Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 11 ივნისს მილიარდერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი სოლიდური თანხით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარით დააჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონტროლის პალატის ოქმების საფუძველზე იქნა მიღებული, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ.

სასამართლო აცხადებს, რომ ასეთი უპრეცედენტო ჯარიმა მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - მთავარ კონკურენტსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს „უკანონო შემოწირულების განხორციელების“ გამო დააკისრა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლე მირანდა იმედაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მეორე პრიმა პუნქტის მოთხოვნები დაარღვია:

„საქმის მასალების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდასაჭერად 12 410 252,89 ლარის უკანონო შემოწირულების განხორციელებას.“

დღეს სასამართლომ საბოლოოდ გამოავლინა თავისი რეპრესიული მანქანის ხასიათი და მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტაცია ...

საქმის განხილვის დროს თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა კანონის შესაბამისი მუხლით, უკანონოდ მიჩნეული თანხის მოცულობა 10-ზე გადაამრავლა და მილიარდერის ქონება 126 მილიონი ლარით შეამცირა. იმავე დარბაზში და იმავე დღეს სასამართლომ ასევე უსწრაფესად მიიღო გადაწყვეტილება, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ 7 ივნისს გადაგზავნილ სამართალდარღვევათა კიდევ ერთ ოქმზე დაყრდნობით, და ბიძინა ივანიშვილს კვლავ ათმაგი ოდენობით განუსაზღვრა საჯარიმო თანხის მოცულობა:

„სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების განსახორციელებლად, 2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა-ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ‘ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს’.“

საქალაქო სასამართლოს ეზოში მყოფმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ადვოკატებმა, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს, 11 ივნისს სასამართლო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ რეპრესიული გადაწყვეტილების მიღებაში.

„დღეს სასამართლომ საბოლოოდ გამოავლინა თავისი რეპრესიული მანქანის ხასიათი და მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტაცია და ბიძინა ივანიშვილი არარეალური თანხით, 148 მილიონი ლარის ოდენობით, დააჯარიმა“, - განაცხადა ბიძინა ივანაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ.

მაგრამ, ასეა თუ ისე, სასამართლოს განაჩენი გამოტანილია და მისი შესრულებისათვის დამნაშავედ მიჩნეულ მხარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ 7 დღე აქვს მიცემული. ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს უფლება აქვთ 48 საათის განმავლობაში ზედა ინსტანციაში გაასაჩივრონ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ 148 მილიონი ლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილს დადგენილ ერთკვირიან ვადაში უსათუოდ მოუწევს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლელა ტალიური განმარტავს, „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლო, აღსრულების ღონისძიების სახით, ყადაღის გადაწყვეტილებას მიიღებს.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG