Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისურენოვანი ავღანელი მწერლის ბესტსელერი


შარშან გამომცემლობა „არტანუჯმა“ დაბეჭდა ლალი ყუშიტაშვილის მიერ ნათარგმნი ხალიდ ჰოსეინის რომანი „ფრანით მორბენალი“. შეიძლება ითქვას, რომ ეს მწერალი ქართველი მკითხველისთვის, ფაქტობრივად, უცნობია. ამიტომ, სანამ წიგნზე გადავალთ, აჯობებს მის შესახებ რამე გავარკვიოთ. ხალიდ ჰომეინი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალია. 1965 წელს დაიბადა ქაბულში, დიპლომატის ოჯახში, რომელმაც საბჭოთა ინტერვენციის დროს თავშესაფარი მიიღო ამერიკაში. პროფესიით ექიმია და გაეროს წარმომადგენელია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში. „ფრანით მორბენალი“ მისი პირველი რომანი იყო, 2003 წელს გამოიცა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რა ფაქტორებმა განსაზღვრა წიგნის ასეთი წარმატება? თავდაპირველად ეს ვკითხე „არტანუჯის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, მთარგმნელ გვანცა ჯობავას, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

გვანცა ჯობავა: არსებობდა მრავალი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია ამ წიგნის ბესტსელერად ქცევა და ერთ-ერთი ძლიერი მოსაზრება რაც იყო, ის, რომ ამერიკაში იმ პერიოდში ავღანეთის თემა იყო ძალიან აქტუალური და ერთგვარად ისიც არის, რომ თითქოს ეს წიგნი უფრო მეტად ამერიკის პოზიციიდან არის დაწერილი. შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ გაიხსნა უამრავი კლუბი, შემდეგ გადაიღეს ფილმი, იქცა აუცილებელ საკითხავად სკოლებისთვისაც და, მოკლედ, მთელ ამერიკაში და შემდეგ უკვე მის საზღვრებს გარეთაც, დაახლოებით, 21 მილიონი ტირაჟით გაიყიდა. გარდა ამისა, ალბათ, არსებობს მსოფლიო ლიტერატურაში დაუნდობელი წიგნები და ეს წიგნი არის ერთ-ერთი იმ დაუნდობელ წიგნებს შორის, რომელიც მე წამიკითხავს, იმიტომ რომ ამ წიგნში ყველაფერი აღწერილია პირდაპირ: ის ძალადობა, ის უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში დაიწყო იმ დროიდან, როდესაც საბჭოთა რეჟიმი შევიდა. აქედან იწყება უკვე არა მხოლოდ ქვეყნის დაცემა, არამედ ხალხის სულიერი რღვევაც კი. თუმცა შემდეგი ეტაპიც არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში. ეს არის თალიბანის გააქტიურება და ის სისასტიკე, რომელიც მათ გამოიჩინეს და შემდეგ უკვე შემოდის ამერიკის მომენტი. ავტორისთვის ამერიკა ერთგვარად არის თითქოს გადარჩენა და, აქედან გამომდინარე, შეიძლება მეტად ლიბერალურად უყურებს ამერიკის პოზიციას. ეს იგრძნობა ამ წიგნში, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით, ყველამ, ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა, უშუალოდ ხალხი, უბრალო ადამიანები გაწირა. როდესაც საუბარია სისასტიკეზე და როდესაც ამ ძალადობას ბავშვების მიმართ იჩენენ, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამი და დასრულებულია. ძალიან საინტერესოა ის მომენტი, რომ წიგნის ბოლოს ჩნდება პატარა ბიჭი, რომლის გამოჩენაც, ალბათ, ძალიან სიმბოლურია: ბიჭი არის უიმედო მდგომარეობაში, ყველაფრისგან დაღლილი, და ბევრი მოსაზრება არსებობს, რომ ეს სიმბოლურად არის თვითონ ავღანეთის სურათი, რომელიც მართლა უიმედო მდგომარეობაშია. თუმცა ავტორი მაინც არ ასრულებს ამ წიგნს ისე, რომ რაღაც სინათლის სხივი არ შემოიტანოს და იმედის ნაპერწკალი არ დატოვოს მკითხველშიც და, ალბათ, თავის თავშიც.

როგორც გვანცა ჯობავამ აღნიშნა, რომანის ღერძი ბავშვობაში მიღებულ ტრავმებზე გადის. ეს ტრავმები სხვადასხვა სახისაა: სოციალური უთანასწორობა, ეთნიკური ჩაგვრა, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ყალბი მორალიზმი, რომელიც სიცრუეში ცხოვრებას და სისასტიკეს ითხოვს. წიგნის მთავარი პერსონაჟების სულიერ ტრავმებს მშვიდობიან გარემოში ეყრება საფუძველი და კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც ქვეყანა ომის ველად იქცევა. თუმცა მთავარი გმირის, ამირის, პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს დაემალოს თავის სისუსტეს, რომელიც პატარაობაში გამოიჩინა, როდესაც დაფრთხა და თავისი მეგობრის, ჰასანის, დაცვა ვერ მოახერხა. ჰასანი, ერთდროულად, მისი მეგობარიცაა და მსახურიც და, რაც მთავარია, მისი ერთგულება ამირ-აღასადმი უსაზღვროა. ესაა ჰასანის ბუნებრივი კეთილშობილებაც და მისი მთავარი პრობლემაც, რადგან ჩაგრული კლასისა და ეთნოსის წარმომადგენელია და ბრმა და უპრეტენზიო ერთგულება სისხლში აქვს გამჯდარი. რაც შეეხება ამირს, იგი მიდის ამერიკაში, აიწყობს ცხოვრებას, ხდება ცნობილი მწერალი, მაგრამ ბავშვობისდროინდელი ცოდვა და ამ ცოდვიდან გაქცევის ოცდახუთწლიანი მცდელობები, რაც, საბოლოო ჯამში, ფატალური აღმოჩნდება, სულს უღრღნის, მოსვენებას არ აძლევს. ბოლოს მას მაინც უწევს დაბრუნდეს სამშობლოში, ისევ გადაეყაროს წარსულს, გადალახოს შიში და სიკვდილს ჩახედოს თვალებში. სწორედ აქ ხდება კათარზისი: სულიერი ტრავმების გამოდევნა საშინელი ფიზიკური ტრავმებით და სიმართლის ბოლომდე გაგებით.

გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა

თუ რა ტრავმებსა და სიმართლეზეა ლაპარაკი, არ მოგიყვებით, რათა კითხვის ინტერესი არ დაგიკარგოთ. რაც შეეხება რომანის მხატვრულ ქსოვილს, ის ჩემთვის გამოკვეთილი ხელწერის მქონე ერთი ორგანული ტექსტი არ იყო. „ფრანით მორბენალში“ მაღალმხატვრული, ძლიერი პასაჟები მონაცვლეობენ ჟანრული ხელოვნების მიერ კარგად დამუშავებულ მეთოდებთან. მაგალითად, „საპნის ოპერების“ ერთ-ერთი მთავარი ხერხი, როდესაც სიუჟეტის კვანძის გახსნა ფარული ნათესაური კავშირების გახსნით ხდება; ანდა გადამლაშებული ეფექტებით გადაღებული კინოსცენის მსგავსი გადამწყვეტი სისხლიანი ორთაბრძოლა დიდი ხნის უნახავ ორ ძველ ნაცნობს შორის, რომელთაც ერთმანეთთან ანგარიში აქვთ გასასწორებელი; ანდა, თუნდაც, ტკბილი მელოდრამატული პასაჟები...

აი, რა თქვა ამის შესახებ გვანცა ჯობავამ.

გვანცა ჯობავა: ლიტერატურული თვალსაზრისით, მე პირადად არ დამრჩენია დიდი უკმარისობის გრძნობა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ ჭკვიანურად დაწერილი და წინასწარ მოფიქრებით არის, ეს ნამდვილად მქონდა. თუმცა ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს იყო მისი სადებიუტო წიგნი, ეს იყო ავღანეთის თემა. მას უნდა მიეტანა თავისი ქვეყნის ტკივილი და ის ტრაგედია, რაც განიცადა ამ ხალხმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხალიდ ჰოსეინს დასჭირდა, რომ რაღაც მანევრირება გაეკეთებინა, გამოეყენებინა ხერხები იმისთვის, რომ გაეთვალა ეს ბესტსელერზე.

სულ ეკითხებოდნენ, არის თუ არა ავტობიოგრაფიულიო ეს წიგნი. ის ამბობს, რომ დიდად არ სიამოვნებდა ეს შეკითხვა, იმიტომ რომ, პრინციპში, ალბათ ბევრი ელემენტი არის კიდეც ავტობიოგრაფიული, ამას ვერც გაექცეოდა, მაგრამ იმდენი ბავშვი ავღანეთში ცხოვრობს ასეო, რომ არაბუნებრივიც არის ეს შეკითხვაო. და მეორე წიგნი რომ დაწერა, იქ იყო ქალთა თემა გამოტანილი და თქვა, მიხარია, რომ ქალებზე დავწერე, იმიტომ რომ ვეღარ მკითხავენ ახლა, არის თუ არა ავტობიოგრაფიულიო. სხვათა შორის, მეორე წიგნი თითქოს კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს. სამი აქვს გამოცემული და სამივეს გამოვცემთ.

მოკლედ, დაველოდოთ ახალ თარგმანებს, მანამდე კი ორიოდე სიტყვა „ფრანით მორბენალის“ თარგმანზეც უნდა ითქვას. რომ არა ალაგ-ალაგ გაპარული უხეში შეცდომები, წიგნი კარგად იკითხება, მაგრამ ინგლისურენოვანი მწერლის წიგნში „კალპაკი“, „ბრიტვა“ და მსგავსი რუსული ბარბარიზმები რომ გხვდება, ეს უკვე ნამეტანია (ცხადია, თუ ენტონი ბერჯესის ფენომენთან არა გვაქვს საქმე). და გაუგებარი იყო ასეთი ფორმებიც: „ალიმ ბაზარში წამიყვანა ნაანის (ინდური ლავაში) საყიდლად“, „ზოგჯერ ჩრდილოეთის მთებისკენ მიმავალი ქოჩების (მომთაბარეების) ქარავანი გამოჩნდებოდა ხოლმე ქაბულში“, „ისტიქლალ (დამოუკიდებლობა) სკოლასთან“ და ა. შ. შეუძლებელია ორიგინალში ასე იყოს. ასეთი სიტყვები წიგნის ბოლოს განმარტებებში ისედაც მოცემულია. ალბათ, თარგმანის სამუშაო ვარიანტში იყო ეს ყველაფერი ასე მოცემული და მერე უყურადღებობის გამო ასევე დარჩა. ერთი სიტყვით, სამომავლოდ ცოტა მეტ ყურადღებას გირჩევთ და მადლობა ამ საინტერესო მწერლის ქართულ სივრცეში შემოყვანისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG