Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ”სამოქალაქო დაპირისპირებას არ დავუშვებთ!”


როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი ”ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს? როგორია კოალიცია ”ქართული ოცნების” სტრატეგია ნატოს მიმართ? მოსალოდნელია თუ არა, რომ ფარულმა აუდიოჩანაწერებმა, რომლებიც უკანასკნელი ორი დღეა კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის სახელით ვრცელდება, კოალიციაში ბზარი გააჩინოს? - ამ და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების სხვა კითხვებს ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხობდა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე საერთაშორისო მედიის 80-მდე წარმომადგენლის კითხვებს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. ბუნებრივია, ინტერესი არჩევნების მოსალოდნელი შედეგების მიმართ დიდი იყო. ”ალბათობა იმისა, რომ კოალიცია მოახერხებს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, არჩევნებით შეცვლას, არის ძალიან დიდი, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციის შესავალ სიტყვაში. თუმცა ასეთივე დიდი მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას იმისა, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც ლიდერები იქნებიან, ეუბნება „როიტერსის“ ჟურნალისტი მას და იქვე ეკითხება: თუ ეს ასე მოხდა, თუ თქვენ ვერ მიიღეთ სასურველი სურათი, როგორ განვითარდება მოვლენები? თუკი საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ცნობენ, ჩვენ ამ შედეგებს ვაღიარებთ, პასუხობს ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილი.

საზოგადოებაში არსებობს იმის შიში, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს? - პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაისმა ეს კითხვა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, მტკიცედ უპასუხა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, უკანონო ქმედებებით კოალიციის მხარდამჭერები აქამდეც გამოეყვანა ქუჩაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ”ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი: “როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ პირველ ოქტომბერს, ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას”.
მე გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არაფრის გულისთვის და არაფრის ხარჯზე არ შევცვლით ჩვენს სტრატეგიას და, იმავდროულად, დიდი ვალდებულებაა იმისა, რომ პარალელურად რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები ...
ბიძინა ივანიშვილი

რა გზებით შეეცდება კოალიცია ”ქართული ოცნება” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? - ჟურნალისტები ამ საკითხითაც დაინტერესდნენ. ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი და იქვე იმასაც აღიარებს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა, თუკი მისივე სიტყვებს გავიმეორებთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჭეშმარიტად დემოკრატიულ და მტკიცე ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე გადის: ”ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთთან მთლიანად დაბალანსებული ურთიერთობის აღდგენის გასაღები ისევ საქართველოს შიგნით დევს. საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა, ისეთი საინტერესო, რომ ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს, სურვილი გაუჩნდეთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებისა”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

”თუკი თქვენ მომავალ ორშაბათს არჩევნებს მოიგებთ, როგორი იქნება თქვენი სტრატეგია ნატოს მიმართ და თუკი რუსეთი ნატოში ინტეგრაციის უარყოფის სანაცვლოდ ტერიტორიების დაბრუნებას შემოგთავაზებთ, როგორ არჩევანს გააკეთებთ?” - ეკითხება ფრანგული გამოცემის, ”ფიგაროს” კორესპონდენტი კოალიციის ლიდერს. ბიძინა ივანიშვილი დაბეჯითებით პასუხობს, რომ კოალიციის ურყევი სტრატეგია ევროპისა და ნატოსკენ სწრაფვაა და ამ სტრატეგიას კოალიცია არაფრის ხარჯზე არ შეცვლის: ”მე გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არაფრის გულისთვის და არაფრის ხარჯზე არ შევცვლით ჩვენს სტრატეგიას და, იმავდროულად, დიდი ვალდებულებაა იმისა, რომ პარალელურად რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

როგორ უპასუხებთ ხელისუფლების ბრალდებას, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ კადრებზე, სადაც პატიმართა წამების ფაქტებია ასახული, თქვენ ხართ პასუხისმგებელი? - ჰკითხა საერთაშორისო მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილს 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ბიძინა ივანიშვილმა ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა: ”ჩვენ არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ამ კადრების არც მოპოვებასა და არც მის გავრცელებაზე, ამის არავითარი საბუთი არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არც ყოფილა”, - ამბობს კოალიციის ლიდერი.

უკანასკნელი ორი დღეა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით იუთუბზე ეტაპობრივად იტვირთება ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად მოიხსენიებენ. მოსალოდნელია თუ არა, რომ ფარულმა ჩანაწერებმა კოალიციაში ბზარი გააჩინოს? რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ჩანაწერებს მისი გუნდის წევრები იუმორით უყურებენ, რადგან ხელისუფლების მოგონილი კომპრომატების აღარავის სჯერა. რაც შეეხება თავად ბესო სურმავას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, ოჯახი კი ვარაუდობს, რომ ის გატაცებულია.
XS
SM
MD
LG