Accessibility links

logo-print

აშშ ცდილობს, კოსოვო სერბიასთან შეთანხმების განხორციელებაზე დაიყოლიოს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა (მარჯვნივ) 10 ივნისს, ვაშინგტონში უმასპინძლა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ჰაშიმ ტაჩის.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა (მარჯვნივ) 10 ივნისს, ვაშინგტონში უმასპინძლა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ჰაშიმ ტაჩის.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჟინებით ცდილობს, სერბიასთან შეთანხმების განხორციელებაზე დაიყოლიოს კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ჰაშიმ ტაჩი. 10 ივნისს, თეთრ სახლში, ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მნიშვნელობას და მას „ისტორიული შესაძლებლობა“ უწოდა. ბაიდენის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია, რათა კოსოვოსა და სერბიის მოქალაქეებმა შეძლონ სიმშვიდეში ცხოვრება, სტაბილური განვითარება და ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, „ახალი ევროპის“ მორიგი გამოშვება სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება.

ევროკავშირის შუამავლობით აპრილში გაფორმებული შეთანხმება მრავალთვიანი დაძაბული მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული. შეთანხმება გულისხმობს მუნიციპალურ ორგანოებში ძალაუფლების განაწილებას კოსოვოელ ალბანელთა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებს შორის.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ჰაშიმ ტაჩისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრა ორშაბათს, ვაშინგტონში გაიმართა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ტაჩიმ ხაზგასმით აღნიშნა სერბიასთან შეთანხმების მნიშვნელობა: „მართალია, სერბია ცდილობს, გააჭიანუროს შეთანხმების გაფორმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მაინც მოვილაპარაკებთ. ეს გარდაუვალი, შეუქცევადი და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესია.“
ჰაშიმ ტაჩი: დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მაინც მოვილაპარაკებთ.

იმავე ინტერვიუში ტაჩიმ თქვა, რომ კოსოვოს პრიორიტეტთა რიცხვში ასევე შედის აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და განათლების საკითხებში.

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული გარიგების მიხედვით, ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბები ავტონომიას ინარჩუნებენ ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში. პოლიცია და სასამართლო, კი კოსოვოელ ალბანელთა ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში რჩება. მაგრამ ის გარემოება, რომ შეთანხმებაში ნახსენებიც არ არის ენის საკითხი, ბელგრადის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებაზე მიანიშნებს.

სერბიისგან დამოუკიდებლობა კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა და მას შემდეგ გასული ხუთი წლის განმავლობაში 90-ზე მეტი ქვეყნისგან მოიპოვა აღიარება, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისგან. სერბიის ტრადიციული მოკავშირე, რუსეთი, ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, რომელიც განაგრძობს ბელგრადის მხარდაჭერას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
სერბიის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი.

სერბიის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი.


ბევრის აზრით, როგორც ბელგრადისთვის, ისე პრიშტინისთვის, სწორედ ევროპის კავშირში ინტეგრაციის დაპირება იყო განმსაზღვრელი შეთანხმების მიღწევისას. თუმცა, ტაჩის თქმით, ამ შეთანხმების განხორციელების პროცესში ვაშინგტონიც აქტიურად არის ჩართული.

ტაჩიმ ისაუბრა, აგრეთვე, ზოგიერთი კოსოვოელის უკმაყოფილებაზე, რომელთა აზრით, გარიგებით სერბიამ უფრო მეტად იხეირა. მაგალითად, სერბიისგან განსხვავებით, კოსოვოსთვის არ შემოუღიათ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

ტაჩის თქმით, „კოსოვოსა და სერბიას შორის მიღწეულ შეთანხმებას წაგებული მხარეები არ ჰყავს, თუმცა ჰყავს მოგებული მხარეები. მოგებულნი არიან კოსოვო და სერბია, ისევე როგორც, აშშ და ევროკავშირი. იმის მიუხედავად, რომ მე მესმის გარიგების მიმართ არსებული კრიტიკული განწყობა, გარწმუნებთ, რომ ეს არ ყოფილა პოპულისტური შეთანხმება. საუკუნოვანი კონფლიქტის შემდეგ, ჩვენსა და სერბიას შორის ეს პირველი, ისტორიული შეთანხმებაა, რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო გამოსავალია მომავალში ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვისთვის.“
ვენსან დეგერი: ევროკავშირი 28 ივნისს განიხილავს სერბიასთან მოლაპარაკების დაწყების ვადებს.

რაც შეეხება სერბიის პრემიერ-მინისტრს, ივიცა დაჩიჩს, მან 10 ივნისს ბელგრადში განაცხადა, რომ კოსოვოსთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ კონკრეტულ თარიღს ელის ევროკავშირისგან, კავშირში სერბიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჩიჩის თქმით, სერბია თავს მოტყუებულად იგრძნობს. ეს განცხადება სერბიის პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამ ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ვენსან დეგერმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი 28 ივნისს განიხილავს სერბიასთან მოლაპარაკების დაწყების ვადებს. დაჩიჩის კომენტარი ასეთი იყო: „ჩვენთვის ეს მიუღებელია. ამან შეიძლება შეაფერხოს ბრიუსელის შეთანხმების განხორციელება.“

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG