Accessibility links

logo-print

არა, ეს წიგნი სათავგადასავლო რომანი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ყდაზე „გიბრალტარელი მეზღვაური“ აწერია და, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში არის იახტა, თავისი მომხიბლავი მეპატრონით და მეზღვაურებით და ზღვებისა თუ ოკეანის წყლებში გაუთავებელი წოწიალით... ჰო, მარგერიტ დიურასის ეს რომანი არაა სათავგადასავლო, თუმცა ამ წიგნში სულ არის თავგადასავლის ძიება, ხშირად ამაო, მოწყენილობამდე, უხალისობამდე, ნევროზამდე რომ მიჰყავს ადამიანი...

წიგნი წელს გამოსცა გამომცემლობა „ზებრა გრუპმა“, ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით, და მისი მთარგმნელია მერაბ ფიფია. ეს 500-გვერდიანი ტექსტი ორნაწილიანია. 150-გვერდიან პირველ ნაწილში აღწერილია შვებულებაში მყოფი ფრანგი წყვილის მოგზაურობა იტალიაში. ისინი ერთად საშინლად რუტინულ სამუშაოს ეწევიან სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში. მაგალითად, მამაკაცი დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გადაწერითაა დილიდან საღამომდე დაკავებული. შვებულება იტალიაში მათთვის სულის მოთქმის საშუალება უნდა იყოს, მაგრამ კონფლიქტი ჩნდება სწორედ იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა მოითქვას ადამიანმა სული, მითუმეტეს, იმ პაპანაქება სიცხეში, რომელიც იმ დღეებში იტალიას თავს ატყდება. მამაკაცი კაფეტერიებში იმალება, გაუთავებლად წრუპავს ალკოჰოლს და გამაგრილებელ სასმელებს და ფლორენციის ღირსშესანიშნაობების ხილვის არანაირი სურვილი არ უჩნდება, მისი მეუღლე ჟაკლინი კი არანაირად არ უშინდება აუტანელ სიცხეს და მთელი დღე მუზეუმებში დარბის, საღამოობით კი მამაკაცს ყურებს უჭედავს თავისი შთაბეჭდილებებით და საყვედურებით, ცდილობს, როგორმე აიყოლიოს იგი, მაგრამ უშედეგოდ. მამაკაცს არანაირად არ ესმის, თუ რა ძალა ამოძრავებთ ასეთ ხვატში ტურისტებს, რომლებითაც გადაჭედილია მთელი ქალაქი. ინტერესთა ეს კონფლიქტი მარგერიტ დიურასს შესანიშნავი, ლაღი იუმორით და ლაკონიური, მოქნილი სტილით აქვს აღწერილი. ეს კონფლიქტი ბადებს მამაკაცში ცხოვრების წესის კარდინალურად შეცვლის სურვილს, რასაც მის ფანტაზიებში ამძაფრებს ერთი მძღოლის მიერ მონათხრობი ისტორია მდიდარ და ლამაზ ამერიკელ ქალზე, რომელიც საკუთარი იახტით რამდენიმე წელია თავის დაკარგულ შეყვარებულს ეძებს და რომელიც ამჟამად მის პატარა ზღვისპირა ქალაქში, როკაში, იმყოფება. მამაკაცი მიდის როკაში, მას ჟაკლინიც მიჰყვება. იქ ხდება კონტაქტი მასა და ამერიკელ ქალს შორის. იგი იღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თავისი საზიზღარი სამუშაო, გაწყვიტოს კავშირი ცოლთან, რომელსაც ვერ უგებს და აჰყვეს იახტაზე შეყვარებულის ძებნით დაკავებულ ამ იდუმალ ქალს. იახტაზე ასვლით მთავრდება პირველი ნაწილი, რომელმაც მე საოცრად ჩამითრია და მომხიბლა. ახლა კი, სანამ მეორე ნაწილზე გადავიდოდეთ, მოვუსმინოთ რომანის მთარგმნელ მერაბ ფიფიას.

მერაბ ფიფია: ცნობილია, რომ ის არის ახალი რომანის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, თუმცა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ამტკიცებდა, მე ამ მიმდინარეობასთან არაფერი საერთო არა მაქვსო და ხშირად ერიდებოდა სურათების გადაღებას ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებთან. ეს რომანი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი პირველი რომანია დიურასის, 1952-შია დაწერილი. რა თქმა უნდა, სხვა რომანები არის ბევრად უფრო საინტერესო და უკეთ გამოიკვეთა დიურასის სტილი. თვითონ ამბობდა, მე ვარ კლასიკოსი მწერალიო. რა თქმა უნდა, მას აქვს გამოყენებული, ხშირ შემთხვევაში, კლასიკური ხერხები წერის, მაგრამ მისი სტილი მაინც განსხვავებულია. ჩემთვის ეს არის კინემატოგრაფიული სტილი. ბევრს ჰქონია ასეთი განცდა, რომ ისინი კი არ კითხულობენ, არამედ ხედავენ რაღაც საინტერესო ფილმს, რომლისგანაც მათ ერთგვარი ბარიერი აშორებთ, თუმცა ისინი ხედავენ, რა ხდება იმ ბარიერს იქით. ეს არის ჩვეულებრივი თხრობა, არაგადაპრანჭული. რა თქმა უნდა, მისი ლექსიკა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით. მარტივი ენის გამოყენებით ის ჰყვება, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ბანალურ რაღაცებს ჩვენი ყოველდღიური ყოფიდან. მისი რომანები ძირითადად თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ძიებით, ეს არის ძიება თავისუფლების და, განსაკუთრებით, არის სიყვარულზე. ეს პრობლემა ამ ქალს ჰქონდა ყოველთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ მას, ასე ვთქვათ, ქმრები და პარტნიორები არ აკლდა, მაგრამ მოკვდა ისე, რომ ეს ძიება არ დაუმთავრებია.

ახლა კი, მეორე ნაწილი: იახტის მფლობელი, რომელსაც, როგორც ირკვევა, ანა ჰქვია, თავისუფლებამოპოვებულ მამაკაცს უყვება ისტორიებს იმ გიბრალტარელი მეზღვაურის შესახებ, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. უყვება იმ მამაკაცების შესახებაც, რომლებიც პერიოდულად ამოჰყავდა იახტაზე და ინტიმი ჰქონდა, რათა გიბრალტარელი მეზღვაურის ეს გაუთავებელი ძიება გაუსაძლისი არ გამხდარიყო. რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ძირითადად მსმენელის როლშია. ის ანასთან ერთად გაუთავებლად სვამს, ეწევა, იცინის, თავისუფლებით ტკბება, მაგრამ ეს ტკბობა მალე მთავრდება. უცებ ჩნდება დაღლილობა, უძილობა, ქრება ინტიმის სურვილიც. ისინი კვლავ ერთად არიან, მეზღვაურებიც ნელ-ნელა შემოდიან მათთან კონტაქტში და დღეები გაჭირვებით ივსება ლოთობით, უსაგნო ყბედობით, სიცილ-ხარხარით იმაზეც კი, რაც არც კია სასაცილო. თუმცა, ასე მოკლედ მოყოლილი, ეს ყველაფერი უფრო საინტერესოდ ჩანს, სინამდვილეში კი მეორე ნაწილში დიურასი უსაშველოდ წელავს თხრობას, იმეორებს სიტუაციებს და განწყობებს, დიალოგების მანერას... შეიძლება ამას მოეძებნოს კონცეპტუალური ახსნა: ავტორმა გადაწყვიტა ისევე დაღალოს ამ ერთფეროვნებით მკითხველი, როგორი დაღლილებიც არიან რომანის პერსონაჟები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აქ მან მაინც გადაამლაშა და მის მიერ შემუშავებული ეფექტი ბოლოსკენ თავის ეფექტს უკვე ყველანაირად კარგავს.

მოვუსმინოთ კვლავ მერაბ ფიფიას.

მერაბ ფიფია

მერაბ ფიფია

მერაბ ფიფია: ანა თვითონ მარგერიტ დიურასია. ეს მეორდება მის სხვა რომანებშიც, ეს ლტოლვა თავისუფალი ქმედებისაკენ. მამაკაცი, რომელსაც ის აიყვანს იახტაზე, მუშაობდა კოლონიების სამინისტროში. თვითონაც ამ დროს კოლონიების სამინისტროში მუშაობდა. შემდგომში მას, მე მგონი, საერთოდ არ უმუშავია, ცხოვრობდა იმ შემოსავალზე, რომელსაც მას წიგნები აძლევდნენ. ის იყო ძალიან ცნობილი მწერალი, მაგრამ არაპოპულარული. თუმცა მისი წიგნების არსებობის შესახებ აბსოლუტურად ყველამ იცოდა, იმიტომ რომ მას ხშირად ხედავდნენ მაღალი წრისათვის ნიშნეულ შეხვედრებზე, ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიით, რაღაც მოძრაობებში იღებდა მონაწილეობას, იღებდა ფილმებს...

ალენ რენემ გადაიღო ფილმი მის მიერ დაწერილი სცენარით „ჰიროსიმა ჩემი სიყვარული“. ამ ტექსტმა სკანდალიც კი გამოიწვია. წერდნენ, რომ ლიტერატურაში ქალები ამ ენაზე არ ლაპარაკობენ. ანუ ეს არის ძალიან გახსნილი და, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ზედმეტად წარმოაჩენს თავის გრძნობებს. ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ჩემთვის ეს ტექსტი იყო ძალიან უცნაური. მახსოვს, რომელიღაც ტელევიზიამ აჩვენა და მე მომიწია თარგმნა და, მართლაც, უცნაური იყო ქალის მეტყველებაში იმ ტერმინების და ასე თამამად, ყველაფერზე დაუფარავად თხრობა. მე მგონი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ასე თამამად ლაპარაკობდა თავის გრძნობებზე, სექსზე და ყველაფერზე. მერე „მოდერატე კანტაბილე“, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მის შემოქმედებაში, გადაიღო პიტერ ბრუკმა. „გიბრალტარელი მეზღვაურიც“ გადაღებულია, რიჩარდსონია რეჟისორი, და იქ მთავარ როლს თამაშობს ჟანა მორო. კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც ჟან-ჟაკ ანომ გადაიღო, რომელიც მას საშინლად არ მოეწონა, გალანძღა ძალიან, მერე უნდოდა, რომ თავიდან გაკეთებულიყო, მაგრამ მაყურებელს მოეწონა და მაყურებელმა ფილმის შემდეგ წაიკითხა მისი რომანი „საყვარელი“, რომელიც ძალიან ცნობილია და ძალიან კარგი რომანია.

მერაბ ფიფიას მონათხრობიდან უკვე ცხადია, თუ რამდენად მრავალმხრივი და არაორდინარული შემოქმედი იყო მარგერიტ დიურასი. სხვათა შორის, მისი რამდენიმე რომანი უკვე არის ნათარგმნი ქართულად: „მოდერატო კანტაბილე“, „საყვარელი ჩრდილოეთ კორეიდან“ და „ზაფხულის ღამის თერთმეტის ნახევარი“. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დიურასი ქართულად უკვე არსებობს.

რაც შეეხება „გიბრალტარელ მეზღვაურს“, თუ შევაჯამებთ, ეს რომანი, ჩემი აზრით, საკმაოდ არათანაბარია, შთამბეჭდავი პასაჟებითაც და ჩავარდნებითაც, რაც ალბათ უფრო იმით უნდა აიხსნას, რომ ეს მისი ადრეული ტექსტია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე გირჩევთ მის ხელში აღებას. სადღაც 350-ე გვერდზე წიგნი თავს თუ მოგაბეზრებთ, შეგიძლიათ დახუროთ, მანამდე კი შიგ ბევრ მარგალიტს იპოვით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG