Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ქიქოძის "16 ივნისი"


"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სულ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა არჩილ ქიქოძის რომანი "სამხრეთული სპილო". ეს ავტორის პირველი რომანია და, ალბათ, არა მხოლოდ ზომით, არამედ თვისებრივადაც სულ სხვა მასშტაბის ნაწარმოებია. არჩილ ქიქოძე აქ ლიტერატურაში კარგად მოსინჯულ მოდელებს ეფექტურად იყენებს და მათზე საკუთარ სამყაროს აშენებს. პირველი ასოციაცია, რომელიც მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება, ეს ჯოისის "ულისეა": აქაც მთავარი გმირი ერთი დღის განმავლობაში დაეხეტება თავის ქალაქში და ქალაქში გადაადგილებას მისი ცნობიერების ნაკადიც მოსდევს. შესაძლოა დამთხვევაა, მაგრამ ის ერთი დღე, როგორც ჯოისთან, აქაც ზაფხულის დღეა. თარიღს ქიქოძე არ აკონკრეტებს, მაგრამ მოდით, ჩავთვალოთ, რომ ეს ქიქოძის "16 ივნისია". თუმცა თარგი ერთია და მატერია კი მეორე. ამ მხრივ იგი ოდნავადაც არ ცდილობს "ულისეს" ფაქტურა გაიმეოროს. ექსპერიმენტული თხრობის თუ მეტყველების ის ვნება, რაც ირლანდიელ მოდერნისტ კლასიკოსშია, მასში ოდნავადაც არაა. ის "წესიერი" მთხრობელია, თუმცა კი კომპოზიციურად საკმაოდ დაქსაქსულ ტექსტს ქმნის და ახერხებს თემების, ეპოქების, პერსონაჟების მრავალფეროვნებაში თხრობის სადავეები არ გაექცეს და საჭირო მომენტში ეს სადავეები მოზიდოს კიდეც. რომანში არიან პერსონაჟები, რომლებიც ერთჯერადად ჩნდებიან, თავიანთ განწყობას თუ მესიჯს ტოვებენ, გარკვეულ პერიოდს აცოცხლებენ რაღაც რაკურსით და ქრებიან და მათ ემოციური ბმა აქვთ თბილისის კონკრეტულ ადგილებთან, ანუ კონკრეტული ქუჩა, ბაღი თუ სახლი მთავარ გმირს ამ ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ სიტუაციებს ახსენებს. მთავარი გმირის ერთდღიანი მოძრაობის ტრაექტორია, თბილისის ის პორტრეტი, რომელსაც ავტორი ხატავს, ნაწარმოების ის ზედა პლასტია, რომელსაც აწმყო ჰქვია და საიდანაც იგი უფრო ქვედა პლასტებში უნდა ჩავიდეს, არქეოლოგიური გათხრები აწარმოოს წარსულში.

არჩილ ქიქოძის "16 ივნისი"
please wait

No media source currently available

0:00 0:09:29 0:00
გადმოწერა

წიგნზე საუბარი ვთხოვე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილს.

ზაალ ანდრონიკაშვილი: "სივრცეში მოძრაობასთან ერთად, ალბათ, ეს არის უფრო დროში მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით ეხება ბოლო 25 წელიწადს, მთავარი გმირის ბავშვობას და ახალგაზრდობას, მაგრამ მიდის უფრო შორსაც, მიდის სადღაც 50-60-იან წლებამდე და არის 30-იანი წლების ამბების გახსენებაც. საერთოდ, არჩილ ქიქოძის პროზას ახასიათებს, რომ ის ყოველთვის რაღაცნაირად უპირისპირდება წარსულს. ეს არის არა, უბრალოდ, გახსენება, არამედ არის მცდელობა, რომ ამ წარსულში მივაგნოთ წერტილს, საიდანაც რაღაც შეიცვალა. და ის, რაც იცვლება, როგორც წესი, არის ცვლილება ცუდისკენ. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური წარსულის მომღერალია არჩილ ქიქოძე, მაგრამ წარსულის წერტილები არის გარდატეხის, გატეხვის წერტილები. და ამ წერტილებს ეძებს პერსონაჟი და მკითხველიც ამ დეტექტიურ ისტორიაშია ჩართული, კითხულობს, კითხულობს, კითხულობს თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ პროტაგონისტის მოგონებებს, რომელიც არის კინორეჟისორი, აღქმაც ამ წიგნში არის ძალიან ვიზუალური, კითხულობს, და უცებ იკვრება ეს სიუჟეტური კვანძები, კავშირდება ერთმანეთთან თითქოსდა დაუკავშირებელი მოვლენები და ჩვენ ვხედავთ, რომ იმ წერტილს მივაგენით, სადაც მკითხველის პოზიციიდან რაღაც შეიკრა, მაგრამ იმის პოზიციიდან, ვინც იხსენებს ამ ამბებს, რაღაც კვანძი დაიშალა".

შეიძლება ითქვას რომ ბევრ პერსონაჟს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს. რაღაც ფატალურმა ისინი გააჩერა. წინ მათთვის ახალი უკვე აღარაფერია, ცხოვრება უკვე ძველი ჩვევების გამეორებადაა ქცეული. ასეთია მთავარი გმირი, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო (ეს მიზეზი წიგნის ფინალში ირკვევა) გადაწყვეტილებას იღებს, რომ ფილმი აღარასოდეს გადაიღოს და მხოლოდ იმას იტოვებს თავისთვის, რომ კინოთვალით უყუროს სამყაროს; ასეთია მისი მეგობარი თაზო, რომელსაც 30 წლის ასაკში უნებლიე დანაშაულის მტანჯველი განცდა შეიპყრობს და წლების განმავლობაში სახლში ჩაკეტავს; ასეთია მისი მეზობელი მედიკო, რომელსაც ახალგაზრდობაში ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა "ბე-ემ-ვე" აჩუქა და მანქანა მისი სახლის წინ ისე იქცა ჯართად, რომ ის მასში ერთხელაც არ ჩამჯდარა; ასეთია მედიკოს მამა, მუსიკოსი როსტომი, რომელიც განუკითხაობის წლებში დააყაჩაღეს და მას შემდეგ სახლში ზის, თავისთვის უკრავს და ქოთნის მცენარეებს რწყავს; ასეთი იყო მთავარი გმირის დედაც, რომელმაც მთელი ცხოვრება არქეოლოგიური გათხრები აწარმოვა ნაქალაქარში, ვერაფერს მიაგნო იქ და, ბოლოს, გაძევებული პრეზიდენტის ერთგულ თანამებრძოლად იქცა, ქვით ხელში მიტინგებზე და სხვა ყველაფრისადმი, თვით შვილისადმი ინტერესდაკარგულიც კი. ერთი სიტყვით, ბევრნი არიან ასეთები, შეიძლება ითქვას, უმრავლესობა. და რატომ ჰქვია რომანს "სამხრეთული სპილო"? მთავარ გმირს სახლში, წიგნის თაროზე გამოდებული აქვს ფოტო, რომელზეც ის და მისი მეგობარი თაზო, ყმაწვილები, სამხრეთული სპილოს ჩონჩხის წინ დგანან. ეს სამხრეთული სპილო ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟების გამაერთიანებელი მეტაფორაა. მაგრამ არჩილ ქიქოძეს სხვა გამჭოლი მეტაფორებიც აქვს რომანში. მოვუსმინოთ კვლავ ზაალ ანდრონიკაშვილს.

ზაალ ანდრონიკაშვილი
ზაალ ანდრონიკაშვილი

ზაალ ანდრონიკაშვილი: "ეს რომანი არის თითქოსდა გადაშენების პირას მისულ ძველზე, მაგრამ ეს ძველი, ამავდროულად, არის წარსულსა და მომავალს შორის დამოკიდებულება: როგორ შეიძლება რაღაც ძველი ტრანსფორმირდეს რაღაც ახლად. ეს არ არის ისეთი შეკითხვა, რომელსაც ქართული ლიტერატურა მაინცდამაინც ხშირად სვამს. შეიძლება ძალიან დიდ უმცირესობაში აღმოჩნდეს არჩილიც. კიდევ ერთი მეტაფორა, სამხრეთულ სპილოსთან ერთად, არის დამტვრეული ჭურჭლების იაპონური რესტავრაციის ტექნიკა, და ეს ტექნიკა არის ოდნავ უფრო განსხვავებული, ვიდრე ევროპული დამოკიდებულება ძველის მიმართ. "სამხრეთული სპილო" ძალიან ინტერტექსტუალური რომანია, ძალიან ბევრ ნაწარმოებს იხსენებს, მაგრამ ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელსაც პირდაპირ არ ახსენებს ეს რომანი, არის ჰენრი ჯეიმსის რომანი "ოქროს ჭურჭელი" (Golden Bowl), სადაც მთავარი პერსონაჟის მეტაფორა არის გაბზარული ჭურჭელი, რომელიც აღარ გამთელდება, რომელიც გარეგნულად თითქოს ლამაზია, მაგრამ ეს პატარა ბზარი მას სრულიად უფასურს ხდის. აი, არჩილის რომანში კი არის პირიქით: გაბზარული ქოთნები, ხალხი, რომელიც თითქოს წინ ვერ მიდის და თითქოს ვერ პოულობს ადგილს მომავალში, მაინც ხდება ფასეული, და რაც უფრო შორს მივდივართ, რომანის ბოლოსკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ თითოეულ ადამიანს მაინც აქვს თავისი სრულიად უნიკალური ადგილი. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, დემოკრატიული რომანია. ეს არ არის არივისტული რომანი, რომელიც წარმატებაზე გვიყვება. ეს არის რომანი, რომელიც ჰყვება ჩვეულებრივ ბიოგრაფიებს და ამ ჩვეულებრივ ბიოგრაფიებს სძენს თავის ფასს. იაპონური შენარჩუნების ტექნიკა ისეთია, რომ გაბზარულ ადგილას ოქროთი მთელდება ჭურჭელი და ამით კიდევ უფრო მეტი ფასი ედება. და ეს ოქროს ვარაყი თუ ფენა, რომელიც ამთლიანებს ამ ჭურჭლებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის არა მხოლოდ ამ რომანის მთავარი მეტაფორა, არამედ ის ტექნიკაც, რომელსაც იყენებს არჩილ ქიქოძე იმისთვის, რომ ეს ბიოგრაფიები მოყვეს. ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ცნება რომ გავიხსენოთ, "ჩარეცხილ ადამიანებს" - არა პოლიტიკური სისტემის, არამედ, ზოგადად, ამ ჩვენი ახლანდელი ცხოვრების მიერ "ჩარეცხილ ადამიანებს" - სძენს ახალ სიცოცხლეს და ფასეულობას".

არჩილ ქიქოძის ენა ამ რომანში არის მოქნილი და მდიდარი. ის ახერხებს, წეროს კარგი ლიტერატურული ქართულით და, საჭიროების შემთხვევაში, ყოველგვარი გადამლაშებების გარეშე, გამოიყენოს სლენგიც და ბარბარიზმებიც; დიალოგები თუ მთავარი გმირის ფიქრები და მოგონებები ბუნებრივ ჟღერადობაში მოაქციოს, არ ეძებოს გარეგნული ეფექტები და აირიდოს სტილიზაციები. პერსონაჟების ის გალერეა და ეპოქათა ის სურათები, რომელსაც იგი ქმნის, წერის თითქოსდა მშვიდი მანერით იხატება, ერთი ტემპორიტმით, მაგრამ როგორც მთავარი გმირის მიერ გადასაღები ფატალური მატარებლის ხმაურში, ჩვენს თვალწინ შთამბეჭდავი, ემოციური, ტრაგიკული სურათ-ხატების გრძელი ეშელონი გაირბენს და, საბოლოოდ, ეს სურათ-ხატები ერთ დიდ, მრავალფიგურიან პანოდ იკვრება. ალბათ, არანაირად გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ "სამხრეთული სპილო" ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რომანია.

დაბოლოს, ერთხელაც მოვუსმინოთ ზაალ ანდრონიკაშვილს.

ზაალ ანდრონიკაშვილი: "ეს არ არის მაინცდამაინც ექსპერიმენტული პროზა, როგორც შენ თავიდანვე თქვი, მაგრამ ეს არ მაინც კონვენციონალური თხრობა. არჩილს აქვს ძალიან თავისებური სტილი, რომელიც ამ ბოლო დროს გამოუმუშავდა, მას შემდეგ, რაც მოთხრობებიდან გადავიდა უფრო რთულ ფორმაზე. ეს არის ბევრი სხვადასხვა მონაყოლი, მაგრამ ეს სხვადასხვა მონათხრობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული ძალიან თავისებურად - ყველა ამ მოთხრობას აქვს რაღაც საიდუმლო ზამბარა, რომელსაც მკითხველმა უნდა მიაგნოს. თავიდან რომ დავიწყებთ კითხვას, შეიძლება რაღაც ანეგდოტური ისტორიების კრებულად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს რაღაც არქეოლოგიაც ხომ ერთ-ერთი მთავარი მეტაფორაა ამ წიგნის - რაღაც ზედაპირიდან იწყება და მერე ჩადის და ჩადის სიღრმეში - მაგრამ განსხვავებით მთავარი გმირის დედისაგან, რომელმაც ვერაფერი ვერ იპოვა, მკითხველი, მე მგონი, ძალიან ბევრ რაღაცას იპოვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG