Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის გოგონას კვალზე მოსიარულე ნობელიანტი


ბოლო ნობელიანტი, პატრიკ მოდიანო, ძალიან ბევრისთვის სრულიად უცხო ავტორი აღმოჩნდა და ბევრმა, ალბათ, იმიტომაც გაიკვირვა მისი ნობელიანტობა, რომ იგი ფრანგი იყო და არა ჩინელი ან ეთიოპიელი - ანუ, რაკი ფრანგია, ხომ უნდა ვიცოდეთ, რამე ხომ უნდა იყოს გადმოქართულებულიო. არადა, მთლად ასეც არ არის: მოდიანო უკვე კაი ხნის ნათარგმნი იყო, უბრალოდ, მისმა ტექსტებმა რაღაცნაირად უხმაუროდ ჩაიარა. 2000-იანების დასაწყისში „აფრის“ ფრანგული სპეცნომერი მომზადდა, სადაც სხვა ტექსტებთან ერთად ელდარ ჭიჭიაშვილის ნათარგმნი მისი „ცირკი მიდის“ დაიბეჭდა, 2001-ში გიორგი ეკიზაშვილის ნათარგმნი „დორა ბრუდერი“ დაბეჭდა გამომცემლობა „ჯისიაი“-მ, ხოლო სულ უფრო ადრე, 1998 წელს, იმავე გამომცემლობამ - „უცნობი ქალები“, ეკა ენუქიძის მიერ გადმოქართულებული. სანამ მოდიანოს ახალი ტექსტები გაჩნდება ქართულ ენაზე, ჯობს უკვე არსებულები გავიხსენოთ და წავიკითხოთ და ამიტომაც წელს გამომცემლობა „აგორამ“ „დორა ბრუდერი“ ხელმეორედ დასტამბა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში ეს მითითებული არ არის, რაც შენიშვნას იმსახურებს.

წიგნის ყდაზე ახალგაზრდა გოგონას ფოტო, გაზეთის ნაგლეჯი და სათვალეა გამოსახული (დიზაინი თამარ ცინცაძის). ეს ნაგლეჯი „პარი სუარის“ 1943 წლის 31 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული განცხადებაა, სადაც წერია, რომ პოლიცია ეძებს 15 წლის დორა ბრუდერს და აღწერილია მისი გარეგნობა და ჩაცმულობა. ფოტო - ალბათ, უკვე მიხვდით - ამ დორა ბრუდერისაა, ხოლო სათვალე - პატრიკ მოდიანოსი, რომელიც ამ განცხადებას კითხულობს, მისით ინტერესდება და კოლაბორაციონიზმის პერიოდში გამქრალი გოგონას ბედისწერის კვლევას იწყებს. საერთოდ, მწერლების მუზა ხშირადაა გაზეთში ამოკითხული რაღაც ინფორმაციები, კრიმინალური ქრონიკები და ა.შ. მაგრამ, როგორც წესი, ისტორიები, რომელთაც ისინი თხზავენ ამ რეალური მოვლენების გამოყენებით, მათი ფანტაზიის საბურველში ეხვევა და პირველწყარო იკარგება, თუკი შემდგომში მას ლიტერატურული მკვლევარები არ მიაგნებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა: მოდიანო ამ არაფრით გამორჩეულ შემთხვევას, რომელთა მსგავსიც ყოველდღიურ გაზეთებში სულმუდამ იბეჭდება, მაინც გამოარჩევს და „გამოძიებას“ იწყებს: ცდილობს, აღადგინოს დორას წარსული, მისი ცხოვრება მკრთალ კონტურებში მაინც დაინახოს, მიხვდეს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო დორას გაქცევის მიზეზი, და ამ ძიება-ძიებაში მთლიანობაში იმ პერიოდის საფრანგეთი, პარიზი დაინახოს, გერმანელების მიერ ოკუპირებული, ის ადამიანები დაინახოს, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ ერთი უჩინარი ებრაელი გოგონას გვერდით.

წიგნზე საუბარი მის მთარგმნელ გიორგი ეკიზაშვილს ვთხოვეთ.

გიორგი ეკიზაშვილი: მე რომ 2001-ში ვთარგმნიდი, ინტერნეტი ისე არ იყო. მე მეგონა ეს fiction. შთაგონება, წარმოდგენა, უნარი იმისა, რომ გამოიხმოს რაც უნდა, ის, ვისაც უნდა, იმას ელაპარაკოს, პერსონაჟად აქციოს... მწერალს ეს ძალუძს და ეს არის მწერლობა, საბოლოო ჯამში. და მწერალი ისტორიკოსი არ არის, არქივარიუსი ვერ გახდება, და ის მწერლის თვალით უყურებს. აინტერესებს არა როგორც ისტორიკოსს ის, თუ რა იყო და როგორ იყო, არამედ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. აი, ახლა, როცა ეს წიგნი ხელმეორედ გამოდიოდა, მხატვარმა ჩაიხედა ინტერნეტში და აღმოჩნდა, რომ ეს დორა ბრუდერი, მე რომ მგონია გამონაგონი პერსონაჟი, არის გოგონა, 15 წლის, რომელიც დადიოდა პარიზის ქუჩებში და მერესაკონცენტრაციო ბანაკში აღმოხდა სული.

მოდიანო, ერთი მხრივ, თითქოს ძალიან მშრალად აღწერს კვლევის პროცესს: საბუთები, ფოტოები, ნოტარიუსებსა თუ ბიუროკრატებთან წანწალი ამ დოკუმენტების მოსაპოვებლად, კონკრეტული სახელები იმ ადამიანებისა, რომელთაც რაღაც შეხება ჰქონდათ დორასთან, იმ ადგილების მოძიება და მონახულება, სადაც იგი დაიბადა, გაიზარდა, დადიოდა... მაგრამ ეს გამოძიება და დორას კვალზე სიარული მისი ფიქრებით და ემოციებითაა გაჯერებული. დოკუმენტსა და დოკუმენტს შორის მუდამ ჩნდება მწერალი, რომელსაც ნახევარი საუკუნის წინანდელ პარიზსა და დღევანდელ პარიზს შორის წვრილი თოკი გაუბამს და ამ წვრილ თოკზე ცდილობს იმოძრაოს. აი, რას ამბობს იგი ერთგან: „ასე მგონია, ერთადერთი ვარ, ვინც მაშინდელ პარიზს დღევანდელთან აკავშირებს, ვისაც იმდროინდელი კიდევ ახსოვს რაღაც. დროდადრო დამაკავშირებელი ძაფი წვრილდება, სადაცაა გაწყდება, ზოგჯერ კი დღევანდელი დღის მიღმა გუშინდელის სახე წარმოჩნდება მყისეულად“.

გიორგი ეკიზაშვილი: მე არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, რომ იხეტიალა მოდიანომ პარიზის ქუჩებში - იქ, სადაც დორა იყო, სადაც დორა ცხოვრობდა, სადაც დორას გაუვლია... - ეს არის სანტიმენტალური მოგზაურობა, ემოციური მოგზაურობა... ფონი ისეთი აქვს, უკანა ფონი რომანს, ნამდვილი, რომ არ რჩება დოკუმენტების ზღვარზე. იქ არის გაელვებები. პლაკატურად კი არ არის მოცემული: აი, რა არის ომი. არც სანგრებია, არც ქვემეხია, მაგრამ ერთი კაცი რომ იღუპება, ის არის ტრაგედია. მთავარი გმირი ამ წიგნის არის ომი. ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მთავარი გმირი არის ომი. სანგრები არ არის, არც იქ არის ხმაური, არც იქ კვდება ვინმე შენს თვალწინ... იქ დუმილი ლაპარაკობს. ისტორია თავის საიდუმლოს არ ამხელს ხოლმე ბოლომდე. აი, აქ ჩანს, რომ არის ხოლმე ჩავარდნები, ბნელი წერტილები და ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჰყვები ნამდვილ ამბავს და არა ისე, მიდი, ყველაფერი ვიცი!.. ამაშია ძლიერი მოდიანო, ამაში!

დოკუმენტი და ლიტერატურა. ეს დოკუმენტია, მაგრამ დოკუმენტი იქცევა ხელოვნების ქმნილებად და ლიტერატურულ ნაწარმოებად. მოდიანოს გმირმა იპოვა ქუჩაში დაგდებული პატარა ბლოკნოტი ვიღაცის გვარით. წავიდა იმ კვალის ძიება და დატრიალდა ამბები, წამოვიდა წარსული... და აღმოჩნდა, რომ ყველა აწმყოში არის ჩრდილი წარსულისა. ჩვენი აწმყო წარსულის ექოა. ამ ექოს ატარებს.

ეს წიგნი პატარა გორგალივითაა, რომელიც თანდათან იზრდება, თანდათან იხვევს სხვადასხვა ისტორიებს, დრამებს, ტრაგედიებს... ერთი ადამიანის ბედისწერაში გარკვევის მცდელობა ბევრი სხვა ადამიანის ბედისწერასაც კრეფს გზადაგზა.

გიორგი ეკიზაშვილი: მე კიდევ რა მახსენდება: დიდი პარალელია - ლაზარე, გამოდი! ლაზარე, ადექ და გამოდი! წიაღიდან ბნელის გამოყვანა. თავის პერსონაჟებს ეუბნება, ადექით და გამოდით! თქვენი მოგონებაც კი აღარ დარჩა. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავაცოცხლო ის, ვისი გაცოცხლებაც მინდა... მაგრამ აქ საქმე რა არის: იდენტურობის ძიება. თვითონ ავტორის იდენტურობის. მამის საკითხი ძალიან აწვალებდა მუდამ მოდიანოს. ახსოვს ბუნდოვნად მამა, რომელიც მოდიოდა ღამით, დედასთან ჩურჩული, რაღაცები და... საკუთარი თავი რომ გაიგო, საწყისებს უნდა დაუბრუნდე, მამას.

მთლიანობაში, წიგნი ძალიან უცნაურია. აი, ისეთია, არც კი იცი, ურჩიო ვინმეს მისი წაკითხვა თუ არა. იმიტომ რომ ბევრს შეიძლება ის მაინც ძალიან მოსაწყენი და მშრალი მოეჩვენოს და გული ვერ დაუდოს პატარა დორას წარსულში ქექვას და მის შესახებ მოკრებილ დოკუმენტებს, ვერც პარიზის უბნების დეტალურ აღწერებს და ვერც მწერლის მელანქოლიურ ფიქრებს. ზოგი კი ყოველივე ამან შეიძლება ძალიან ჩაითრიოს და ფეხდაფეხ გაჰყვეს მწერალს პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე. ისე კი წიგნი დიდი არაა და ამიტომ ყველანაირად შეეცადეთ, რომ გაჰყვეთ და იგრძნოთ 15 წლის გოგონას გულისცემა და ნობელიანტი მწერლის ფეხის ხმა პარიზის 40-იანი წლებისა და 90-იანი წლების ქუჩებში.

გიორგი ეკიზაშვილი: და ახალმა თაობამ რომ გაიაზროს, ეს რა იყო...წლებიც არ ახსოვთ ამ ომის და არც უნდა ახსოვდეთ, სწორია! შეიძლება მე ვცდები ახლა და ჩვენ ვცდებით, უფროსი თაობა. აქ ხომ მარტო ომი არ არის. აქ არის პორტრეტი ახალგაზრდა გოგოსი, პატარა გოგოსი. კარგი, ის ხომ მაინც თანამედროვეა, ის გაქცევა. ეს ხომ თანამედროვეა, ესკაპადი - მარადიული თემაა. და კიდევ ერთი, რომ მაჟორული ფინალით ამთავრებს ის კაცი, მაჟორული ფინალით: ყველა ადამიანს აქვს რაღაც jardin secret - იდუმალი ბაღი თავისი, აქვს საიდუმლო, რომელსაც ვერაფერი, ვერც გესტაპო, ვერც საკონცენტრაციო ბანაკი, ვერც ბრძანება, ვერც დრო, ვერც სიკვდილი, შეიძლება, ვერ წაართმევს მას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG