Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის მთავრობის 100 დღე, ანუ ანგარიში ხალხს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
5 თებერვალს ”შერატონ მეტეხი პალასში”, პრემიერ-მინისტრის ტრადიციულ გაფართოებულ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური გუნდის წევრებს მოუწოდა აღარ დაუთმონ დიდი დრო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებების პასუხებს, რადგან, მისი თქმით, ”სიცრუის ტირაჟირებით” დაკავებული უმცირესობის მიმართ ზედმეტი ყურადღების გამოჩენა არ ღირს. ამით პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორ პოლიტიკურ ძალას შორის კოჰაბიტაციის შეუმდგარი ფაქტი და განაცხადა, რომ პოლიტიკურ უმრავლესობას უმცირესობის დახმარება არ სჭირდება და არც მათთან ვაჭრობას აპირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავისი მთავრობის ასი დღის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშში ყველა იმ საკითხზე კიდევ ერთხელ შეჩერდა, რომელთა შესახებ თავის წინა ორ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა. მან აქცენტი ამჯერადაც შემცირებულ კომუნალურ გადასახადებზე გააკეთა. სიახლე ამ მხრივ თებერვლიდან ბუნებრივი აირის ტარიფის 10%-იანი კლებაა. მისი თქმით, ამ ას დღეში ელექტროენერგიის გადასახადმა მოიკლო 21%-27%-ით, საწვავის ფასმა იკლო 10%-ით. შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია.

ბიუჯეტიც გადაჭარბებით სრულდება. „შეფერხებები მხოლოდ იმ კომპანიებშია, რომლებიც, როგორც წესი, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან იმართებოდნენ”.

ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეთავაზებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უნიჭო განცხადება უწოდა და თქვა, რომ უმრავლესობას არაფერში სჭირდება ნაციონალების დახმარება.

”არც ვაჭრობას ვაპირებთ და არავითარ ხმების მოგროვებას ჩვენ სასარგებლოდ არ ვაპირებთ. მათი გადაწყვეტილება, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ ცვლილებებს, აბსოლუტურად არაფერს ცვლის ქვეყნისათვის”.
ასე უცებ დიდი ნაბიჯები ვერც გადაიდგმება და ამას ვერც დაინახავთ. თუმცა ჩვენ ვსწავლობთ განწყობებს...
ბიძინა ივანიშვილი

ევროპა არც მიხეილ სააკაშვილის არჩევანია და არც დავით ბაქრაძის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ამას კონსტიტუციით დადასტურება არ სჭირდება, განაცხადა ივანიშვილმა და იქვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტებს:

”როგორ წარმოგიდგენიათ ამ მიმართულებაზე უარის თქმა, - ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეს ვგულისხმობ. ეს არც ჩემი არჩევანია, არც სააკაშვილის მთავრობის და არც მისი წინა მთავრობის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ისეთი წარმოუდგენელი რამაა, კონსტიტუციაში ჩაწერა რატომ უნდა დასჭირდეს? ჩვენ ამ ოცნებას ავისრულებთ და ასევე უნდა ვთქვათ, რომ არა აქვს ალტერნატივა ნატოს, თავდაცვის კუთხით, და კურსის შეცვლას არც აქ ვაპირებთ. თუ გამოჩნდება რამე უკეთესი, ამ შემთხვევაში ისევ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს”.

პრემიერმა დიდი დრო დაუთმო რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საკითხსაც. თქვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისათვის ამ პროცესის ადგილიდან დაძვრაზე მეტყველებს, თუმცა როდის ან როგორ აისახება ეს”დალაგება” ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ამაზე პრემიერს ჯერ კონკრეტული პასუხი არა აქვს. მან თქვა, რომ მთავრობა სახალხო დიპლომატიის გზით მიდის და ამას დრო დასჭირდება:

”ასე უცებ დიდი ნაბიჯები ვერც გადაიდგმება და ამას ვერც დაინახავთ. თუმცა ჩვენ ვსწავლობთ განწყობებს. აი, გუშინაც მთელი საათი ვლაპარაკობდით მე და პაატა ზაქარეიშვილი ოსეთში გაზის შეყვანის საკითხზე. ალბათ, მალე მივაწოდებთ აქედან გარკვეულ ნაწილს...”

ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ყველაზე მოცულობითი ნაწილი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო. მისი თქმით, გაზაფხულზე გლეხები უპრეცედენტო დახმარებას მიიღებენ.

ასი დღის თავზე მთავრობამ ანგარიშში ჩაწერა, რომ:

ელექტროენერგიის გადასახადი შემცირდა 21-27%-ით,
საწვავის ფასი - 10% - ით.

ფარმაცევტულ პროდუქციაზე შეინიშნება 30%-დან 70%-მდე კლების ტენდენცია.
ბრუნვამ მცირე და საშუალო ბიზნესში წელს (27 დღეში) 320 მილიონი ლარით გადააჭარბა გასული წლის იანვრის ბრუნვას.

მოზიდულია ახალი ინვესტიციები, კერძოდ, მეტალურგიაში 250 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება, ფოთის პორტის ახალი ქარხნის მშენებლობისათვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან.
2013 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 76%-ით.
2013 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საბაზისო სადაზღვევო პაკეტი.

1 აპრილიდან იზრდება პენსიონერების პენსია და ხდება 125 ლარი, 1 სექტემბრიდან - 150.

1 ივლისიდან გაორმაგდება იმ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, რომლებსაც 57 000 ქულამდე აქვთ.

2013 წლის სიახლეა დაუბეგრავი მინიმუმი. ყველას, ვისი შემოსავალიც წელიწადში არ აღემატება 6000 ლარს, საარსებო მინიმუმი, 150 ლარი, საშემოსავლო გადასახადით არ დაებეგრებათ.

1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე განხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა.

საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისათვის.

საქართველოში იხსნება ახალი სუვერენული ფონდი, რომლის აქტივების ღირებულება 2 მილიარდი დოლარი იქნება.


5 თებერვალს ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაესწროს 8 თებერვლის პარლამენტის სხდომას, სადაც სააკაშვილი შემაჯამებელი სიტყვით წარდგება.

პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა ვიცე-პრემიერის ვაკანტურ პოსტზე ირაკლი ალასანიას შემცვლელის, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა.
ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე იმ დროს, როდესაც ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები...
ვანო მერაბიშვილი

არაერთი შეკითხვა დაისვა ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის თაობაზე, თუმცა პრემიერმა ყველა გავრცელებული ხმა ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის ან კოალიციაში არსებული გაუგებრობის შესახებ უარყო. პრემიერმა ასევე შენიშნა, რომ ყველას აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუკი ის კოალიციას დატოვებს, სხვა მხრივ კი, კოალიცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერდება, რაზეც კონსულტაციები, ივანიშვილის თქმით, ჯერ არ დაწყებულა.

ივანიშვილის აზრით, ალასანიას კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, პრეზიდენტის უკვე ახალი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს თუ გავითვალისწინებთ, შესაფერისი არ არის.

პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ცალკეულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ სააკაშვილს, უგულავას თუ მერაბიშვილს არაერთ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი და ამის გამო პანიკაში არიან.

პრემიერის პრესკონფერენცია გამოხმაურების გარეშე არ დაუტოვებია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, ახალი მთავრობის 100-დღიანი მმართველობა საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამა:

”ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე იმ დროს, როდესაც ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები. ამ დროისთვის დაკითხულია თბილისის მერიის 885 თანამშრომელი, ასევე 1425 ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელი. ასევე დაკითხულია 4450 სოციალური აგენტი და 1200-ზე მეტი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. მათ შორის არიან ექიმები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის ადამიანები”.

მერაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი გაბრაზებულია, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებს. შესაბამისად, უმრავლესობა, მისი თქმით, ვერ გაბედავს მიმდინარე კვირაში კენჭისყრაზე დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG