნენ „კალიას“, მხოლოდ ჰგონიათ, რომ წიგნი გაიგეს“. ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ, ჯულიანა სტუმრობს მწერალს და ამ აზრს უზიარებს მას. მწერალი ვერ იჯერებს, რომ სიმართლე აღწერა, ჯულიანა კი ცდილობს დაარწმუნოს იგი ამაში.

ზაზა კოშკაძე: ავტორის რაღაც გარკვეულ ცინიზმს ვხედავ მე ამაში. ზოგადად პოლიტიკის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა, სხვათა შორის. სერიოზული ინტერვიუები მისცა მან საფრანგეთში. ლაპარაკობდა იმაზე, რომ ამერიკის ხელისუფლებასთან ჰქონდა სერიოზული დაპირისპირება. პარანოიული შიშები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სულ უთვალთვალებდნენ. ერთხელ გაქურდეს კიდეც და წაიღეს მისი ხელნაწერები და თვლიდა, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ ის, რასაც აღწერდა მომავალში, ძალიან ახლოს იყო იმასთან, რა გეგმებიც ჰქონდა ამერიკის ხელისუფლებას. მიიჩნევდა, რომ სწორად იწინასწარმეტყველა მომავალი და ამის გამო გაძარცვეს. რომ დამაპატიმრეს, პირველად კაფკას პროცესი გამახსენდაო. ვერასდროს ვერ ვიგებდი, რატომ მიჭერდნენო. ძირითადად, მე მგონი, ნარკოტიკებთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ჰქონდა ხილვებიც, ავლებდა პარალელებს ბიბლიურ ტექსტსა და რეალობას შორის და რაღაც თეორიები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა, რომ ეს საერთოდ ილუზიაა და რომ არანაირი რეალობა არ არსებობს და რომ ილუზია არის ის, რაც შეგვიქმნა ეშმაკმა იმისათვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. იმ პერიოდში ძალიან ცუდად იყო, იწვა ფაქტობრივად, არ დგებოდა და ჩანაწერებს აკეთებდა, თავის ფილოსოფიურ თეორიებს თხზავდა. „ეგზეგეზა“ ჰქვია და ეს ორ ტომად გამოიცა, სხვათა შორის, 2010-ში და 2012-ში.

ერთი სიტყვით, ქართულ ლიტერატურულ რეალობაში ფილიპ დიკის შემოყვანით „წიგნებმა ბათუმიდან“ თავისი საგამომცემლო ბიოგრაფია მეტად საინტერესოდ დაიწყო. „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ ნამდვილად კარგი სერიაა როგორც კარგად ნაცნობი, ასევე სრულიად უცნობი ავტორების ახალი თარგმანებით.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG