Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბიჭი - მასწავლებელი? ბიჭი - ძიძა? … რა გაგიჭირდა?!”


ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად
ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად

საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები ქალურ და კაცურ პროფესიებად ყოფს საქმიანობას. თუკი ვინმე ამ ჩარჩოში არ „ჯდება“, მაშინვე იპყრობს ხალხის ყურადღებას და საზოგადოების განხილვის საგანი ხდება.

ერეკლე აბაშმაძე, უკვე მეორე წელია, ბაღში აღმზრდელად მუშაობს. 18 წლიდან ბავშვების განვითარებაზე ზრუნავს. ჯერ წითელ ჯვარში იყო, ომგამოვლილ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა, ბავშვთა სახლებში დადიოდა, შემდეგ პროფესიაც შესაფერისი აირჩია, ფსიქოლოგი გახდა და პედაგოგის ტრენინგებიც გაიარა. სტუდენტობის დროს ძიძად მუშაობდა, ამის გამო ხალხის გაკვირვებას და თანაგრძნობას იწვევდა.

გადმოწერა

ერეკლე აბაშმაძე იმ გენდერულ სტერეოტიპზე საუბრობს, რომელიც მის საქმიანობას ახლავს:

ბავშვი რომ იზრდება, მისი განვითარებისთვის აუცილებელია ორივე სქესი, ქალის და კაცის, და ორივემ, შესაბამისად, წვლილი უნდა შეიტანოს ნებისმიერ საკითხში. თან, როცა ბაღში ან სკოლაში გენდერული საკითხი ბალანსდება, ბავშვების განვითარებისთვის ბევრად კარგია...
ერეკლე აბაშმაძე

“თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, ყველას უკვირდა: ბიჭი - მასწავლებელი?! ბიჭი - ძიძა?! ჩვეულებრივია. ზოგჯერ უფრო კარგად შემიძლია მოვლა, ვიდრე ქალს. ძირითადად მშობლები პროგრესულად მოაზროვნეები იყვნენ და ამაზე არ ჰქონდათ პრობლემა, მაგრამ მათი მშობლების ირგვლივ ვინც ტრიალებდა, იმათ ჰქონდათ, იმიტომ რომ ყველას უკვირდა, განსაკუთრებით მამრობით სქესს. რა გაგიჭირდა ბიჭს?! ანუ ეს იყო სიქაჯე, იმიტომ რომ ყველაზე მისაღები სამსახური იყო ეს იმ დროს ჩემთვის და სხვაგან მუშაობა ვერ წარმომედგინა. სამსახური და საკუთარი თავის რჩენა არ უნდა იყოს სირცხვილი, პირიქით, უნდა იყოს მისაბაძი”.

როგორც ერეკლემ გვითხრა, აღმზრდელობა მისთვის დროებითი საქმე არ არის, ყოველდღიურად უწევს ბავშვებთან ურთიერთობა და კარგად იცის მათი საჭიროებები და შეცდომები, რომელსაც მშობლები უშვებენ:

“ყოველთვის უნდა აგრძნობინო ბავშვს, რომ ის არის საჭირო. ყურადღება არ უნდა გაუმახვილო იმაზე, რაც არ შეუძლია. პირიქით, უნდა ეძებო, რა შეუძლია და იმაზე დააშენო ყველაფერი. როცა ბავშვი იგრძნობს, რომ საჭიროებას წარმოადგენს მისი არსებობა და შეუძლია, რაც სხვებს გამოადგება, მაშინ ის აუცილებლად ბედნიერი იქნება. თუ აქვს პრობლემა, რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა, უნდა უპოვო წერტილი მის განვითარებას და ყოველთვის წამოგყვება ბავშვი, თუ შენთან იგრძნო კომფორტულად თავი. ზოგს ჰგონია, რომ ჭამა, ჩაცმა და გადასახადების გადახდა არის აღზრდა”.

ამის მიუხედავად, მისი თქმით, ტენდენცია იცვლება და მამები გააქტიურდნენ ბავშვის აღზრდაში, უჩნდებათ კითხვები და უნდათ მეტი იცოდნენ ბავშვთან ურთიერთობაზე.

“ჩემი თაობა განსაკუთრებით განიცდის მამის ნაკლებობას. მამა, ფაქტობრივად, არ ასრულებდა როლს, იყო შემომტანი და სხვა ფუნქცია მას არ ჰქონდა. ეგ დიდ სტრესს აყენებს ბავშვის განვითარებას. აქ, ბაღში, რომ ვუყურებ, ძირითადად მამები უფრო ჩართულები არიან, თუ როგორ მიუდგნენ ბავშვს, რა მნიშვნელობა ენიჭება მათ განვითარებას, როგორ არ უნდა მოიქცეს და რა მიაყენებს ბავშვს სტრესს და რა არა”.

ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად
ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად

მამების აქტიურობის გარდა, ერეკლეს თქმით, მცირედით, მაგრამ მაინც იცვლება სიტუაცია აღმზრდელობით სფეროში დასაქმებული კაცების თვალსაზრისით. იმასაც ამბობს, რომ საქმე იმდენად უყვარს, რომ მიღებული ანაზღაურება მეორეხარისხოვანი უფროა, ვიდრე ძირითადი ინტერესის საგანი:

“თუ საქმე უფრო მნიშვნელოვანია და გსიამოვნებს, უკვე მატერიალური რაღაცები იწევს უკან. ეგ უფრო მაშინ ჩანს, როცა არ გსიამოვნებს რაღაცის კეთება. თუ, მით უმეტეს, ბიჭები ამით დაინტერესდებიან, მომავალი თაობისთვისაც კარგია, იმიტომ რომ ამდენი უმუშევარი უსაქმოდ არ იქნება. წამოვიდა ტენდენცია, რომ ბაღები ნელ-ნელა იღებენ ბიჭებს, აქაც მოსულან რამდენიმეჯერ, ორჯერ მოვიდა პრაქტიკანტი ბიჭი და ძალიან გამიხარდა. ბავშვი რომ იზრდება, მისი განვითარებისთვის აუცილებელია ორივე სქესი, ქალის და კაცის, და ორივემ, შესაბამისად, წვლილი უნდა შეიტანოს ნებისმიერ საკითხში. თან, როცა ბაღში ან სკოლაში გენდერული საკითხი ბალანსდება, ბავშვების განვითარებისთვის ბევრად კარგია”.

გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებულ გარემოში ერეკლემ იცის, რომ თავისი პროფესიული არჩევანის გამო მოუწევს უმცირესობაში ყოფნა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის აკეთოს საქმე კარგად და ამით სხვებიც დააინტერესოს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG