Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ”ღირსებისა და კეთილდღეობის საქმე საარჩევნო ყუთებთან წყდება”


29 სექტემბერს წინასაარჩევნო კამპანია კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” თბილისსა და ქუთაისში ხალხმრავალი აქციებით დაასრულა. ”ძალა ერთობაშია, ყველანი არჩევნებზე!” - ასე მიმართა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში - თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე - შეკრებილ ათასობით ადამიანს და გამოთქვა რწმენა, რომ 1 ოქტომბერს ხალხი აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც მის სამსახურში ჩადგება.

თბილისის თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, დინამოს სტადიონიდან და ავლაბრის მეტროდან - 14 საათისთვის დაიწყეს. აქცია 16 საათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 15 საათისთვის თავისუფლების მოედნის პერიმეტრი თითქმის უკვე შევსებული იყო.
მე ძალიან მომწონს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები, სააკაშვილის ძალიან უკმაყოფილო ვარ. რა ვიცი, მე თვითონ სოციალურად დაუცველი ვარ ...

”მოვედით სულით და გულით და სიხარულით და რაღაცის დიდი იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება ამ ქვეყანაში სასიკეთოდ ყველაფერი. ყველანი დავკავდებით, დავკვალიანდებით და რა ვიცი, ძალიან დიდი სიყვარულით ვართ მოსულები.”

”გვინდა, რომ იყოს დემოკრატიული, მოხდეს როტაცია. როტაცია გულისხმობს, რომ 8 წელიწადი იყო ის მთავრობა, ახლა სხვა მოვიდეს, ახლა სხვა მოვიდეს. აი, ამისთვისაა საჭირო ეს ამბავი. მაშინ გამოდის, რომ ისევ კომუნისტურ წყობილებაში ვბრუნდებით, როდესაც ცეკას მდივანი დადგებოდა და იყო სანამ მოკვდებოდა, მანამდე.”

”მე ძალიან მომწონს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები, სააკაშვილის ძალიან უკმაყოფილო ვარ. რა ვიცი, მე თვითონ სოციალურად დაუცველი ვარ და არანაირი დახმარება მაგისგან, 8 წელია ამ პროგრამაში ვარ, არ მიმიღია. და რა ვიცი, დიდი იმედით ვუყურებ ბიძინა ივანიშვილს და მინდა რასაც გვპირდება, გაამართლოს.”

ხალხის წინაშე გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა კი ხალხს სიამაყით განუცხადა, რომ ერთი წინასაარჩევნო დაპირება უკვე შეასრულა:


”მართლაც, შეხედეთ ერთმანეთს და დარწმუნდებით, რომ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, როგორც დაგპირდით 27 მაისს, დაგპირდით აქ, თბილისში. და როგორც თქვენთვის მოცემული ეს სიტყვა შევასრულე, ზუსტად ასევე შეგისრულებთ ყველა დაპირებას, იცოდეთ.”

მთავარი მესიჯები კი, რომლებიც ბიძინამ შეკრებილ საზოგადოებას გაუგზავნა, ერთგვარი პასუხი იყო მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ კოალიცია ”ქართული ოცნების“ წინააღმდეგ” წარმოებულ კამპანიაზე, მათ შორის, ბრალდებაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის წარსულში დაბრუნება და კრიმინალურ ავტორიტეტთა ძალაუფლების აღდგენა ჰქონდეს განზრახული:

”საქართველოში ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი და ამას აღარავინ დაუშვებს. ეს დრო საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი ქურდად დამჯდარმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს.”
თქვენ, საჯარო მოხელეებს მივმართავ, დაჟინებით გიმტკიცებდნენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარიშს გაუსწორებს ...

ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა იმაზე, რომ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიცია ”ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართალი და წესრიგი, დაცული იქნეს ადამიანის უფლებები, შეწყდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება და სხვა. ”პირი შევკრათ, რომ ქართულმა პოლიტიკამ ადამიანური სახე მიიღოს და სახელმწიფოს მთავარი ღირებულება გახდეს ადამიანი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ამ კონტექსტში საგანგებოდ მიმართა ცალკეულ სოციალურ თუ პროფესიულ ჯგუფებს - ბიზნესმენებს, მასწავლებლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, ვეტერანებს, ემიგრანტებს, დევნილებს... დევნილებს იგი საცხოვრებელი ფართების დაკანონებას შეჰპირდა და აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას აღადგენს. ცალკე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჯარისკაცებსა და პოლიციელებს და მათ ხალხის და არა ხელისუფლების სამსახურში დგომა ურჩია. თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა საჯარო მოხელეებს 1 ოქტომბერს თავიანთი არჩევანის თამამად დაფიქსირებისაკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი სამსახურს არ დაკარგავენ:
ყველამ იცოდეთ, რომ ღირსებისა და კეთილდღეობის საქმე სწორედ საარჩევნო ყუთებთან წყდება ...

”თქვენ, საჯარო მოხელეებს მივმართავ, დაჟინებით გიმტკიცებდნენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარიშს გაუსწორებს. მე პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი: ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, შეწყდება პოლიტიკური ანგარიშსწორება, არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეების და სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამსახურევი ადამიანების დევნა. ჩვენ გავათავისუფლებთ საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისაგან. საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება აღარ იქნება ვიღაცის ნება-სურვილზე დამოკიდებული, მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ.

დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 1 ოქტომბერს აქტიურობისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდაჭერისაკენ მოუწოდა:

”ყველამ იცოდეთ, რომ ღირსებისა და კეთილდღეობის საქმე სწორედ საარჩევნო ყუთებთან წყდება. იცოდეთ, რომ არჩევნებზე არმისვლა, საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასი იქნება. საარჩევნო ყუთთან თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი წილი საქართველო და ამ არჩევანით მომავლის იმედი შეუქმნათ საკუთარ თავს და მთელ სახელმწიფოს.”

კოალიცია ”ქართული ოცნების” მრავალათასიან მომხრეებს თბილისში სიტყვით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. წინასაარჩევნო დასკვნითი აქციაც, ტრადიციულად, ბერა ივანიშვილის სიმღერებით დასრულდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG