Accessibility links

გაგა ნახუცრიშვილის „სისულელის ტრაქტატი“, რომელიც წელს დაბეჭდა გამომცემლობა „ინტელექტმა“, განწყობილებების, მოგონებების, პორტრეტების წიგნია. ხანდახან - სისულელეებისაც. მოწაფეობის, სტუდენტობის პერიოდის სისულელების. თუმცა სისულელეების წიგნი მაინც არაა, მიუხედავად იმისა, რომ სათაურადაა ადამიანის ეს აუცილებელი ქცევა ყდაზე გამოტანილი. მე ვიტყოდი, რომ აქ მიამიტობები, გულჩვილობები უფრო ჭარბობს. ერთგვარი სევდიანი ნაივია, მოკლე-მოკლე ამბებად მოთხრობილი. სადღაც მძიმდება განწყობა, მერე ნათელი იწყებს გამოსხივებას. რაღაც არაჩვეულებრივს ავტორი არ ეძებს, პირიქით, ისეთ ისტორიებს გვიყვება, რომ გვეცნობა ისინი: რაღაც ამის მსგავსი შეგვმთხვევია, მსგავსი ადამიანებიც გადაგვყრია ცხოვრების გზაზე. ამიტომ მე, პირადად, ამ წიგნის კითხვისას ავტორის რელსებიდან ჩემს რელსებზე გადავდიოდი ხოლმე და საკუთარი ცხოვრების რაღაც ეპიზოდებს ვიხსენებდი. მერე ისევ ვუბრუნდებოდი ავტორის რელსებს... მერე ისევ გადავდიოდი... ამ შემთხვევაში, ალბათ, გარკვეულწილად სუბიექტურიც ვარ, რადგან ის ეპოქა და გარემო, რომელსაც გაგა ნახუცრიშვილი თავის ამ მინიატურებში აღწერს, იხსენებს, ჩემიცაა. ისეთივე ბავშვობის წლები, ბნელზე ბნელი და მაინც ასეთი უცნაურად ლამაზი და ცოცხალი 90-იანი წლები - წლები ჩვენი ახალგაზრდობისა...

გაგა ნახუცრიშვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „წმინდა წყლის პოეტია“. მხოლოდ ლექსებს წერს და ლექსებს თარგმნის. მხოლოდ ერთი პიესა მახსენდება მისი, „მუუ...“ , ზურა ქიქოძესთან ერთად მარიონეტებისთეატრისთვის დაწერილი, და „სისულელის ტრაქტატი“ მისი პირველი პროზაული კრებულია. ამ წიგნზე საუბარი ვთხოვე წიგნის რედაქტორს, დრამატურგ რატი ქართველიშვილს და პირველი შეკითხვაც იმასთან დაკავშირებით დავუსვი, თუ როგორია, მისი აზრით, პოეტ გაგა ნახუცრიშვილის პროზა.

რატი ქართველიშვილი

რატი ქართველიშვილი

რატი ქართველიშვილი: მე საერთოდ ვერ ვმიჯნავ, ამ შემთხვევაში, გაგას პოეზიას მისი პროზისგან. როცა პოეტი წერს პროზას, ეს ყოველთვის პოეტურია, ბუნებრივად და თავისთავად. ალბათ, ყველაზე მაღალი გამოხატულება სულის, მდგომარეობის და, საერთოდ, რისთვისაც არის მოწოდებული მწერლობა, ეს პოეზიით გამოიხატება თვით პროზაშიც. სახელდახელოდ ახლა რაც მახსენდება - ჰამსუნი, ეს არის სუფთა პოეზია... მაგრამ გავიხსენოთ როგორ იქმნებოდა ეს ჩანახატები. ეს არის სამი წლის წინანდელი ისტორია, როცა „ცხელ შოკოლადში“ ვიყავი ლიტერატურის რედაქტორი და იწერებოდა ყოველთვე ნომრისთვის ეს ჩანახატები. და, ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ რედაქტირება ამ წიგნის განხორციელდა მაშინ. რითია საინტერესო წიგნი: ეს გამომდინარეობს თავად გაგას მანერიდან, გაგას ხედვიდან. გაგა, მგონია რომ, არის უკანასკნელი რომანტიკოსი ჩვენს აბსოლუტურად პრაგმატულ სამყაროში. და რომანტიზმის მნიშვნელობა დღეს მგონია განსაკუთრებული. ხალხი ცხოვრობს თავისით, დადის, ფუსფუსებს, ზოგი დაღლილია, ზოგი უჟმურიც არის, ზოგი გაბრაზებულია. ეს არ არის პოეტური რეალობა. მაგრამ ამავე წიაღში არის პოეზია. უბრალოდ, ამის დამნახავი ყველა არ არის. ამიტომ არსებობენ პოეტები. თუმცა თვით პოეტებიც შეიძლება იყვნენ არაპოეზიის მდგომარეობაში. ეს არასტაბილური მდგომარეობა, ეს საერთოდ პოეზია არ არის. ეს არის, რა თქმა უნდა, მდგომარეობა. თავისი არსით, ალბათ, ჰგავს შეყვარებულობის მდგომარეობას ან სიყვარულის განცდის მდგომარეობას. მუდმივად სიყვარულში ყოფნა, ეს წარმოუდგენელია, ალბათ, თუმცა ზოგი ახერხებდა. მგონი, გალაკტიონი იყო ასე. მაგრამ ის ნაპერწკალი ყოველთვის უნდა იყოს და ენთოს შენში, შეიძლება არ იყოს აალება მუდმივი და გადაბუგვა ყველაფრის, მაგრამ ნაპერწკალი თუ ჩაგიქრა, შენ პოეტი ვეღარა ხარ - ასე მგონია. და გაგა ამას ახერხებს: ქრონიკულად შეყვარებული ადამიანია. გაგას ძალიან უყვარს ერთი ფილმი და მეც ასევე. ეს არის ფელინის „ამარკორდი“. ამ ფილმში არის ერთი პერსონაჟი, რომელიც მთავარი პერსონაჟი არ არის, მაგრამ სულია ამ ფილმისა. ბრმა მევიოლინეა, რომელიც უკრავს იმ მელოდიას, რომელიც, ფაქტობრივად, მთელ ამ ფილმს აჟღერებს. „გაგა, შენ ხარ-ეთქი ეს კაცი!“ - ოღონდ „ამარკორდი“ ხომ ძალიან ისეთი ფილმია, სავსე გრძნობებით, განცდებით, მოხელთებულია წარმავლობა დროის, კონკრეტულად იმ პატარა იტალიური ქალაქის, და გაგა ჩვენი ქალაქის „ამარკორდის“ გმირია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, აი, სიკვდილი, მაგალითად. სიკვდილი ძალიან ბანალურია, მაგრამ არაფერია ისეთი არაბანალური, როგორც ხსოვნა ამ სიკვდილის. ჩვენ გვავიწყდება, რომ ვართ მოკვდავები. აქედან გამომდინარეობს ჩვენი უდიერი ურთიერთობა და ათასი უბედურება. უფრო ხშირად რომ გვახსოვდეს ეს, იქნება ყველაფერი გაცილებით უფრო ფასეული. აი, ამას ახერხებს გაგა, მეტი რა უნდა ქნას...

გაგა ნახუცრიშვილი

გაგა ნახუცრიშვილი

გაგა ნახუცრიშვილის ზოგიერთი მინიატურა „სისულელის ტრაქტატიდან“ ჩემთვის მაინც განსაკუთრებით გულშიჩამწვდომი იყო. მაგალითად, „აგონია წუმპეში“: თუ როგორ რჩება სტუდენტ ბიჭს თავისი „ნაჯღაბნებით“ სავსე ბლოკნოტი რუსთაველის გამზირის კუთხეში მდებარე ერთ ლუდხანაში და, უკან მიბრუნებულს, როგორ ხვდება ლუდხანა დაკეტილი, ხოლო ლუდხანის კართან, ავტორის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, მისი ბლოკნოტით ხელში ატუზული „კეთილთვალებიანი ბასიაკი“. ის დგას და მოთმინებით უცდის გაგას და დარწმუნებით იცის, რომ მისი“გენიალური შედევრები“ უნდა გადაარჩინოს.

გაგა ნახუცრიშვილი ხატავს პორტრეტებსაც: თავისი მასწავლებლების, მეგობრების ანდა, სულაც, ყაზბეგელი თამარა ბაბოსი. აი, რას ამბობს ამაზე რატი ქართველიშვილი.

რატი ქართველიშვილი: გაგა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა და ეს იყო სიღრმისეული განცდის ურთიერთობები და არა უბრალოდ... არქივარიუსი ხომ არ არის, რომ უბრალოდ აღწერდეს რაღაც კონკრეტულ მოვლენებს. - ამიტომაც ეს ადამიანები ცოცხლდებიან და წიგნის წაკითხვის შემდეგ სამუდამოდაც რჩებიან ჩვენთან. ზოგიერთი მანამდე ჩვენთვის ცნობილი იყო. ერლომ ახვლედიანზეა, მაგალითად, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ჩანახატი. ეს არის შეხსენება იმ ადამიანების, ვინც ამ რეალობაში ცხოვრობს, ამ რეალობას ვერ ელევა და პრაგმატული რეალობა მხოლოდ არსებობის მდგომარეობაა მისთვის და სიცოცხლის მდგომარეობაა სწორედ ეს რეალობა. ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ მარტონი არა ვართ და არის ჩვენს გვერდით ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს და არა სხვანაირად. ეს არის ძალიან ბევრი, ეს არაა ცოტა. ეს არის დაახლოებით 90-იანი და 2000-იანი წლების გრძნობისა და ხსოვნის მატარებელი. თავისი სიცოცხლით ატარებს და აცოცხლებს ჩვენთვის ამ წარსულს... მაგრამ აი, როგორ ვთქვა, უხეშად გამოვა, რომ ვთქვა: ზოგჯერ მგონია, რომ მოლანდებაა ეს ადამიანი, რომელიც გადარჩა ამ სახით და ჩვენს რეალობაში ცხოვრობს, მაგრამ ატარებს იმ სულისკვეთებას. მე მინდა, რომ ეს მოლანდება კი არა, ეს იყოს ნამდვილი, ცოცხალი მდგომარეობა მისი. ძალიან დიდი სევდის მატარებელია გაგა. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება წარსული, ის მდგომარეობები, სადაც ჩვენ ვიყავით, რაღაც განვიცადეთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ სიცოცხლე მაინცდამაინც სახარბიელო არაა ახლა, ჩვენი ენერგიით, ჩვენი შინაგანი მუხტით უნდა გავანათოთ და ამით შევქმნათ სხვა რეალობები.

ახლა ზაფხულია. და ამ წიგნშიც არის ზაფხული. და ზაფხულის თბილისი, რომელიც გაგა ნახუცრიშვილს ძალიან უყვარს და აღწერს კიდეც მას. და, მთლიანობაში, ახლა მე მეჩვენება, რომ ეს ზაფხულის წიგნია, იმიტომ რომ როგორც ზაფხულში ხდება, ამ წიგნშიც ყველა ფანჯარა ფართოდაა გაღებული, ბევრი სინათლეა და სითბოა, და ადამიანების ხმებიც მკაფიოდ და გარკვევით ისმის. ეს ზაფხულის წიგნია, მის ყდაზეც ზაფხულის ფერებია და, ალბათ, შემთხვევით არ მოხდა, რომ ეს სიუჟეტიც გაგანია ზაფხულში გადის... არაფერი შემთხვევით არ ხდება...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG