Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიოსას ზვირთები და ზვირთმჭრელები


„ვერაგობა და სიყვარული“, „ჭირვეულის მოურჯულებლობა“, „ყველა ბედნიერი წყვილი ერთმანეთსა ჰგავს, ხოლო ყველა უბედური წყვილი თავისებურადაა უბედური" - აი, სულ ასეთი სათაურები და ციტატები თუ მათი პერიფრაზები მომდიოდა თავში, როცა ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს ოინებს“ ვკითხულობდი, შესანიშნავად ნათარგმნს ლანა კალანდიას მიერ და წელს გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულს. მედალს ორი მხარე აქვსო და „ცუდი გოგოს ოინებს“ იმავე უფლებამოსილებით „კარგი ბიჭის მიამიტობები“ შეიძლებოდა რქმეოდა, ან ორივე ერთად, თუმცა ეს ორი სათაური რა უბედურებაა, და თუ არჩევანზე მიდგება საქმე, ცუდი გოგოს ოინები უფრო მიმზიდველია, ვიდრე კარგი ბიჭის მიამიტობები და ამიტომაც რომანს ასე დაერქვა, თუმცა კი შიგ, წიგნში, ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია და ერთმანეთში გორდიას კვანძივითაა ჩახლართული, განუწყვეტლივ რომ იკვეთება ბასრი მახვილით და რაღაც პერიოდის მერე ისევ იკვანძება, იკვეთება და იკვანძება... ისიც უნდა ითქვას, რომ ეს „ცუდი გოგოობაა“ ერთგვარი ევფემიზმია, საყმაწვილო ასაკიდან გამოყოლილი, რომელსაც „კარგი ბიჭი“, რიკარდო, თავის სატრფოს სიცოცხლის ბოლომდე შეატოვებს, სინამდვილეში კი ის საბედისწერო ქალია - Роковая женщина, Femme Fatale. ასეთ ფატალურ ქალებზე არაერთი რეალური ისტორია გვსმენია და არაერთი წიგნიცაა შეთხზული, და ლიოსასაც იზიდავს, იპყრობს ეს თემა, თავისი სამხრეთამერიკული მხურვალებით აღწერს და მთელ ამ სასიყვარულო ისტორიას ძალიან შთამბეჭდავი, კონტექსტებით სავსე ბექგრაუნდის ფონზე შლის. და მაინც, რა ხდება რომანში? ამაში გასარკვევად ლიტერატურათმცოდნე, ილიაუნის პროფესორი ბელა წიფურია დაგვეხმარება.

ბელა წიფურია: „ცუდი გოგოს ოინები“ არის ძალიან ფოიერვერკული წიგნი ადამიანურ გრძნობებზე, ემოციებზე, სასიყვარულო თავგადასავლებზე. მრავალგზის ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს რომანის მთავარი გმირი მამაკაცი და ქალი, ეს სიყვარული გრძელდება 40 წლის მანძილზე, აქ არის ყველაფერი: ძლიერი ვნებაც, ძლიერი ტკივილიც, ქორწინებაც, თანადგომაც, დახმარებაც, მაგრამ, რაც მთავარია, მარიო ვარგას ლიოსას მთავარი გზავნილი, როგორც ჩანს, არის ის, რომ ეს არის განცდა, რომლის გამოც ცხოვრების გავლა ღირს.

მთავარი გმირი, ცხადია, ლიოსას თანამემულეა, პერუდანაა, ლიმადან. ის სიყმაწვილეშივე გადაწყვეტს, რომ ერთადერთი ქალაქი, სადაც მას უნდა იცხოვროს, ესაა პარიზი. ის ჩადის 1960-იან წლებში პარიზში, არის პარიზის ინტელექტუალური ცხოვრების მონაწილე, კინოს, თეატრის, ფილოსოფიური პროცესების მაყურებელი, უფრო სწორად, დამწრე. 70-იან წლებში მიდის უკვე ლონდონში და ამჯერად უკვე ლონდონის ფოიერვერკული ცხოვრების მონაწილეა. ის ჰყვება, თუ როგორ ჩაანაცვლა ლონდონის ცხოვრებამ პარიზული სამყარო, როგორ გახდა ლონდონი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული დედაქალაქი, როგორ ჩქეფდა აქ პოპულარული კულტურა, მოდა, როგორ ჩქეფდა ჰიპების მოძრაობა. მას შემდეგ, რაც პარიზსა და ლონდონში გაატარებს პერიოდს, მთავარი გმირი ასევე აღწერს სამყაროს, როგორადაც იმდროინდელი საბჭოეთი ესახება მას და ხატავს 60-70-იანი წლების საბჭოთა სამყაროს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რობოტების ენით ელაპარაკება მას. ეს არ არის ის სამყარო, რომელიც მისი საყვარელი მწერლების, ჩეხოვის და ბუნინის ენით ელაპარაკება, არამედ სამყარო, რომელშიც არის დაშტამპული ტექსტები. რამდენადაც ის თარჯიმანია, მას ძალიან კარგად ესმის განსხვავება ადამიანურ საუბარსა და წინასწარ დაპროგრამებულ საუბარს შორის, როგორითაც დანარჩენ სამყაროს, დასავლურ სამყაროს იმ დროს და დღესაც ელაპარაკება რუსეთი. კიდევ ერთი სივრცე, რომელშიც ის ჩადის, ეს არის იაპონია, თუმცა იაპონიის კულტურული სამყარო მის განცდაში იმდენად არ შემოდის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იაპონიის მერე ევროპა მას კვლავ ეგულება როგორც თავშესაფარი, ისევე როგორც პერუში ჩასვლისას ის ხედავს, რომ თანამედროვე სამყაროს ცხოვრების წესის ერთადერთი თავშესაფარი - ეს არის დასავლური სამყარო.

ყველა ამ სივრცეში „ცუდი გოგო“ და „კარგი ბიჭი“ ერთმანეთს ეჯახებიან, გაურბიან, მერე კვლავ ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან. და მაინც, რა არის მათ შორის ასეთი მუდმივი განხეთქილების მიზეზი? მათი ურთიერთობის ემოციურ და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ პერვერსიულ პლასტებში თუ არ ჩავრჩებით, პასუხს საკმაოდ მკაფიოდ წავიკითხავთ შეუთავსებელი სოციალური სტატუსების დამღუპველ როლში. ღატაკებად და მდიდრებად გახლეჩილი პერუდან თავის გადასარჩენად ევროპაში გაქცეულ ამ ორ პერსონაჟს შორის ის მთავარი განსხვავებაა, რომ „კარგი ბიჭი“ ახერხებს საფრანგეთში წვრილ ბურჟუად იქცეს, მის ქვეყანაში თითქმის არარსებულ და ევროპაში ყველაზე ძლიერ, საშუალო ფენას შეეკედლოს, პროფესიასაც უკონფლიქტოს, პრინციპულობისაგან მაქსიმალურად დაცლილს - თარჯიმნობას - ირჩევს და ცხოვრების რუტინას პროფესიული სიმშვიდით მიუყვება, იმ რუტინას, რომელიც თავისი მოულოდნელი გამოჩენებით პერიოდულად უნდა დაანგრიოს ხოლმე „ცუდმა გოგომ“ - იმან, ვინც „დამცირებულის და შეურაცხყოფილის“ დაღი, ბავშვობაში დასმული, ვერანაირად ვერ მოინელა და ამ დაღმა მაქსიმალისტად, ავანტიურისტად აქცია. „ზომიერება“ მისთვის ყველაზე აუტანელი რამაა, - ან ყველაფერი, ან არაფერი,- არადა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მიჰყვება, ვისაც ბოლომდე უყვარს, ვინც გაჭირვებაში გვერდში უდგას, ეს თავისი ზომიერებით აუტანელი „კარგი ბიჭია“. და ამ შეუთავსებლობას მოაქვს ის ფსიქიკური რყევები, რომელსაც ორივენი განიცდიან, ხან ცალ-ცალკე, ხან ერთად. როგორ აღწერს ამ ყველაფერს ლიოსა, როგორია მისი ხელწერა?

ბელა წიფურია
ბელა წიფურია

ბელა წიფურია: ეს არის იმ ავტორის მიერ დაწერილი წიგნი, რომელმაც თავის შემოქმედებაში ერთგვარად ხიდი გადო მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის. ლიტერატურათმცოდნეები თვლიან, რომ მარიო ვარგას ლიოსას ადრეული რომანები არის თავისი სირთულით და მოვლენებისადმი დამოკიდებულებით მოდერნისტული ტექსტები, მაგრამ შემდეგ ითვლება, რომ მარიო ვარგას ლიოსამ აღმოაჩინა სიმსუბუქე თხრობაში, აღმოაჩინა სიმსუბუქე წერისას და სწორედ ამ ნაბიჯით გახდა ის პოსტმოდერნისტი. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის იოლი სიმსუბუქე. ეს „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქეა“, სხვა პოსტმოდერნისტ მწერალს რომ დავესესხოთ, და ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც თითქოსდა მსუბუქად ნაჩვენები სამყარო, თითქოსდა ადამიანის მიერ თამაშ-თამაშ გავლილი ცხოვრება ამავე დროს არის ძალიან დიდი ტკივილის მომცველი.

საინტერესოა, რომ ავტორი წიგნის ბოლოსკენ მეტაფორით ლაპარაკს იწყებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე. და ეს მეტაფორა ზვირთმჭრელია - „ინჟინერიის ყველაზე დიდი საიდუმლო“. ამის შესახებ რიკარდო პერუში იგებს, 20 წლის შემდეგ უკან დაბრუნებული. იგებს, რომ ზვირთმჭრელის აგება ტექნიკურ გაანგარიშებებს არ ექვემდებარება. იმისათვის რომ მიხვდე, სად ააგო ზვირთმჭრელი, რომელიც ტალღებს აჯობებს და ზღვას მოათვინიერებს, საჭიროა ზღვას მოუსმინო, მიაყურადო, ეს კი სრულიად განსაკუთრებული თვისებაა, ერთგვარი „მჩხიბაობაა“, და ამის უნარი იქ მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, მოხუცს, მეტსახელად არქიმედეს, რომელიც, საბოლოო ჯამში, „ცუდი გოგოს“ მამა აღმოჩნდება.

ასეა, „ცუდი გოგოს“ ვნების ტალღებისთვის რომ გაეძლო, „კარგ ბიჭს“ უნდა სცოდნოდა, სად აეგო თავისი ზვირთმჭრელები, მაგრამ მას ამის უნარი არ ჰქონდა, არ ჰქონდა გამახვილებული სმენა ისე, რომ თავისი სატრფოს შინაგანი სამყაროსთვის მოესმინა, და ამიტომ, ყოველ მოქცევაზე „ცუდი გოგო“ ანგრევდა მის წვრილბურჟუაზიულ, სუსტ ნაგებობებს, მერე ისევ მიიქცეოდა, მერე ისევ მოიქცეოდა და ასე, დაუსრულებლად...

ბელა წიფურია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი გმირი, რიკარდო, თავდაპირველად თითქოს არ იღებს თავის თავზე იმ გამოწვევას, რომ გახდეს მწერალი და ეს ყველაფერი აღწეროს, ის იღებს გადაწყვეტილებას იყოს ყველაზე გამიჯნული, ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესებისგან იმ ფორმით, რომ არ ჰქონდეს თავისი, გაახმოვანოს მხოლოდ ის სიტყვები, რომლებიც ადამიანების მიერ სხვადასხვა ენაზეა წარმოთქმული და ამით ადამიანებს შორის ურთიერთგაგება გარკვეულწილად მაინც შექმნას. მაგრამ რომანის ბოლოს გმირის პოზიციაც იცვლება და ეს პოზიცია იცვლება სწორედ იმ დიდი განცდების ძალით, რაც მან ცხოვრების განმავლობაში გამოიარა, იმის ძალით, რომ მან ცხოვრება აღიქვა, ტკივილით განიცადა, და მას აქვს უფლება, რომ ამის შესახებ წეროს.

დამერწმუნეთ, რომ მარიო ვარგას ლიოსას ეს წიგნი თითოეულ ადამიანს ჩაახედებს საკუთარ განცდებში, აგრძნობინებს საკუთარ ემოციებს, საკუთარ ცხოვრებისეულ ტკივილებზე დააფიქრებს და ამ გაგებით წიგნი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანი პიროვნული მოვლენაც არის.

ერთი სიტყვით, ცუდო გოგოებო და კარგო ბიჭებო, თუ, პირიქით, კარგო გოგოებო და ცუდო ბიჭებო, თუ როგორებიც ხართ, წაიკითხეთ ეს წიგნი, რათა ცხოვრებაში ერთმანეთის ზვირთებს სწორ ადგილას დახვდეთ, რათა ერთმანეთის ზვირთმჭრელები უმოწყალოდ არ დაანგრიოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG