Accessibility links

15 ოქტომბერს ქართველ მწერალ ვაჟა გიგაშვილს 80 წელი შეუსრულდა. ჰო, არა სახელგანთქმულ, ღვაწლმოსილ ან დიდ ქართველ მწერალს, არამედ, უბრალოდ – ქართველ მწერალს, ვინაიდან ასეთი ეპითეტები ძალიან ყალბად გაიჟღერებდა მის მიმართ. ის ხომ მთელი ცხოვრება მსგავსი ლიტერატურული იერარქიის მიღმა იდგა და, უბრალოდ, წერდა ისე, როგორც ეწერინებოდა და ამ ნაწერებისთვის არც არასდროს მოითხოვდა ჯილდოებს, პრემიებსა თუ საერთაშორისო აღიარებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, და, პრინციპში, სწორედ ამის გამო, მას მუდამ ჰყავდა თავისი მკითხველი და მუდამ იყო ის ხალხიც, ვინც მისი ტექსტების დაბეჭდვაზე ზრუნავდა. და, ალბათ, შემთხვევითაც არ მოხდა, რომ ამ საიუბილეო წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი ორი წიგნი დასტამბა: „დღე და ჟამი“, რომელშიც 1956-1966 წლებში დაწერილი ნაწარმოებები შევიდა და „მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს“, სადაც 90-იანი და 2000-იანი წლების ტექსტებია თავმოყრილი. პრინციპში, ეს ორი წიგნი ორი კიდეა – ვაჟა გიგაშვილის შემოქმედების საწყისი და დასასრული. შუა პერიოდის, „ნადირობა ჩონ-ტაშში“ და კიდევ სხვა ნაწარმოებები, შეგიძლიათ ამ ორ წიგნს შორის ჩამატებად, მესამე ტომად წარმოიდგინოთ.

ამ წიგნებზე საუბარი ვთხოვე პროზაიკოს ბექა ქურხულს.

ბექა ქურხული: ბატონ ვაჟა გიგაშვილზე საუბარი, ალბათ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, ვისთან მეგობრობდა: გურამ რჩეულიშვილთან. ეს ძალიან საინტერესო ტანდემი იყო. აქვე, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ეპოქაც, პერიოდიც, როდესაც ამ ბიჭებმა (მაშინ ბიჭები იყვნენ), 50-იან წლებში დაიწყეს საოცარი, სრულიად სხვაგვარი ლიტერატურის შექმნა, და მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, ეს იყო ნამდვილი პროტესტი და ნამდვილი გარღვევა, თუ გავიხსენებთ, რომ 15-20 წლით ადრე ამ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, საშინელება ხდებოდა, რეპრესიები, 37 წელი, და უცებ გამოჩნდა ხალხი, რომელიც წერდა არა კოლმეურნეობაზე, არა ჩეკაზე, არა კომუნისტურ პარტიაზე... უცებ ამ ბიჭებმა დაიწყეს წერა ჩხუბზე, მთაზე, სიყვარულზე, სექსზე, და როგორც წერდნენ, ისევე ცხოვრობდნენ. ახლა ეს ძალიან ყბადაღებული რამ გახდა: როგორც ცხოვრობ, ისე წერ და ა.შ. მაგრამ, პრინციპში, ეს ისეთივე გარღვევა იყო, როგორც ამერიკაში ბიტნიკები, ან დოვლატოვი, ნეიმანი, ბროდსკი... საერთოდ, როცა ბატონი ვაჟა რაღაცებს იხსენებს, დიდი სიყვარულით იხსენებს ცხონებულ გიორგი შატბერაშვილს, გადასახლებაში ნამყოფ ადამიანს. გურამი მივიდა ბატონ ვაჟასთან და უთხრა, „ცისკარში“ გვეპატიჟებიან და ბიჭო, წამოდი, დაგვიბეჭდონ იქნებო, და გიორგი შატბერაშვილმა პირდაპირ გვითხრა, მაგარი მოთხრობებია, მაგარი რაღაცებია, მაგრამ ერთი კომკავშირელი გამოჩნდეს, რომ როგორმე შევაპაროთ ამ ოხრებსო. ბატონი ვაჟა არ ამბობს, არ მიცდიაო, არ დებს თავს ნონკონფორმისტობაზე, ვცადეო, ეს კომკავშირელი ხან აქედან შევაკვეხე ჩემს მოთხრობებში, ხან იქიდან – არ გამომივიდაო, ვერაფრით ეს ვერ მოვახერხეო და ამიტომ საკმაოდ გვიან დაიწყო ბატონი ვაჟას ნაწერების ბეჭდვა. სხვათაშორის, ახლაც უნდა ვთქვა, რომ მარტო მწერლების წრემ არ უნდა იცოდეს ბატონი ვაჟა, ჩემი ღრმა რწმენით, ის უნდა იყოს ცნობილი მკითხველისთვის, ვიდრე ახლაა.

ეს მეგობრობა გურამ რჩეულიშვილთან მის ნაწერებშიც ირეკლება. მოთხრობათა ერთ ციკლში იგი მთავარი პერსონაჟია. გურამი ყველგან გურამია, წიგნის ავტორმა კი ამ მოთხრობებში სახელად ლადო დაირქვა. ისინი ერთად დაბორიალობენ, ნადირობენ, ხევსურეთში, ჯანდარის ტბასთან, მტკვრის პირას და ასე, სულ სხვადასხვა ადგილებში. სადღაც ლადო ტლაპოში ეფლობა, გურამი კი ექაჩება, ის უფრო მეტად ეფლობა ტლაპოში, გურამი მეტად ექაჩება და თან სიცილით კვდება. ჰო, კი არ ნერვიულობს, სიცილით კვდება. სადღაც კლდეებზე, ძალიან სახიფათო ადგილას მიცოცავს და ამ ხიფათის გამო მისი თვალები სიხარულსა და კმაყოფილებას ასხივებენ. „რა უხარია?“ – იკურთხება გუნებაში ლადო, მაგრამ ახსენდება, რომ ეს მისი ხასიათია: გურამს საშიშროების წინაშე დგომა სიამოვნებას ანიჭებს და ეს მისი კეკლუცობა არაა, ის, უბრალოდ, კარგად გრძნობს თავს ასეთ ამბებში. ამ ციკლში არის მოთხრობა „კურელა“, რომელიც, ფაქტობრივად, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის „სიკვდილი მთებში“ გაგრძელებაა. აქ ვაჟა გიგაშვილი იმ ალფრედ კურელას გვაჩვენებს, რომელმაც უკვე დამარხა თავისი ცოლი და კვლავ ხევსურეთშია, მეუღლის ბოლო სურვილს ასრულებს, რაღაც ფოტოებს იღებს, სვამს, თავისი ცხოვრების შესახებ უყვება მას. ციკლი სრულდება მოთხრობით „სიზმარი“, სადაც ვაჟა გიგაშვილი უკვე გარდაცვლილ, წყალში დამხრჩვალ თავის მეგობართანაა, მაგრამ ისევ ისე, მთებში, თითქოს არაფერი შეცვლილა, ეწევა მასთან ერთად, ნიორს ჭამს, კი უნდა, რომ ჰკითხოს, „რანაირად მოუვიდა, რომ მოკვდა“, მაგრამ ხვდება, რომ „მურტალი სისულელეა, კაცს ჰკითხო, როგორ მოკვდა, როცა ნიორსა ჭამს და თამბაქოს აბოლებს“. „დღე და ჟამს“ დანართებიც ახლავს, სადაც არის ფრაგმენტები ინტერვიუდან და ძველი დღიურიდან, და აქ საოცრად თვალსაჩინოდ ჩანს ეპოქა, ცხოვრების წესი, ადამიანები: დემნა შენგელაია, ნოდარ ჩხეიძე, გიორგი შატბერაშვილი, შოთა ჩანტლაძე, გიორგი შენგელაია, რა თქმა უნდა, კვლავ გურამ რჩეულიშვილი...

ბექა ქურხული

ბექა ქურხული

ბექა ქურხული: ლიტერატურაში გვერდზე გაწევა და რაღაცებში არ გარევა მერე თავის პლიუსებს გაძლევს იმიტომ, რომ მერე მონაწილეობდა ექსპედიციებში ვაჟა გიგაშვილი, დადიოდა მთაში, ტყეში, ღრეში და შექმნა საოცარი ნაწარმოებები. მაგალითად, არ შემიძლია არ გამოვყო „დღე და ჟამი“. და მერე ეს წიგნი დაიკარგა. წიგნებმა იციან ასე მისტიურად დაკარგვა და გაქრობა, და 20 წლის მერე ბატონი ვაჟას ეს წიგნი, რომელიც ახლა კიდევ გამოიცა, როგორ გამოჩნდა ისევ. და იცით, რა დავაფიქსირე? რაც ჩემი ტერმინები მეგონა, ქუჩური და მთის და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ბატონი ვაჟას წიგნიდან მქონდა ჩარჩენილი. დავინახე, რომ ეს იყო არა მარტო ლიტერატურული გავლენა, არამედ ცხოვრებისეული გავლენაც ვაჟა გიგაშვილის ჩემს თაობაზე.

ვაჟა გიგაშვილის ადრეული მოთხრობების კითხვისას შეიძლება გაოცება დაგეუფლოს, თუკი გაიაზრებ, რომ ასეთი მდიდარი ქართულით და ასე ხატოვნად 20-25 წლის ბიჭი წერდა. ეს ერთი ენაა, რომელსაც იგი ბრწყინვალედ ფლობს, კილოკავების, ბუნების ენას. და არის მეორე ენა, ეს უკვე ქალაქის ენაა, სლენგით, ბარბარიზმებით. მეორე წიგნი, ძირითადად, ამ ენითაა დაწერილი, ვინაიდან იქ პერსონაჟები, ძირითადად, ქალაქელები არიან, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. მე, პირადად, ვაჟა გიგაშვილის ადრეული მოთხრობები უფრო მხიბლავს, კომპაქტური, ფერწერული... თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, უფრო ისაა, რომ ვაჟა გიგაშვილი, რომელიღაც ენის, ესთეტიკის ტყვეობაში არ ჩავარდა. როგორ მოხდა ეს? ვკითხე ბექა ქურხულს.

ბექა ქურხული: თუ არ იმოძრავა, თუ არ იარა, თუ არ ნახა რაღაცები თავის თვალით, იგივე, თუ არ ისმინა ურბანისტული სლენგი ან სოფლური დიალექტები, მაგას ვამბობ, ეს ბიჭები იმდენს დადიოდნენ და იმდენს მოძრაობდნენ, რომ ამან მათ თავისი დამოუკიდებელი სკოლა მისცა და, ამავე დროს, ახლა, როცა ჩვენ მამების თაობაზე ვლაპარაკობდით, ამ ურჩხულმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, მაგრად კი გაიმეტა და დაუსახიჩრა ფსიქიკა, მაგრამ ენობრივი კულტურა, ლიტერატურული კულტურა ამ მამების თაობას ჰქონდა საოცარი: მე-19 საუკუნიდან გადმოყოლილი, აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის მომსწრეები იყვნენ ლამის. ანუ ეს ლიტერატურული ქართული, რაც ჩვენ ძალიან გვიჭირს, ამ ბიჭებს, ერთი მხრივ, ეს ტალღა კარგად გადმოყვათ, მეორე მხრივ, ამ თავისმა ურჩობამ, ბიჭურმა პროტესტმა, თავისი დამოუკიდებელი ხელწერა და სტილი მისცა, რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ფაქტობრივად, აქამდე გადმოდის და საოცარი პერიოდი შექმნა მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. უბრალოდ, ეს ქუჩაში გამოვარდნაც და მთაში წასვლაც ამ ბიჭებისთვის იყო ამ საშინელი რეჟიმიდან, სიცრუიდან, სიყალბიდან როგორც გაქცევა, ასევე შეტევაც, ანუ მათთვის ეს იყო რაღაც სხვანაირი გაფრენები.

ორივე წიგნს ლაშა თაბუკაშვილის წინათქმა უძღვის და მე მინდა, დღევანდელი საიუბილეო სიუჟეტი ვაჟა გიგაშვილზე მისი სიტყვებით დავასრულო: „მოვიდა მწერალი, რომელიც ცოტას წერდა, მაგრამ რასაც წერდა, ერთი კაშხალის ენერგეტიკას უდრიდა და განცვიფრებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის იდეოლოგიურ გაზის კამერაში თავისუფალი სულის ასეთი ამოტყორცნა მოხდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG