Accessibility links

logo-print

„ქართული კალეიდოსკოპი“ - ამ სათაურით შემოგვთავაზა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა თავისი ახალი წიგნი, რომელიც წელს დაბეჭდა გამომცემლობა „გლოსამ“ ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე. რომელ „ქართულზეა“ აქ ლაპარაკი და რა რაკურსებიდან ცდილობს ავტორი კიდევ ერთხელ გადახედოს, შეაფასოს თუ გადააფასოს ყოველივე ის, რაც ჩვენს თავს ხდებოდა და ხდება? რაკურსი რომ ერთი არაა, ამაზე სიტყვა „კალეიდოსკოპიც“ მიგვანიშნებს. ძალიან ფართოა დიაპაზონიც: მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასასრულამდე. წიგნში შესული ხუთი წერილი, როგორც წინათქმაში ავტორი წერს, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, თუმცა მოცემულ კრებულში ეს ტექსტები ორგანულად იკვრება ერთ მთლიან სურათად, რომელიც ხუთი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ღრმა სულიერი კრიზისებისა და ამ კრიზისებიდან თავდაღწევის თავგანწირული მცდელობების ურთიერთმონაცვლეობებს გვიჩვენებს. წიგნზე საუბარი ვთხოვეთ მის რედაქტორს, ლიტერატურათმცოდნე მანანა კვაჭანტირაძეს.

მანანა კვაჭანტირაძე: ეს არის ღია, ღრმა და სერიოზული დიალოგი ქართულ საზოგადოებასთან, უაღრესი პასუხისმგებლობით დატვირთული. აი, სწორედ ეს პასუხისმგებლობა გამოარჩევს რაღაცნაირად ამ წიგნს სხვა უამრავი წიგნისაგან, რომელიც თითქოს პუბლიცისტურ პათოსს ატარებს, გამოარჩევს კვლევის სიღრმე, მასშტაბები, მომცველობა, იმიტომ რომ მთელ ამ წიგნში განხილულია მასალა მე-16 საუკუნიდან დღემდე და პრაქტიკულად ეს არის ამბავი საქართველოს სულიერებაზე. „ქართული სულიერების ბედი“ - ასე ჰქვია კიდეც პირველ ქვეთავს, რომელიც XVI-XVIII საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას შეეხება. თუ თავიდან დავიწყებთ, ეს რაღაცნაირად შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევკრათ მთელი ის პერიოდი, რომელიც, ზაზა ფირალიშვილის აზრით, ერთიანი პერიოდია იმ თვალსაზრისით, რომ მე-16 საუკუნეში ისახება პრესახეები და პრეფიგურაციები, რომლებიც დღესაც იჩენენ თავს რაღაცა გარკვეული უარყოფითი ნაშთების და წარმოდგენების, მითოპოეტური შეხედულებების ფონზე, რომელიც ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. უპირველესი, რაზედაც ზაზა აკეთებს აქცენტს, ეს გახლავთ ნების ქონა - ქართულ საზოგადოებას რამდენად აქვს იმის ნება, იყოს ისტორიაში, ირიცხებოდეს ისტორიაში და რამდენად თანახმიერებაშია მისი ეს ნება და პლუს კიდევ უნარი, თვით ისტორიის სურვილთან, დაგვტოვოს თავის სიღრმეში. ისტორია და დრო მოდის ჩვენკენ და ჩვენ უნდა მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შევხვდეთ მას, არ შეიძლება დრო გაატარო, ისე გაუარო მას, რომ არაფერი შექმნა ფასეული. აი, ზაზას აინტერესებს რა ღირებულებები შეიქმნა ამ პერიოდში საქართველოში.

წიგნის პირველი თავის ღერძს ის კატაკლიზმები წარმოადგენს, რომელიც მოჰყვა 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემას. ავტორი ისტორიოგრაფიული სიზუსტით და ისტორიოსოფიული მჭვრეტელობით გვაჩვენებს ამ მოვლენის ღრმა კავშირს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების კარდინალურ შემობრუნებასთან, უფრო ზუსტად კი, - მძიმე რეგრესთან. ზაზა ფირალიშვილი აღწერს, თუ როგორ ხდება კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს ორად გახლეჩა თურქული ინტრიგების წყალობით, როგორ ხდება ნაციონალური იდენტობის რელიგიურ იდენტობასთან გათანაბრება, სასულიერო განათლების ხარისხის დაცემა და ა.შ. და ყოველივე ეს როგორ ირეკლება საქართველოზეც, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მაშინ ბიზანტიის გეოპოლიტიკურ არეალში იმყოფებოდა, ხოლო, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გეოპოლიტიკა ბიზანტიური რელიგიურობის განუყოფელი ნაწილი იყო“. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, როგორც კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი აღნიშნავს, „ავტორი შორს დგას ისტორიკოსის მიდგომებისგან, აღწეროს ქვეყნის ძნელბედობის ის შტრიხები, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე როგორც მერე განვითარებული დეგრადაციული მოვლენების ერთგვარ გამართლებასა და ახსნას“.

ზაზა ფირალიშვილი შემდგომ გადადის დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროზე და გვიჩვენებს მის სულ სხვა ტიპის სულიერ კრიზისებს, ამოდის რა ჰეგელის თეზისიდან, რომელიც შუა საუკუნეების ევროპულ ცნობიერებას ახასიათებს როგორც გაორებულ, უბედურ ცნობიერებას. ამასთანავე, ხდება იმის ჩვენება, თუ რა ძალისხმევებით ხერხდებოდა ამ პოლარიზებული, „გაბზარული ცნობიერების“ დაძლევა.

მანანა კვაჭანტირაძე

მანანა კვაჭანტირაძე

მანანა კვაჭანტირაძე: მეთექვსმეტე საუკუნეს აქვს ისეთი, უფრო პოლიტიკური მიმოხილვის ხასიათი: რა მოხდა ბიზანტიის იმპერიის დანგრევის შემდეგ, რა გეოპოლიტიკური ძვრების არეალში მოყვა საქართველო, რა დაკარგა და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა. პრაქტიკულად ამის შემდეგ ზაზა იწყებს არაკონსტექტუალურ პიროვნებებზე წერას, ასე უწოდებს. ანუ საბაც, ილიაც, ვაჟაც, ჭილაძეც მას განხილული ჰყავს როგორც კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ დინებას უპირისპირდებიან, ხოლო ეს დინება, ზაზას ხედვით, არის ნეკროფილური დინება. კვდომის სიმპტომები ჩნდება, მისი აზრით, მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან, როდესაც „ცოცხალი სურათების“ ბუტაფორიები იქმნება და იგი ენაცვლება რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

იმ წერილებში, სადაც ქართული ყოფიერება და სულიერება ნაჩვენებია „არაკონტექსტუალური პიროვნებების“ მოღვაწეობაზე ფოკუსირებით, ზაზა ფირალიშვილი ახერხებს თავმობეზრებულ კლიშეებს აერიდოს და სულ სხვა თვალით დაგვანახვოს ამ ადამიანების სამოძრაო წირები იმჟამინდელ მსოფლიო სცენაზე. სულხან-საბა ორბელიანის ძალისხმევებს, მიმართულს დასავლური ქრისტიანული სამყაროსადმი, იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცივ წყალს ასხამს იმ გარემოს აღწერით, რომელიც იმ პერიოდში დასავლეთში იწყებს გაბატონებას. ესაა ავანტიურათა ეპოქა, სადაც „გალანტური ჯამბაზობა“ მკვიდრდება, „ყალბი თავაზიანობა და ფუჭი მახვილსიტყვაობა“, სადაც კაზანოვასა და კალიოსტროს ტიპის ფენომენები იწყებენ ეპოქის ესთეტიკის განსაზღვრას. ასეთი კონტრასტები, ავტორის მიერ აშკარად გამძაფრებული, გულწრფელად რომ ვთქვა, მართლა ძალიან საინტერესოდ იკითხება, თუმცა მაინც ტოვებს კარგი არტისტის მიერ განზრახ პოლარიზებული სამყაროს შთაბეჭდილებას. საინტერესოა, რომ ეს სქემა ზაზა ფირალიშვილს გადააქვს რუსეთზეც, საითკენაც მიმართავს ვექტორს დასავლეთით იმედგაცრუებული საბა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგივე ხვდება: ევროპელი ავანტიურისტების მიერ შექმნილი მსგავსი სამყარო.

ზაზა ფირალიშვილის ფხიზელი დამოკიდებულება ჩვენი ისტორიისადმი, ჩვენი სულიერების ბედისადმი არ არის რაღაც ერთ-ერთი მოდური იდეოლოგია, რომლის მომრავლებასა და მოზღვავებასაც დღეს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ასეთი წიგნი ძალიან აკლდა დღეს ქართულ საზოგადოებას...

საბას ილია მოყვება, რომელიც „ყოფიერებასთან შეხვედრის სიხარულს მოკლებულ მეტყველებას“ ებრძვის. ებრძვის ენას, რომელიც კუნსტკამერაა. ხოლო „რელიგიურობა უცნაურ გასტრონომიულ დისკურსშია ჩართული და უფალთან ურთიერთობაც გასტრონომიულ ძღვენთა მირთმევით ამოიწურება.“

ვაჟა-ფშაველა კი ზაზა ფირალიშვილის აზრით ის არსებაა, რომელიც ცდილობს იმ პერიოდში დამკვიდრებული „ცოცხალი სურათების“ ყალბი და მკვდარი სამყარო დაანგრიოს და მასში ვიტალურობა შეიტანოს.

მე-20 საუკუნის პერსონა ზაზა ფირალიშვილთან ოთარ ჭილაძეა, და აქცენტი მის ბოლო რომანზე, „გოდორზე“ კეთდება, როგორც ტექსტზე, რომელიც ცდილობს ასე ჩვეული „სიზმარში გამოღვიძება“ რამენაირად რეალურ გამოღვიძებად გარდაქმნას.

საინტერესოა ისიც თუ როგორ აგებს ამ წერილებს ავტორი. სათაურში გამოტანილ მთავარ „არაკონტექსტუალურ პიროვნებებს“ თავიანთ მეწყვილეებს უძებნის: საბას - ვახტანგVI-ს, ვაჟას - ფიროსმანს, ჭილაძეს - მამარდაშვილს. ერთადერთი, ილიასთან არ ჩანს მეწყვილე, და ეს პრინციპში არაა გასაკვირი, მაგრამ იმ კითხვასაც ბადებს, სხვებს თუ მოეძებნათ, რაღა მაინცდამაინც ილიას ვერ მოეძებნა მეწყვილეო.

მანანა კვაჭანტირაძე: უამრავი ძალიან ღრმა და სერიოზული აზრია გამოთქმული დიდი ტაქტით, ადეკვატური რიტორიკით, გაბედულებით, სიფრთხილით, ცოდნით და რაც მთავარია, ღრმა, გულწრფელი წუხილით. ზაზა ფირალიშვილის ფხიზელი დამოკიდებულება ჩვენი ისტორიისადმი, ჩვენი სულიერების ბედისადმი არ არის რაღაც ერთ-ერთი მოდური იდეოლოგია, რომლის მომრავლებასა და მოზღვავებასაც დღეს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ასეთი წიგნი ძალიან აკლდა დღეს ქართულ საზოგადოებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG