Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაივური ერლენდ ლუს ირონიები


ეს მწერალი საქართველოში კარგად იციან და უყვართ კიდეც. ნორვეგიელი ერლენდ ლუ მთელ მსოფლიოში და შემდეგ საქართველოშიც პოპულარული გახდა 1996 წელს დაწერილი რომანით "ნაივური. სუპერი.", რომელიც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" 2008 წელს დაბეჭდა. შორს რომ არ წავიდე, ვიტყვი, რომ ეს წიგნი ჩემმა ოთხივე შვილმა წაიკითხა, მოიხიბლნენ და სწორედ მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩემი ინტერესიც ამ ავტორისადმი. წელს მისი მეორე რომანი, "დოპლერიც" ითარგმნა და იმავე გამომცემლობამ წინა რომანთან ერთად გამოსცა ერთ წიგნად. ორივე ტექსტი ნორვეგიულიდან გადმოაქართულა თამარ კვიჟინაძემ. ბუნებრივია, რომ ახალმა თარგმანმა ერლენდ ლუზე კვლავ საუბრის სურვილი გააჩინა. ქართულ ენაზე არსებული უკვე ორი მისი ტექსტის პარალელური ანალიზი ხომ მის ფენომენს, ხელწერას უკეთ გამოკვეთს. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ლუ თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის სტუმარი იყო და რადიო თავისუფლებამ მისგან ინტერვიუც აიღო. ამ ავტორზე საუბარი ვთხოვე დრამატურგს და შვედურის სპეციალისტს დავით გაბუნიას, რომელიც მის შემოქმედებას კარგად იცნობს, თბილისური ვიზიტის დროს მწერლის თარჯიმანი იყო და მისი საღამოც წაიყვანა. მოვუსმინოთ დავით გაბუნიას.

ნაივური ერლენდ ლუს ირონიები
please wait

No media source currently available

0:00 0:09:36 0:00
გადმოწერა

დავით გაბუნია: "ნაივური. სუპერი." არის ბევრად ადრეული რომანი, დაახლოებით, 8 წლით ადრე დაიწერა, ვიდრე "დოპლერი", და ჯერ აქ არის ახალგაზრდა, დამწყები მწერალი მაინც. ყველა "საფირმო ნიშანი" თითქოს გამოკვეთილია მისი პროზის, თვითონ სათაურიდან მოყოლებული, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე: განზრახ, პრიმიტივისტულად და ძალიან მინიმალისტურად დაწერილი წიგნი, რომელშიც მხატვრული სახეებისთვის ადგილი არ რჩება, მაგრამ, მთლიანობაში, სწორედ ეს ქმნის მის მხატვრულობას. ანუ ეს არის განზრახ არჩეული სტილი, რომელიც კარგად იკვრება მერე. "დოპლერში" მართლა უკვე ძალიან ღია შეტევაზე გადადის: აქაა ყველა თემა, რაც მოხაზულია "ნაივურ სუპერში" და რასაც ბოლომდე სახელი არ ჰქვია. აქ არის მთავარი გმირი, რომელსაც არ ჰქვია სახელი და ბოლოში არის სადღაც ნახსენები ერლენდი და კრიტიკოსები წერდნენ, თავის თავზე წერსო. თუმცა ერლენდ ლუმ თბილისში ყოფნისას ქართველ მკითხველებს უპასუხა, რომ არავითარ შემთხვევაში არ წერს საკუთარ თავზე, სრულიად სხვანაირი ადამიანია სინამდვილეში, მაგრამ მისი ასეთი ეშმაკობაც იმაშია, რომ შეიქმნა ისეთი იმიჯი, რომ თითქოს თვითონ არის ასეთი სრულებით აზრდაკარგული ადამიანი, ახალგაზრდა, გადამავალი მერე უკვე "დოპლერში" საშუალო ასაკში.

ანუ დოპლერი "ნაივური. სუპერი."-ს გაზრდილი გმირივითაა, რომელსაც თუკი 25 წლის ასაკში სრული ეგზისტენციალური დაბნეულობა დაემართა, ახლა თითქოსდა ზუსტად იცის, რატომ და როგორ შეცვალოს სამყაროში საკუთარი ადგილი და რატომ უნდა უერთგულოს თავის ახალ დისპოზიციას. სხვანაირად რომ ვთქვათ, პროტაგონისტი პირველ შემთხვევაში სამყაროს არსის შეცნობას იწყებს და ამ პროცესს აზროვნებისა და ქმედების წესების გართულებამდე კი არა, გამარტივებამდე მიჰყავს, მეორე შემთხვევაში კი სამყაროს პრაგმატული ბუნება ბოლომდე აქვს საკუთარ თავზე ნაწვნევი და მისგან დისტანცირებით ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებას ცდილობს. მსგავსება კი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში რომანების გმირებს მოულოდნელად ემართებათ გონების დაბინდვა თუ "გასხივოსნება" - "ნაივურ სუპერში" ძმასთან კრიკეტში დამარცხების, "დოპლერში" კი ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შემდეგ. პრეფიქსი "პოსტ" რამდენი ხანია რა სიტუაციაში არ გამოიყენება, ამიტომ დიდად ორიგინალური ვერ ვიქნები, მაგრამ, ალბათ, ბევრსაც არ დავაშავებ, თუ ერლენდ ლუს მე "პოსტეგზისტენციალისტ" მწერალს შევარქმევ. მასთან კარგადაა გადახარშული ეგზისტენციალისტების თემატიკა და ხელწერა. მართალია, მისი გმირები არავის კლავენ და მხოლოდ გარემოს ემიჯნებიან, მაგრამ მათაც კამიუს მერსოსავით უცებ უტრიალდებათ ტვინი და ყველაფრის ახალი თვალით ხედვას იწყებენ. ანდა, თუნდაც, "დოპლერის" დასაწყისს ჩავხედოთ: "მამაჩემი მკვდარია. გუშინ კი ცხენირემი გამოვასალმე სიცოცხლეს. როგორ გითხრათ, ან ის უნდა დარჩენილიყო, ან მე. დამშეული ვიყავი". რას გაგონებთ? "უცხოს" დასაწყისს ხომ არა? ისე, მე უფრო პლატონოვის "Сокровенный человек"-ის დასაწყისს მახსენებს, მაგრამ ეგ იქით იყოს, შორს წაგვიყვანს... მთავარი ისაა, რომ ლუსთან ტექსტის ენერგეტიკა, პერსონაჟებისადმი მიდგომა მნიშვნელოვნად იცვლება, ტემპერატურა დაბლა ეცემა, ირონია შემოდის. ამაზე გაამახვილა ყურადღება დავით გაბუნიამაც.

დავით გაბუნია
დავით გაბუნია

დავით გაბუნია: ამ ორ წიგნს შორის განსხვავებაზე თუ ვილაპარაკებთ, ძალიან ბევრი წიგნი მახსენდება საბჭოთა ბავშვობიდან, როცა შესავალში კრიტიკოსები ან მთარგმნელები წერდნენ ხოლმე, რომ ეს არის დასავლური ბურჟუაზიული წყობის კრიტიკა. შეიძლება ითქვას, რომ კარგი გაგებით, სწორედ ეს არის "დოპლერი".

ძალიან პირდაპირი დაცინვაა კონსიუმერისტური საზოგადოების. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ლუ არ არის ასეთი ზერელე ადამიანი და არც მწერალია ზერელე, რომ მხოლოდ კონსიუმერიზმის კრიტიკით შემოიფარგლებოდეს. ეს უკვე ისეთი გაცვეთილი რაღაც არის დასავლურ ლიტერატურაში, რომ 2004 წელს, როცა ეს წიგნი დაიწერა, სასაცილოც კი არის ამაზე წერა. და ამიტომ, ლუ, მე მგონი, თვითონ დასცინის კონსიუმერიზმის დაცინვასაც კი. ანუ, ეს ვითომ იდეალისტური პერსონაჟი უცებ გადაწყვეტს, რომ ცხოვრების შუა გზაზე მობეზრდა იდეალური, ბურჟუაზიული ყოფა, ასეთი იდეალური, ლამაზი ცოლი, შვილი, ოჯახი, ფეხმძიმე ცოლი, მით უმეტეს, ყველაზე უზრუნველყოფილ ქვეყანაში მსოფლიოში, - სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან რომ ყველაზე ბედნიერი ხალხი ნორვეგიაში ცხოვრობს და ეკონომიკურად კარგად აქვს ამ ქვეყანას საქმე, - და გადაწყვიტა რომ ტყეში იცხოვროს. თოროზეც ხუმრობს, რაღაცას გადაჰკრავს მას და ძალიან მალე - აი, მე რატომაც მომწონს ეს წიგნი - იწყება გამანადგურებელი ირონია, რომ ტყეში ცხოვრება არ არის ეგეთი იდეალური და ეს არ არის გამოსავალი კონსიუმერისტული საზოგადოებისგან. ცხოვრება, რომლიდანაც ეს გმირი გარბის, მაინც ეპარება ნელ-ნელა მას და მაინც უკან ითრევს. მაგალითად, ყველაზე ირონიულად მომეჩვენა ის, რომ როცა მოშივდება, ის არ დაიწყებს შემგროვებლობას და სუპერმარკეტში ჩადის. ანუ მაინც ახლოს არის ცივილიზაციასთან. თითქოს მიატოვებს მას, გაექცევა, მაგრამ სინამდვილეში არსად არ გარბის და ეს არის სწორედ პაროდია დასავლეთევროპული იდეალისტური შეხედულებისა, რომ ბუნებას უნდა შეერწყას ადამიანი. ამ ყველანაირ მედიტაციებზე და ბუნებაში გასვლებზე კარგად ხუმრობს ერლენდ ლუ და ძალიან შავად და სასტიკადაც, თუმცა ერთი შეხედვით არ არის ასეთი განსაკუთრებით დაუნდობელი, მაგრამ ზუსტად ამაში იკვეთება ეს ტენდენცია, პრიმიტივისტულ სტილში, ძალიან სიმარტივეში, სადაც ყველაფერი ხელისგულზე დევს, ყველაფერი აშკარა და ხაზგასმულად მკვეთრია და სივრცეს აღარ გიტოვებს, რომ რაღაც არკვიო შენ თვითონ და ერთმანეთთან აკავშირო წიგნის ნაწილები, იფიქრო, ნეტა ახლა რა უნდოდა მწერალს. პირიქით, აქ ყველაფერი არის ერთმნიშვნელოვნად გასაგები და, ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან ირონიული.

ეს ირონია იგრძნობა დოპლერისა და მის მიერ მოკლული ხარირემის ბოჩოლას, ბონგოს ურთიერთობაშიც, პასტორალის შარჟის იერი რომ დაჰკრავს. სხვათა შორის, ბუნებაში განმარტოება შეუძლებელი ხდება იმიტომაც, რომ დოპლერს ძალიან მალე გამოუჩნდებიან თანამიმდევრები თუ პლაგიატორები თავიანთი გამაღიზიანებელი იდეებით თუ კომპლექსებით და ტყეში, მის ირგვლივ, ნელ-ნელა პატარა კომუნა იქმნება, ანუ სოციუმს დოპლერი მაინც ვერ გაურბის. მეორე მხრივ, ოჯახთან კონტაქტსაც ვერ კარგავს, პირიქით, ეს ურთიერთობები თანდათან აღდგენას იწყებს და როცა უკვე გგონია, რომ დოპლერმა ბოლომდე ამოწურა საჭირო სულიერი ძალისხმევა განყენებულად ცხოვრებისათვის და ძველ რუტინას უნდა დაუბრუნდეს, კვლავ გარბის, უფრო შორს, უფრო ღრმა ტყეში. თუმცა კი ეს სულაც არ ბადებს განცდას, რომ მისი ახალი გაქცევა წარმატებით დასრულდება.

საუბარში დავით გაბუნიამ ერლენდ ლუს რამდენიმე პიროვნული ნიშანიც აღნიშნა, რაც მისი ტექსტების ბუნებას გამოკვეთს.

დავით გაბუნია: ფეხზე აქვს ველოსიპედის დიდი ტატუ და თვითონაც თავის ბლოგზე წერს, რომ არის ველოსიპედისტი, მამა და მწერალი. და რომ ვკითხეთ, მისი იდენტობებიდან ყველაზე მეტად რომელი არის მნიშვნელოვანი, თქვა, რომ, პირველ რიგში, მამა ვარ ჩემი შვილებისთვის, მერე ველოსიპედისტი და მერე სადღაც მწერალიო. ანუ ეს ველოსიპედით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ობსესია, რაც ასე დამახასიათებელია ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვის, როცა "სულიერებისგან" დაცლილი საზოგადოება ამაში პოულობს სულიერების ნიშნებს, მედიტირებს ბუნებაში... - ყოველივე ამას ერლენდ ლუ ძალიან პირდაპირ და ღიად დასცინის "დოპლერში".

ერთი სიტყვით, ვისაც "ნაივურმა სუპერმა" თავისი მარტივი ენით რაღაც მნიშვნელოვანი უთხრა, შეუძლია გაეცნოს ერლენდ ლუს მეორე რომანს, როგორც ამ წიგნის გაგრძელებას, ხოლო თუკი "ნაივური. სუპერი." დღემდე არ წაუკითხავს, აგერ ორივე ტექსტი ერთად, როგორც პოსტეგზისტენციალური დილოგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG