Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო ქარდავას ნაღვლიანი გროტესკი


გამომცემლობა „ინტელექტმა“ ახლახან დაბეჭდა დათო ქარდავას ნოველების კრებული „ესავის ხელები“. ეს მისი მხატვრული პროზის მეორე კრებულია. პირველი, „ნოეს მტრედები“, ზუსტად ათი წლის წინ გამოიცა, თუმცა ეს სულაც არაა იმის მაჩვენებელი, რომ ავტორი იშვიათად, დიდი პაუზებით წერს. დათო ქარდავა წარმატებით მუშაობს ესეისტიკაშიც და დოკუმენტურ პროზაშიც და რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ჟურნალისტიცაა, სახელად ჯიმშერ რეხვიაშვილი. ანუ დათო ქარდავას უკან ჯიმშერ რეხვიაშვილი იმალება. უფრო სწორად, არც იმალება. უბრალოდ, ბედმა ასე უწია: მისი ორი სახე, ჟურნალისტის და მწერლის, გაიყო. თუმცა, პრინციპში, ვერც გაიყო, რადგან „ესავის ხელებში“ შესული რვა ტექსტიდან ოთხში ჟურნალისტიკა სხვადასხვა ფორმით იჭრება და ზოგჯერ დაკვირვების, ანალიზისა და კრიტიკის მთავარ ობიექტადაც გვევლინება. ოღონდ ამ შემთხვევაში დათო ქარდავა სულაც არ ჰგავს ჯიმშერ რეხვიაშვილს. ის თავის მხატვრულ ტექსტებში იგავისა და გროტესკის ენით გველაპარაკება. ეს ორი ენა, მთლიანობაში, ორგანულია დათო ქარდავასთვის, სტილის განმსაზღვრელი, თუმცა, ცხადია, ეს ზოგადი შეფასება ნოველების ბუნებას ვერ გვაჩვენებს, და რათა ამაში უკეთ გავერკვეთ, დათო ქარდავას „ესავის ხელებზე“ სასაუბროდ მოვიწვიე ფილოლოგი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე. პირველი ჩემი თხოვნა იყო, პარალელი გაევლო მის კრებულებს შორის და მსგავსებები და განსხვავებები აღენიშნა.

დავით პაიჭაძე: ძველი, ეს არის მისი ინტერესი ქალაქური ყოფისადმი და ქალაქურ ყოფაში არცთუ შესამჩნევი ადამიანებისადმი. მისი პერსონაჟების სამოქმედო გარემო არის ქალაქი, კორპუსები, ქუჩები, მოკლედ, შეუმჩნეველი ადგილები. ესაა ადგილები, რომელთაც შეიძლება ყველა ხედავს, მაგრამ მწერლის თვალით უყურებს ცოტა. და ამ ცოტაში შედის, ვფიქრობ, დათო ქარდავაც, ანუ ჯიმშერ რეხვიაშვილი. ის ამ ქალაქში ხედავს ერთი რომ გამოგონილი მოქმედების ასპარეზს, მეორეც, ამჩნევს ადამიანებს, რომლებიც შეიძლება გამოდგნენ პერსონაჟებად. რეალურად ჩვენ შეგვიძლია გამოვიხმოთ პატარა ადამიანის ცნება იმ ძლიერი სოციალური აქცენტის გარეშე, რაც ამ ცნებას აქვს მე-20 საუკუნის კინოსა თუ ლიტერატურაში. საშინლად არ მიყვარს ჩვეულებრივი ადამიანი, რიგითი მოქალაქე - ასეთი სიტყვების ხმარება. მაგრამ თუ ამ კლიშეებს მაინც დავეყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ჯიმშერის მოთხრობები ძირითადად გვიყვებოდა ასეთ ადამიანებზე. ჯიმშერმა თავის პირველ წიგნში აღბეჭდა 90-იანი წლების ნაკვალევი, მეორე წიგნში ჩვენ ვრჩებით ქალაქებში, ცოტათი გეოგრაფია ფართოვდება, მაგალითად, მივდივართ ნიუ-იორკშიც, და შემოდის რამდენიმე ახალი პრობლემა, რაც მოიტანა ჩვენმა დრომ. ეს არის გეი-პრობლემატიკა, ეს არის არა იმდენად ჩვეულებრივი ადამიანის და პატარა ადამიანის, არამედ არასაჭირო ადამიანის პრობლემატიკა. ეს დადგა განსაკუთრებით ჩვენს სინამდვილეში.

დათო ქარდავას საკუთარი პერსონაჟების ხატვის თავისებური ხერხი აქვს. ისინი, როგორც წესი, მუდამ ატარებენ რაღაც კომიკურ ნიშნებს, არიან კარიკატურულები, ავტორი თითქოსდა დაუნდობელია მათ მიმართ, მაგრამ ის დამცინავი ტონი, რომელიც მათი დახასიათებისას ჟღერს, უცებ ქრება და თხრობის ინტონაცია და პერსონაჟებისადმი დამოკიდებულება დიამეტრულად იცვლება, თუმცა ალაგ-ალაგ ტექსტებს კვლავ გამსჭვალავს სარკაზმი. ეს ამბივალენტურობა, რაკურსების ცვლა არაა ავტორის მიერ მოგონილი ზედაპირული თამაში. ეს მისი პოზიციაა, ხედვაა, ესთეტიკაა, რომელიც ეთიკის ბეწვის ხიდზე გადის. აი, როგორ ხსნის ყოველივე ამას დავით პაიჭაძე.

დავით პაიჭაძე
დავით პაიჭაძე

დავით პაიჭაძე: „შეიძლება ამას უწოდო ამბივალენტურობა, მაგრამ ეს არის ჩაჭერა ჩვენი დღევანდელი სულის, - როგორც იტყვიან, ეპოქის სულის, - იმიტომ რომ ასეთები ვართ ჩვენ. ჩვენ შეიძლება, ერთდროულად, გვებრალებოდეს ადამიანი, გვესმოდეს მისი და ვიცინოდეთ მასზე და არანაირ შინაგან წინააღმდეგობას არ ვგრძნობდეთ. ამის აღწერა შესაძლებელია, მაგრამ სახელდება ძნელია. რა მდგომარეობაა ეს და ვინ ვართ ჩვენ ამის შემდეგ, ცოტა ძნელია თქვა. მაგრამ მწერალი იმისია, რომ არ დაიწყოს მორალისტობა და უბრალოდ გიჩვენოს ეს, და ამის მერე თუ გინდა, დაფიქრდი და გააკეთე არჩევანი: იყო, როგორც ძველად იტყოდნენ, თანამლმობი, თუ განაგრძო დაცინვა და ხელების ფშვნეტა იმის გამო, რაც მას თავს დაატყდა. მაგრამ წამყვანი ტონალობა მაინც ნაღველია“.

ეს ნაღველი, ჩემი აზრით, ყველაზე მძაფრად ჟონავს მოთხრობაში „კაცი, რომელიც სხვის ორმოს ავსებდა“ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ მოთხრობის სიუჟეტი, არც მეტი, არც ნაკლები, სოფელში ტუალეტის ორმოს თხრაა. პროტაგონისტი არის დევნილი, რომელიც ნათესავებს ამ საქმეში ეხმარება და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათ თავის „ტუალეტის ფილოსოფიას“ უზიარებს. აფხაზეთის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის ეზოში ამოთხარა ასეთივე ორმო და რომ მორჩა თხრას, ორმოდან ცას ახედა და ინატრა, ღმერთო, სანამ არ ამოვავსებ, მანამდე არ მომკლაო. ორმო, ცხადია, ამოუვსებელი რჩება, ის ადამიანი კი, რომელსაც თავისი ორმო არა აქვს, მისივე სიტყვებით „ზეზეული მკვდარია“. აქ გადაძახილია ქართულ ზღაპართან „მიწა თავისას მოითხოვს“. აქვეა ქალაქელის და სოფლელის ტიპაჟის განსხვავება, იმ ნიადაგზე, რომ ქალაქებს თავიანთი ამოსავსები ორმო არა აქვთ და ამიტომ ჰგონიათ, რომ მუდამ იცოცხლებენ და, შესაბამისად, სოფლელებთან შედარებით, ჭკუამხიარულები არიან... ერთი სიტყვით, ეს მთელი ფილოსოფიაა, რასაც ადამიანის ტრაგიკული ბედისწერა ბადებს.

მოვუსმინოთ კვლავ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე: „მე მგონია, რომ ეს ჩვენი ენდემური სიმწარეა, სრულიად სპეციფიკურ ნიადაგზე და სპეციფიკური გარემოებებით აღმოცენებული. მცირედი ირონია და ძალიან ღრმა ირონია მაინც არის მანდ, ვფიქრობ. ყველაზე პატარა მოთხრობაა, მაგრამ ამ ხუთ გვერდზე ეტევა სწორედ ეს: გადატეხილი ბედი ადამიანის, რომელიც ომმა გადაამსხვრია სულ ცოტა ხნის წინათ, და ამ გადატეხილი ბედით ცხოვრების გაგრძელება ისეთი საქმიანობით, რაც, თუ არ ვცდები, არასოდეს ქართულ პროზაში არ ასახულა. ეს არის ამოვსება ტუალეტის ორმოსი და ტუალეტის ორმოს ამოვსება, როგორც მეტაფორა ცხოვრების“.

საინტერესო იყო, თავად ავტორი რას გამოკვეთდა და რას მიიჩნევდა იმ ლაიტმოტივად, რომელიც მის ტექსტებს გასდევს. აი, რა გვითხრა დათო ქარდავამ.

ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

​დათო ქარდავა: „თითქმის ყველა მოთხრობაში, ერთ წიგნში რომ მოიყარა თავი, შევამჩნიე, და ეს ადრეც იყო, იქ - „ნოეს მტრედებში“, აქ - „ესავის ხელებში“, ბიბლიის და რელიგიის თემატიკა - თითქმის ყველა მოთხრობაში არის რელიგიური მოტივი. და თან ღრმა და სერიოზული მოტივი არ არის. აქ რაღაცნაირად, ამ ტექსტებში ასახვა პოვა ჩვენი საზოგადოების ფსევდორელიგიურობამ. ყველა თითქოს მორწმუნეა, ყველა ბიბლიის, სახარების თემებს ეჭიდავება, ვიღაცას გულწრფელად, ვიღაცას ნაკლებად გულწრფელად ღმერთის იმედი აქვს და რაღაც რელიგიურობას აჩვენებს, მაგრამ აქ ეს არის არაგულწრფელი, როგორც ჩვენს საზოგადოებაშია. ბოლო მოთხრობაში - უფრო სწორად, მინიპიესაში - არის სასტუმროდან მიღებული რაღაც ცოდნა ბიბლიის, აი, მოცალეობის, უსაქმურობის დროს რომ ამოიკითხავ. ამ ტიპისა აქვს ჩვენს საზოგადოებას რელიგიასთან კავშირი. და მანდაც ასეა, ზედაპირული: ძირითადად ღმერთის გაგება ისე, რომ გაჭირვების დროს რაღაცნაირად ხელი უნდა გაგიმართოს და დაგეხმაროს - აი, ამ დონეზე. სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს თითქოს ეს ერთი, შემკვრელი ძაფი აქვს, ამ ძაფზეა ასხმული. მეგობარმაც მკითხა: „ნოეს მტრედები“, „ესავის ხელები“, ეს რა არის? ეს ფსევდორელიგიურობის გავლენაა ჩემი ტექსტების პერსონაჟებზე“.

დათო ქარდავას ამ კომენტარზე ჯემალ ქარჩხაძის ერთი გამონათქვამი შეიძლება გაგვახსენდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობს: „ჩვენ ჯერ კიდევ ათეისტური საზოგადოება ვართ. იქნებ ამიტომაც ვახსენებთ წამდაუწუმ ღმერთს: წყალს ხომ უდაბნოში უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე წყაროსთან“. მე ვიტყოდი, რომ ფსევდორელიგიურობა (ფარისევლობა თუ თვალთმაქცობა) კიდევ უფრო მეტად ითხოვს ღმერთის წამდაუწუმ ხსენებას, ვიდრე ათეისტობა.

დაბოლოს, თემა, რომელიც დასაწყისშიც ვახსენეთ და რომელიც ასევე მსჭვალავს მთელ წიგნს: ჟურნალისტიკა, რომელიც თვალსა და ხელს შუა ანტიჟურნალისტიკად შეიძლება გარდაიქმნას, ჟურნალისტის კოდექსი, რომელიც ანტიჟურნალისტის კოდექსია. აი, ერთ-ერთი მისი პუნქტი „ესავის ხელებიდან“: „ცუდი ჟურნალისტი ერთხელ იყიდება, კარგი - ყოველ ჯერზე“. ეს ის სამყაროა, რომელიც „ძია ევგენის თამაშებში“ აი, ასეა აღწერილი: „ჟურნალისტები ჰგავდნენ სიგარეტის ნამწვებს, გაზეთის რედაქცია კი - ჭუჭყიან საფერფლეს, რომელსაც, ვიდრე არ აივსებოდა, არავინ ცლიდა“.

დავით პაიჭაძე: „მე მახსოვს ქართული საბჭოთა პროზიდან ჟურნალისტების სახეები. ესენი იყვნენ შემართული, მოტივირებული ტიპები, წესიერები, სიმართლისთვის მებრძოლები... ყველაზე მწვავედ და მძაფრად თუ სადმე ჩანს სატირაც, ირონიაც და სარკაზმიც, ეს არის სწორედ ჟურნალისტებზე ლაპარაკის დროს. „ესავის ხელები“, რომელიც რჩება ეტაპობრივ გვირგვინად ჯიმშერის პროზაში, - ეს ბოლო მოთხრობა არის მისი, - ეს არ არის მშვიდი და ეპიკური თხრობა, რომელიც მას ახასიათებს, განსაკუთრებით დოკუმენტური პროზის წერისას, აქ ის არის მძიმედ ექსპრესიული. საგულისხმო შეხმიანებაა მსოფლიო ლიტერატურაში არსებულ ძველ მოტივთან: ერთ-ერთი მოტივია, რომ ურჩხული იქცევა ადამიანად, გაადამიანურდება. ეს ტიპი, მთავარი პერსონაჟი, რომელიც იბადება ჭინკად, ხდება მედიის ვარსკვლავი“.

„ყველას შეუძლია იყოს ჟურნალისტი, მაგრამ ყველა არ არის ჟურნალისტი“ - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი დათო ქარდავას პირით ერთ ადგილას. მე კი ასეთ პერიფრაზირებას გავაკეთებდი: „ყველას შეუძლია იყოს მწერალი, მაგრამ ყველა არ არის მწერალი“. აი, დათო ქარდავა კი ნამდვილად მწერალია და ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ მისი „ესავის ხელები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG