Accessibility links

logo-print

ქალი, რომელიც ფანჯრის მინას წმენდს, ბავშვობიდან ჩემში ძრწოლას იწვევდა. შედარებით უფროსებს ნამდვილად გემახსოვრებათ კორპუსის მეშვიდე თუ მერვე სართულზე ღია ფანჯრის რაფაზე შემომდგარი ქალები, ჰაერში გამოკიდულები, ხელი რომ გარეთ გაეყოთ და ფანჯრის ზედა მხარეს სველ ჩვარს უშიშრად უსვამდნენ. დიდი ხანია ასეთი სცენა აღარ დამინახავს. ეტყობა, ტექნოლოგია წავიდა წინ, ან ქალები ფანჯრების სისუფთავეზე უკვე ნაკლებად ზრუნავენ, მაგრამ ის კადრები კი ღრმად ჩამებეჭდა მეხსიერებაში. და თავიდან წამომეშალა, როცა თანამედროვე ფრანგი მწერლის, დავიდ ფონკინოსის რომანს "ჩემი ცოლის ეროტიკულ პოტენციალს" ვკითხულობდი. იგი 2012 წელს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" გამოუცია და თავის დროზე გამეპარა, არც შემიმჩნევია ან, შეიძლება, რაღაც მომენტში კიდეც გადავატარე ამ წიგნს სადმე თვალი, მაგრამ, სათაურიდან და ყდის დიზაინიდან გამომდინარე, "პოპსა", ვულგარულ რომანად ჩავთვალე, ახლა კი მისით დაინტერესება იმან გამოიწვია, რომ ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით ეს ავტორი ერთ კვირაში თბილისს ესტუმრება. ავიღე ხელში წიგნი და სრულიად მოულოდნელად მის ბრწყინვალებაში ჩავიძირე. ესაა უნიკალური, აბსოლუტურად თვითმყოფადი იუმორით დაწერილი ტექსტი, რომელიც ადამიანურ სისუსტეებსა და ახირებებს იკვლევს... ფანჯრის მწმენდავი ქალი რა შუაშიო, ალბათ, უკვე გაგიჩნდათ კითხვა, მაგრამ ამაზე ქვემოთ, ახლა კი მერაბ ფიფიას მოვუსმინოთ, რომელმაც ეს ცოცხალი წიგნი საოცრად გადმოაქართულა.

მერაბ ფიფია: ამ ავტორის შემოსვლას საქართველოში თავისი ისტორია აქვს. აღმომჩენი არის ბაკურ სულაკაური, რომელიც, რამდენჯერაც მივედი რედაქციაში, იმდენჯერ მომიყვა ამ ავტორის შესახებ და ზუსტად ამ ნაწარმოებზე. მე მაშინ მას არ ვიცნობდი. იქ მაშინ შემთხვევით იყო მოსული ერთი კოლეგა, ასევე მთარგმნელი, რომელიც მიდიოდა პარიზში. დავაბარეთ ეს წიგნი, რომ ჩამოეტანა. ჯერ გავეცანი ნაწარმოებს, რა თქმა უნდა, ერთი-ორჯერ წავიკითხე, სანამ თარგმნას დავიწყებდი, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ის სტილი, რაც მას ჰქონდა, უნდა მეპოვა. ანუ ეს ისეთი ნაწარმოებია, რომელიც არის რაღაცნაირად უცნაური იუმორით დაწერილი. ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავედი თარგმნაზე. და როგორც კი დავიწყე თარგმნა, ღიმილი პირიდან არ მომშორებია. ანუ ასე 50-60 გვერდს კითხულობ ღიმილით, მერე შიგადაშიგ გეცინება. ორ-სამგან არის ისეთი ადგილი, სადაც მე ვხარხარებდი, უბრალოდ, და მკითხეს, რას კითხულობ ამისთანასო. აი, ასეთი ნაწარმოებია. ანუ ესაა ნაწარმოები, რომელიც თავიდანვე ღიმილით იწყება, მერე გადადიხარ სიცილში, მერე გადადიხარ ხარხარში და გაუნელებელი კარგი განწყობა არ გცილდება მთელი ნაწარმოების განმავლობაში. ეს არის ძალიან მსუბუქი, თავისუფალი სტილი, კარგი გამოთქმებით, ყველაფერი არის რაღაცნაირად გაჯერებული-შეჯერებული და გაწონასწორებული. საბოლოოდ, ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება დამრჩა თარგმანზე, თუკი შეიძლება თარგმანმა მთარგმელს რამე სიამოვნება მიანიჭოს.

წიგნის მთავარი გმირი, ჰექტორი, კოლექციონერობით იტანჯება. ამის გამო თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიდის. რათა ამ სენს გაექცეს, სხვადასხვა გზებს მიმართავს, საბოლოოდ კი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას იღებს და ერთი პერიოდი მშვენიერი ბრიჟიტი შემგროვებლობის ვნებას თითქოს გაუქრობს კიდეც. ფონკინოსი ჰექტორის ირგვლივ პერსონაჟთა მთელ გალერეას ხატავს, სხვადასხვა აკვიატებებს რომ შეუპყრიათ. დედამისი - რომელიც წვნიანების კეთებითაა გატაცებული; მამამისი - რომელიც კაცური ღირსებისა და მნიშვნელოვნების დამკვიდრებას ულვაშებში ხედავს; მეგობრის მეუღლე - ქათმის ბარკლის შეწვა ყოველდღიურ რიტუალად რომ აქვს ქცეული; ცოლისძმა - შეთითხნილი ამბავი მისი გამარჯვებისა ერთ-ერთ ველორბოლაზე ბოლომდე რომ დაიჯერა და მას მერე ამით სულდგმულობს... ერთი სიტყვით, ამ წიგნში ყველას თავისი აჩემება აქვს და ამით ისინი ძალიან, ძალიან ადამიანურები და საყვარლები არიან. რაც შეეხება ჰექტორს, თითქოსდა განკურნებულს კოლექციონერობისაგან, ერთხელ იგი ფანჯრის მინის მწმენდავ მეუღლეს იხილავს და ამაზე გადაეკეტება გონება. თუკი მე ბავშვობაში სიმწრის ოფლი მასხამდა, მეშვიდე სართულის ღია ფანჯრის რაფაზე მდგარ ქალებს რომ ვხედავდი, ჩვრით ხელში, ჰექტორს, პირიქით, ნეტარების ოფლი დაასხამს. ის ვუაიერისტი ხდება, ჩუმად უთვალთვალებს ამ საქმიანობით დაკავებულ ბრიჟიტს, ფარულ კამერასაც აყენებს... და რაღაც მომენტში შეძრწუნებული აღმოაჩენს, რომ ესეც შემგროვებლობაა - მეუღლის მიერ ფანჯრის მინის წმენდის სურათებისა...

მერაბ ფიფია

მერაბ ფიფია

მერაბ ფიფია: ის არ უთვლის ადამიანებს, რომ რაღაც მანკიერება არის კატასტროფული და გამოუსწორებელი, და კიდევ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ არ ვიცნობთ კარგად ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. აქ, ჩემი აზრით, ჰექტორის ცოლი სიმბოლურია. ფაქტობრივად, მას ეროტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. უბრალოდ, ჰექტორი იწყებს იმ ადამიანის შეცნობას და შესწავლას, რომელიც მის გვერდით არის 24 საათის განმავლობაში. მე ამ კუთხით დავინახე, რომ ავტორს სურს ეს ადამიანები კარგად შეისწავლოს, შეიცნოს, და ამას აკეთებს არა მწარე კრიტიკის საშუალებით, არამედ სიყვარულით.

მთლიანობაში, ფონკინოსის მიერ აღწერილი კომიკური სამყარო პოეტურიცაა და თავისი განუმეორებელი ხიბლიც დაჰკრავს. ეს ხიბლი დეტალებშია, ნივთებშია, ჟესტებშია... ავტორი გვეუბნება, რომ ადამიანური მიჯაჭვულობები მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია, რომ "სუსტიც" და "ძლიერიც" რაღაც "საბედისწერო" არჩევანს აკეთებს და მერე ამის გარეშე არსებობა არ შეუძლია და რომ სწორედ ამ "საბედისწეროშია" ცხოვრების მარილი - თან რომ გაწუხებს და თან რომ შვებას გგვრის.

რაკი ამ მწერლის შესახებ არაფერი ვიცოდი, ცხადია, საინტერესო იყო მერაბ ფიფიას მონათხრობი მასზე.

მერაბ ფიფია: ისე, უცნაურია თავად ეს მწერალი, იმიტომ რომ 18 წლამდე არაფერი წაუკითხავს. ამბობს, ერთი პწკარი ლიტერატურიდან არ წამიკითხავსო. შემდეგ იყო ავად და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, როცა უნდა დაესვენა, დაიწყო კითხვა. და ამ დროს გაეცნო დიდ კლასიკოსებს. ერთ-ერთი არის მარსელ კოენი, რომელსაც იგი თავის მეტრად მიიჩნევს. მხოლოდ შემდეგ, თავის თავში იპოვა, აღმოაჩინა წერის ნიჭი. მე მგონია, ეს ძალიან დიდი ნიჭია, რომელიც მას აქვს. ყველაზე პოპულარული მაინც დღესდღეობით არის მისი რომანი "შარლოტა", რომელმაც კინაღამ აიღო გონკურების პრემია, ფინალში იყო გასული... სამაგიეროდ, აიღო "რენოდოს" პრიზი. ეს წიგნი მან მიუძღვნა მხატვარს, რომელიც, ფაქტობრივად, არ იყო ევროპაში ცნობილი და ამ ნაწარმოების შემდეგ გახდა ცნობილი და ამას მოჰყვა უამრავი გამოფენა. ეს იყო შარლოტა სოლომონი, რომელიც მეც არ ვიცი, ფაქტობრივად, და აღმოსაჩენი მაქვს.

დაბოლოს, ამ მხიარულმა და ღრმა წიგნმა გამიჩინა განცდა, რომ მისი წაკითხვა თანამედროვე ქართველ მწერლებს ძალიან წაადგებოდათ. ისინი ხომ, როგორც წესი, ან ძალიან სერიოზულები და ხელოვნურად დამძიმებულები არიან ხოლმე, ან კი ანეგდოტის და კავეენის დონეზე ცდილობენ იხუმრონ და ტექსტი კითხვადი გახადონ. დავიდ ფონკინოსის "ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი" კი არის რომანი, სადაც იუმორის დიდი ტალანტი ელვარებს თავისი განუმეორებელი ხელწერით და ეს ყოველივე იმისათვის, რათა ადამიანის სულის კუნჭულებში შეაღწიოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG