Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ჯირკვალიშვილი ფილოსოფიის და ლიტერატურის ზღვარზე


ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობების კრებულმა ,,ლაზარემ" შარშან ,,საბას" ახალ ნომინაციაში, ,,ელექტრონული წიგნები", გაიმარჯვა, წელს კი იგი ბეჭდური სახით გამოსცა გამომცემლობა ,,პალიტრა L"-მა. ,,ლაზარე" ჯირკვალიშვილის მეორე მოთხრობების კრებულია. პირველი - ,,კანფეტი" - 2014 წელს დაბეჭდა გამომცემლობა ,,სიესტამ". ამ ორ კრებულს საკმაოდ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან და, ამავე დროს, განასხვავებს. თუ რა გზა გაიარა ავტორმა ამ ორ წიგნს შორის, ამის დანახვა, ვფიქრობ, ავტორზე და მის ახალ წიგნზე ბევრ რამეს გვეტყვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კრებულიდან ორი მოთხრობა გადავიდა ,,ლაზარეში" - ,,კანფეტი" და ,,მღვდელი" - და წიგნის სტრუქტურაში, თემატიკასა თუ განწყობაში ორივე კარგად ჯდება. თუმცა თემატიკა თუ განწყობა არაა ამ წიგნში ერთი. მოთხრობა ,,ჰელენ" იმ ლირიზმით გამოირჩევა, რაც, პრინციპში, ამ ავტორს არ ახასიათებს, ,,აუდიტორია С 303" კი ფემიციდის თემას ეხება და დაიწერა კრებულისათვის ,,მოკლული ქალების ამბები". დანარჩენ მოთხრობებს შორის საერთო მნიშვნელი უფრო იოლად იძებნება. კრებულზე საუბარი ვთხოვე ფილოსოფოს გიგი თევზაძეს. მოვუსმინოთ მას.

გადმოწერა

გიგი თევზაძე: პირველი, რაც გამოარჩევს ამ წიგნს სხვა ლიტერატურიდან, რაც საქართველოში იწერება, არის ის, რომ ეს არ არის საკუთარ თავზე ამბების მოყოლა. ამან უკვე ეპიდემიის სახე მიიღო, სხდებიან მწერლები და ჰყვებიან საკუთარ ამბებს. ლიტერატურა, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილების გადმოცემაა, მაგრამ ამას უნდა გადამუშავება და ლიტერატურული ფორმის მიცემა. ძალიან დიდი ხანია უკვე ჩვენი ლიტერატურა არის საკუთარი ამბის მოყოლა ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ანუ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება სტილზე იყოს ლაპარაკი. და ოთარის წიგნი გამორჩეული არის იმით, რომ შეიძლება პირიქით დააბრალო: ის ცდილობს გაექცეს საკუთარი გამოცდილების გადმოცემას და ცდილობს წეროს სუფთა ლიტერატურა. ეს უტოპიურია და არ გამოუვა საბოლოო ჯამში და, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილების ტრანსფორმაციის და საკუთარი გამოცდილების გადამუშავების ტექსტებიც არის აქ, მაგრამ ძირითადად, რაც გამოარჩევს ოთარის წიგნს, არის ის, რომ, ის ცდილობს წეროს ისეთ თემებზე, რომელიც არის მკითხველისათვის უცნობი და საინტერესო. ეს ერთი. მეორე ის არის საინტერესო ამ ავტორში, რომ ის არის ძალიან განათლებული, ანუ ძალიან ბევრი რამ იცის, ამას გადმოსცემს და ეს, რაღაც აზრით, შეიძლება იყოს ნაკლიც, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან ბევრი ინფორმაციის გადმოცემა უწევს და ამიტომ ამან შეიძლება ცოტა დააშოროს ლიტერატურას ეს წიგნი. და მესამე არის ის, რომ ეს მოთხრობები არის ფილოსოფიის და ლიტერატურის ზღვარზე. ხანდახან გადავარდება ხოლმე ფილოსოფიაში, მერე ისევ ბრუნდება ლიტერატურაში. ესეც, ვფიქრობ, არის საინტერესო და გამორჩეული. ქართველი მწერალი, ვინც არა ასე, მაგრამ ამ მიმართულებით წერდა, მე ვფიქრობ, იყო ჯემალ ქარჩხაძე. მეტი, პრინციპში, არ მახსენდება არავინ თანამედროვე ქართველი მწერლებიდან. და, რაც მთავარია, იუმორი. კარგი იუმორით დაწერილი მოთხრობებია. და იუმორი ხშირად გადადის სატირაში. საინტერესო წიგნია და ყველას ვურჩევ, რომ წაიკითხოს.

გიგი თევზაძე
გიგი თევზაძე

ორი წლის წინ რუბრიკა ,,ბიბლიოთეკაში" კრებულ ,,კანფეტის” განხილვისას მე აღვნიშნე: ,,ეს ტექსტები პირდაპირ გაჟღენთილია სპეკულაციურობით. სპეკულაციური აზროვნება მოდებულია აქ ყველაფერს, ზოგჯერ აუტანლადაც კი. და სწორედ კვაზიფილოსოფიური თუ კვაზითეოლოგიური მეტყველება თუ რიტორიკა განაპირობებს იმას, რომ ტექსტი იყოს მხატვრული და არა ფილოსოფიური თუ თეოლოგიური". ანუ ის, რაც გიგი თევზაძემ აღნიშნა, მოთხრობების არსებობა ფილოსოფიის და ლიტერატურის ზღვარზე ადრეც ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო ოთარ ჯირკვალიშვილის პროზისა. ,,ერთი შეხედვით ინტელექტუალურ პროზასთან გვაქვს საქმე. თუმცა, არა, საქმე უფრო ინტელექტუალური საკითხავის პაროდიაშია, რომელიც თავისთავად ინტელექტუალურ პროზას გულისხმობს", - წერს წიგნის რედაქტორი მიშა რატიანი თავის წინათქმაში. ის იმ ქაოსზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ერთი შეხედვით ჯირკვალიშვილის ტექსტებში ხდება. თუმცა ამაზე აქცენტი ავტორსაც კი აქვს. მოთხრობაში ,,ლიტერატურული ეკლექტიზმი, ანუ საქართველო ეშმაკის სახეში" იგი წერს: ,,რა კავშირშია ეს ყოველივე ერთმანეთთან? - შესაძლოა, არც არაფერში, მაგრამ მწერალი რის მწერალია, თუ ტყუილების უგვანო კონგლომერატი არ დაახვავა?!" და მერე: ,გვეყო მკაცრი სისტემები, ხალხის შებოჭვა იდეოლოგიური მონოთეიზმებით. მიეცი ადამიანს ქაოსი, რომ მან თავად შეძლოს სიტყვების მოწესრიგება". საბოლოო ჯამში, ავტორის ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი ერთ მიმართულებას იძენს. მას აინტერესებს რელიგიური სივრცეები, ზოგჯერ ისტორიულ ჭრილში, ზოგჯერ თანამედროვე კონტექსტში. ხან მისტიკას აჩენს ამ სივრცეში, ხან პაროდიას, ხან პარადოქსს, ხან დეტექტიურობას. ზოგჯერ ამ ყველაფერს ერთმანეთში აზილავს დამაბნევლად. ამ თვალსაზრისით ყველაზე გამჭვირვალე და ექსპერიმენტული ხერხების გარეშე დაწერილი ტექსტია ,,ლაზარე". აქ კლასიკური თხრობის მანერით ავტორი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდგომ ცხოვრებაზე და მის ეგზისტენციალურ ეჭვებზე გვიყვება. ლაზარეს ტანჯავს კითხვა: იყო თუ არა იგი მართლა მკვდარი და აღდგა თუ არა ის მართლა მკვდრეთით. მას ამ თემაზე დიალოგები აქვს ბარაბასთან, პეტრესთან, სიმონთან, მართასთან, მარიამთან... ამ ტექსტმა შეიძლება გაგახსენოთ პერ ლაგერკვისტის ,,ბარაბა" ან ერიკ-ემანუელ შმიტის ,,პილატეს სახარება", ანუ ის ლიტერატურა, რომელიც ცდილობს სახარების პერსონაჟების უცნობი ცხოვრება წარმოიდგინოს, დაინახოს, აღწეროს და, როგორც წესი, მას ამისთვის ფორმალიზმი არ სჭირდება. ანუ სათქმელს თავისთავად მოაქვს კლასიკური ფორმა და ოთარ ჯირკვალიშვილთანაც ასე მოხდა: ,,ლაზარეში" ის გაექცა თავის ჩვეულ ფანდებს და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ,,წესიერი" მოთხრობა დაწერა ლაზარეზე. ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს მოთხრობა ქმნის თვისებრივ სხვაობას პირველ და მეორე კრებულს შორის და აქ ჩნდება იმ ჩიხიდან გამოსავალი, რა ჩიხშიც ხშირად საკუთარი სურვილით თუ რაღაც უცნაური ვნებით, თავად ამწყვდევს ხოლმე ავტორი საკუთარ მოთხრობებს.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ გიგი თევზაძეს.

გიგი თევზაძე: ქართველი მკითხველისათვის ეს თემები არის მნიშვნელოვანი. დიდი ადგილი ამ საზოგადოებაში უჭირავს რწმენას, უჭირავს ძალიან კონკრეტულ დოქტრინას და, შესაბამისად, ეს თემები არის საინტერესო. ოთარს ძალიან კარგი ფორმა აქვს მონახული ამის გადმოსაცემად, შეიძლება უმეტესობა აღაშფოთოს ასეთი სტილის წერამ, მაგრამ ზუსტად იმ თემებზეა ლაპარაკი, რაც დღეს არის ტოტალური ქართულ საზოგადოებაში. ეს რაც შეეხება რელიგიას. რაც არის ,,ლაზარეში", რომ შევადაროთ, მაგალითად, ,,საქართველო ეშმაკის სახეში" ან "მღვდელს", პრინციპულად განსხვავებულია. ,,ლაზარე" მართლაც არის ისეთი მცდელობა, რომ არის აღწერილი ერთ-ერთი შესაძლებელი ამბავი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო, აპოკრიფული ვერსია იმდენად არაა, რამდენადაც გაგრძელებაა იმ ამბების, რაც ხდება სახარებაში, რაც არის მოყოლილი. ლიტერატურულად ძალიან საინტერესოა, ჰო, სად წავიდა ლაზარე. ლაზარე მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის ახალი აღთქმის და როცა ასე თუ ისე ყველა პერსონაჟზე რაღაც იცი, ლაზარეზე არაფერი არ იცი. ოთარს თავისი ვერსია აქვს შემოთავაზებული, ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, ეს სუფთა ლიტერატურული გამოცდილების შეძენის ამბავია, რომ სულ არის ქანქარა ფილოსოფიას და ლიტერატურას შორის - ეს უხდება და ,,კაბადოკიელი მამები, ანუ სატანა მე-4 საუკუნეში" არის ძალიან საინტერესო მცდელობა, ერთ-ერთი წმინდა მამის თავში შევიდეს ავტორი და მისი პირით მოჰყვეს და გაიაზროს საკუთარი ცხოვრება, და როცა თანამედროვე რწმენაზეა ლაპარაკი, ძალიან სასაცილო ტექსტია, ეს არის ის, რაც საქართველოს დღევანდელ ვითარებაში არის სრულიად ლეგიტიმური, და საქართველოს საზოგადოებრივი მდგომარეობა მოითხოვს, რომ ასეთი ტექსტები დაიწეროს. ძალიან გამბედავია და ყველას ვურჩევდი, ეს წიგნი წაეკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG