Accessibility links

ბიძინა ივანიშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა


ბიძინა ივანიშვილი,

ბიძინა ივანიშვილი,

შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, რომელიც 14 ნოემბერს ბრიუსელში შედგა, წინ უსწრებდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არასახარბიელო შეფასებები თუ უარყოფითი აქცენტების შემცველი რეზოლუცია. ეჭვები ძირითადად გამოიხატებოდა საქართველოში თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით. 14 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოხატა ნდობა და გამოთქვა იმედი, რომ მართლმსაჯულება საქართველოში პოლიტიკისგან გამიჯნული იქნება.

”1 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მოვუწოდებ ყველა მხარეს საქართველოში შეინარჩუნოს ეს იმპულსი და მოახდინოს დემოკრატიული პროგრესის კონსოლიდირება. მათ შორის ეს გულისხმობს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების სრულ აღიარებას”, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა 14 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და იქვე აღნიშნა, რომ დემოკრატიის ”ნამდვილი ტესტს” წარმოადგენს განსხვავებული მოთამაშეების უნარი ერთად იღვაწონ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ნატოს გენერალური მდივანი აკონკრეტებს, რომ ამგვარ თანამშრომლობაში იგულისხმება პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის კონსტრუქციული თანამშრომლობა მომავალ თვეებში და რომ ეს საკითხი ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებსაც უკავშირდება. ანდერს ფოგ რასმუსენი იმეორებს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რაც მომდევნო სამიტებზეც დადასტურდა, საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ გაწევრიანებამდე საჭიროა მეტი შრომა, მეტი რეფორმა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორის:

”მოვუწოდებ ყველა მხარეს საქართველოში შეინარჩუნონ კონსენსუსი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გარშემო და ითანამშრომლონ, რათა განაგრძონ აუცილებელი რეფორმები და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დემოკრატია ამ ტესტს ჩააბარებს.”

ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე ერთობლივი ბრიფინგის მსვლელობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ილაპარაკა. ბიძინა ივანიშვილმა კმაყოფილება გამოხატა გენერალური მდივნის დაპირების გამო, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელმაც ორიოდე დღის წინ ვიზიტის გადადების შესახებ გაავრცელა ცნობა, საკითხის ”უახლოეს მომავალში” განხილვის შემდეგ, აუცილებლად ეწვევა საქართველოს.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებითაც. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი გასამართლების თემაზე, რამაც საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია და, მათ შორის, საერთაშორისო სარბიელზეც. გავიხსენოთ, რომ ორიოდე დღის წინ პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ის „უაღრესად შეშფოთებულია” არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით და, ”უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”.

”ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით", - განაცხადა 12 ნოემბერს ანდერს ფოგ რასმუსენმა. პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების შესახებ საუბარია ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში. ამასთან, მასში გამოთქმულია წუხილი წნეხის გამო ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისამართით.

13 ნოემბრით დათარიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ ხელს, ნატოს მისამართით გამოხატული ღრმა პატივისცემის პარალელურად, ვხვდებით ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ”კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხალხმა მხარი დაუჭირა იმ იმედით, რომ ახალი მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ქვეყანაში სააკაშვილის გუნდის მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკური ნიშნით დევნას, შერჩევით მართლმსაჯულებას, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას და ავტორიტარულ მმართველობას.”

”შესაბამისად, მოქალაქეთა უფლებების უხეშად შელახვაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში მხილებული პირების დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის წარდგენა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება არის ჩვენი სწრაფვა ქვეყანაში ნატოს ღირებულებების დამკვიდრებისკენ და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, როგორც ეს ბატონ რასმუსენს წარმოუჩინეს”, - ვკითხულობთ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ მიმართვაში.

14 ნოემბერს კი, პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილმა გაახმაურა ნატოს გენერალური მდივნისთვის შეთავაზებული წინადადება პროცესების მაკონტროლებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. აღინიშნა მიღებული უარიც:

”მე შევთავაზე ბატონ გენერალურ მდივანს ნებისმიერი ფორმით მიეღოთ მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები ყველასათვის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, არ ჩათვალა საჭიროდ და ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა - ასეთი იყო მისი პოზიცია.”

საგანგებო კონტროლის დაწესება აუცილებელი რომ არ არის და ამისათვის ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მოქმედი ბერკეტებიც რომ საკმარისია, ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა თავად ილაპარაკა. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ბოლოდროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება მან ”პოზიტიური ინტერესის” საფუძველზე გამოხატა. ის საჭიროდ მიიჩნევს შესაძლო დამნაშავეთა გასამართლების პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ ეჭვები გაიფანტოს, რადგანაც, ”ტყუილიც რომ იყოს”, თუკი სასამართლო პროცესი აღქმული იქნება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რასმუსენის განცხადებით, ეს საზიანო იქნება როგორც ქვეყნის, ასევე მთავრობის იმიჯისთვის:

”ასეთი საგამოძიებო პროცესები უნდა წარიმართოს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობაში - სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. ეს არის ის, რაც მე განვმარტე და პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ საქმე სწორედ ასე იქნება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვინდა ზეგავლენა მოვახდინოთ მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე. დარწმუნებული ვართ, რომ პროცესები პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე წარიმართება და შესაბამისობაში იქნება კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებთან.”

ნატოს გენერალური მდივნის პოზიციას აბსოლუტურად ეთანხმება ბიძინა ივანიშვილი და მიაჩნია, რომ მათ პოზიციებს შორის განსხვავებების მოძებნას სულ ტყუილად ცდილობენ ჟურნალისტები. ”არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნა და არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე და წარუმატებელი იქნება ძველი ხელისუფლების მცდელობა პროცესს ”პოლიტიკური დაკვეთის” ელფერი შესძინოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG