Accessibility links

დავიდ ფონკინოსის ერთ-ერთ რომანზე - "ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი" - წელს, მარტში, უკვე ვისაუბრეთ. მას მერე, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, მისი კიდევ ორი რომანი გამოჩნდა ჩვენს წიგნის მაღაზიებში. ამიტომ დღეს კვლავ ამ ავტორს მივუბრუნდებით და 2008 წელს დაწერილ "ჩვენს განშორებებზე" ვილაპარაკებთ. აღსანიშნავია, რომ ფონკინოსი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" შემოიყვანა - სამივე რომანი ამ გამომცემლობის დაბეჭდილია. რაც შეეხება "ჩვენს განშორებებს", მისი მთარგმნელია ნანა იაშვილი. წიგნზე და, საერთოდ, ავტორზე საუბარი კი ვთხოვე პოეტ ეკა ქევანიშვილს.

ეკა ქევანიშვილი: ფონკინოსი აღმოვაჩინე, როცა ის ჩვენთან ჩამოვიდა ბეგბედერთან ერთად და სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული მწერალი იყო, მე პირველად წავიკითხე მაშინ მისი ქართული თარგმანები. დავრჩი სასიამოვნოდ გაოცებული, იმიტომ რომ მე მიყვარს მწერლები, რომლებიც ჰყვებიან ამბებს, რომლებიც შეიძლებოდა გადამხდენოდა ან გადამხდენია მეც და თან ამას ჰყვებიან ძალიან დოზირებული თვითირონიით. და, სხვათა შორის, უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ბეგბედერი. დაახლოებით, ერთ სტილში წერენ, მაგრამ ბეგბედერს როცა ვკითხულობ, სულ მაქვს ხოლმე ის შეგრძნება, რომ ხულიგანია და მეთამაშება, ცოტას იგონებს, თამაშობს ჩემს შეგრძნებებზე, ფონკინოსთან კი ეს არ მქონდა. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ უფრო გულწრფელი მწერალი მგონია, ვიდრე სხვა მისი თანამედროვეები, იმიტომ რომ ძალდაუტანებლად ჰყვება ყველა იმ ამბავს, რომელსაც გიყვება, თან ეს ისეთი ამბებია, ახლა მე შენ რომ მოგიყვე, მაგალითად, ფრიცის და ალისას სიყვარულის ამბავი, ძალიან ბანალური გამოვა, მაგრამ თვითონ წიგნში ისეთი დეტალები აქვს დაჭერილი, ყველა ჩვენგანს რომ გადაგვხდენია. ცოტა სევდიანი მწერალიც არის ფონკინოსი ჩემთვის, მაგრამ, ამავე დროს, იმ ყველაფერს, რასაც გიყვება, გიყვება ძალიან გასაგები ენით, მარტივად, რაც შეგიძლია წაიკითხო სამარშრუტო ტაქსიდან დაწყებული, მეტროთი დამთავრებული, სადღაც ქუჩაში ჩამოჯდე, არ გჭირდება დიდი ძალისხმევა და ტვინის დაძაბვა, რომ ეს მწერალი აღიქვა. ხშირად შეიძლება არ მიუბრუნდე, მაგრამ ყოველთვის ჩააგდო ჩემოდანში.

ბანალური რომ არ გამოვიდეს, არც მე შევეცდები ფრიცისა და ალისას სიყვარულის ამბის მოყოლას, მხოლოდ დეტალების დაჭერას შევეცდები. მათი შინაგანი თუ გარეგანი კონფლიქტების სათავე მათი აღზრდის მეთოდებში ძევს. ფრიცი ჰიპების ვაჟია, ალისა კი -ბურჟუების ქალიშვილი. მწერალი ქალ-ვაჟის მშობლების პორტრეტებსაც ხატავს, ახვედრებს კიდეც მათ ერთმანეთს და ამით იმ კომიკურ ველს, რომლის შექმნაც პირველივე გვერდებიდან არასდროს უჭირს ხოლმე, აძლიერებს სოციალური და მენტალური პოლუსების დაჯახების გზით. მშობლების და შვილების ურთიერთობის ეს სცენები ქართული სინამდვილის თითქოს ერთი ერთზე აღწერაა და ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა.

ფრიცი და ალისა ფილოლოგები არიან: ფრიცი ლექსიკონ "ლარუსის" რედაქციაში მუშაობს, ალისა კი გერმანულის სპეციალისტია. და ენა, როგორც მთავარი გმირების სამოქმედო სივრცე, რომანის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტია ბოლომდე. ტერმინოლოგია, ეტიმოლოგიები, ფონეტიკა ის მთავარია, რითიც ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთანაც და სხვებთანაც, რაც ახალ კავშირებს ბადებს და ძველის დარღვევასაც ახერხებს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ რაიმე ლინგვისტურ რომანთან ან, თუნდაც, მის პაროდიასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, ფონკინოსი თავის პერსონაჟებს "ყოფიერების სახლს" უშენებს, რათა იქ მათ თავიანთი განცდების, ვნებების, ფიქრების, სევდის, მოულოდნელი გადაწყვეტილებების, მეტამორფოზების გარკვეულ ფორმაში მოქცევა და გააზრება მოახერხონ. ავტორი შესატყვის, მხიარულ ფორმალისტურ ხერხსაც პოულობს რომანისთვის: კონტექსტუალად, სიტუაციიდან გამომდინარე, ტექსტში რთავს სიტყვების განმარტებებს, ცნობილი თუ არცთუ ცნობილი პირების ბიოგრაფიებს და ასე თანდათან, თავისი ლაღი იუმორით წიგნის პერსონაჟების ბიოგრაფიებზეც კი გადადის.

ანუ მასში, როგორც ჭეშმარიტ ფრანგ მწერალში, არის როგორც კლასიკური სიუჟეტების ერთგულება თუ სიყვარული და, რაც მთავარია, მათი კვლავ განახლების ვნება, ასევე ენობრივი თუ ფორმალისტური ოინებით სათქმელის გამოკვეთის ნიჭი და ადამიანების ფსიქოლოგიური სურათების დახატვის ლაღი მანერაც.

ეკა ქევანიშვილი

ეკა ქევანიშვილი

აი, რა თქვა ამაზე ეკა ქევანიშვილმა.

ეკა ქევანიშვილი: თითქოს უბრალო ამბავს ჰყვება, ჰო, მაგრამ ამ დროს შეიძლება უცებ დაგვანახოს ძალიან მოულოდნელი გარდასახვა ადამიანის. როგორ შეიძლება კაცი წავიდეს, დეპრესიაში მყოფი ან რაღაც პრობლემების მქონე, და დაიწყოს, მაგალითად, ვიღაცის ჰალსტუხების გაყიდვა და ასე იპოვოს თავისი თავი. ეს მომწონს ფონკინოსში, რომ ჩვეულებრივ ამბავს კი მიყვება, მაგრამ რაღაც გადახვევები აქვს, ბილიკები, რომლითაც მიხსნის ზუსტადაც იმ ადამიანის ფსიქოლოგიის სამყაროს: როგორ შეიძლება მოიქცეს კრიტიკულ შემთხვევაში. და თან ეს თითქოს ბანალური სიყვარულის ისტორია, რომელსაც კონკრეტულად ამ წიგნში მიყვება, არის ძალიან ნამდვილი. ჩემი აზრით, ფონკინოსი არ ცდილობს, ლამაზად და იდეალურად მოგვაწოდოს რაღაცები. მისთვის სიყვარული არის ისეთი, როგორიც არის. მისთვის ურთიერთობაც არის ისეთი, როგორიც არის. კლასიკოსები რომ ახსენე, იქ თითქოს უფრო მოჩუქურთმებულია ყველაფერი, უფრო ღრმად წასული, და მას, ერთი სიტყვით, არ აინტერესებს ზედმეტი ფილოსოფიები...

რომ შევაჯამოთ, პრინციპში ფონკინოსი მასის მწერალი გამოდის, ის ახერხებს, რიგითი მკითხველისთვის მიმზიდველად წეროს და შედეგიც სახეზე აქვს: ის დღეს საფრანგეთში ყველაზე გაყიდვადი ავტორების ხუთეულშია, არადა, ამავე დროს, უბადლო სტილისტი, მთხრობელი და საკუთარი უნიკალური მიკროსამყაროს მქონე ავტორია, ათწუთიანი "ბესტსელერისტების" რიგში მას ვერ გავიყვანთ. ამიტომ ბოლოსკენ საჭიროა მაინც დავსვათ ასეთი კითხვა: რა არის ის მთავარი "მესიჯი", რომელიც უნაკლო იუმორით გაჟღენთილ, ჩამთრევ მის ტექსტებს მოჰყვება?

მოვუსმინოთ ეკა ქევანიშვილს.

ეკა ქევანიშვილი: მაინც იმედიანი მწერალია ფონკინოსი. შეიძლება ისეთი იდეალური "ჰეპი ენდი" არ ჰქონდეს, როგორც სხვა მწერლებს, მაგრამ როგორ იმედს გიტოვებს, იცი? ყოველთვის შენს საყვარელ ადამიანთან დარჩენა არ არის გამოსავალი. შეიძლება გამოსავალი იყოს სხვა ადამიანის პოვნა ან სხვა სიტუაციაში საკუთარი თავის უკეთ გრძნობა. ასეთ იმედებს გაგროვებინებს და გიტოვებს. სხვათა შორის, სამივე წიგნში მე მქონდა ის შეგრძნება, რომ ის არ წირავს სიტუაციებს, არ წირავს თავის გმირებს ბოლომდე. ჩემი აზრით, ფონკინოსი ფიქრობს, რომ ადამიანები არ არიან ერთმანეთის საკუთრებები და რომ შეიძლება კმაყოფილი და ბედნიერი და სავსე იყო ერთი სიყვარულით, მაგრამ რაღაცნაირად დაამთავრო, უარი თქვა და მერე სხვა ადამიანს შეხვდე და მასთან განაგრძო ცხოვრება.

აი, ფონკინოსის "მესიჯიც". შეგიძლიათ იგი მის ყველაზე ადრინდელ და გახმაურებულ რომანში, "დელიკატურობაშიც" გადაამოწმოთ. მე ის ჯერ არ წამიკითხავს. რაც შეეხება "ჩემი ცოლის ეროტიკულ პოტენციალს", შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი ეს "მესიჯი" იქაც ისმის. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" კი მადლობა ასეთი ცოცხალი ავტორის ქართულ სივრცეში შემოყვანისთვის და იმედია, რაკი ეს საქმე თავის თავზე აიღო, თანდათანობით მის სხვა ტექსტებსაც მოგვაწვდის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG