Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი გამოაქვეყნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებისადმი ღია წერილში განმარტა მიზეზები, რომელთა გამოც პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში წასვლა სურს. საკმაოდ ვრცელი წერილის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას შეახსენებს პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისას მის პირველ მიმართვას, რომელშიც ჩამოთვლილი იყო კონკრეტული მიზნები და აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკურ პროცესებს კოორდინაციას პირადად გაუწევდა 2-3 წლის განმავლობაში. დღევანდელ წერილში პრემიერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოვიდა საზოგადოების დასაცავად და ეს წარმატებით მოხერხდა იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. ”მაგრამ საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მესიის მოლოდინში, რადგან საზოგადოების ხსნა მის ეფექტურობაში, მაღალი პასუხისმგებლობის უნარსა და პოლიტიკურ სიმწიფეშია და საზოგადოებამ უნდა მონახოს მექანიზმი, რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას” - ნათქვამია წერილში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პირადი მაგალითით სურს საზოგადოებას დაანახოს, რომ აუცილებელია იყო ადეკვატური გამოწვევებისა და კონკრეტული რეალობის მიმართ. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, 2 წლის წინ საქართველოს სულ სხვა გამოწვევა ჰქონდა და ამიტიმ დადგა იქ, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შეეძლო, დღეს კი სულ სხვა გამოწვევები არსებობს და სწორედ მათ შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ”მე ვაპირებ უარი ვთქვა სახელისუფლებო და პოლიტიკურ ფუნქციებზე და მთელი გამოთავისუფლებული რესურსი მოვახმარო საზოგადოებრივ ფუნქციას, რადგან სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის და მრავალპარტიული დემოკრატიის მიმართულებით ჩემი მოკრძალებული როლი უკვე შევასრულე და მჯერა,რომ ჩემი გუნდის წევრები დაწყებულ საქმეს ჩემ გარეშე უფრო უკეთ გაართმევენ თავს” - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი საჯარო ფუნქცია. ”ამრიგად, მე სადმე "სხვაგან" კი არ მივდივარ, არამედ "აქვე" ვრჩები და მხოლოდ ჩემი საზოგადოებრივი ფუნქციებისა და როლის ოპტიმიზაციას ვაპირებ, რათა, ჯერ ერთი, დავიხარჯო იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას და მეორე, პოლიტიკურ პარტნიორებსა და თანამოაზრეებს გადავუნაწილო ის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც ქვეყანა კვლავ ერთ კაცზე ჩამოკიდებული დარჩება და ისევ მოჯადოებულ წრეზე გააგრძელებს ტრიალს”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. პრემიერ-მინისტრი ახალ მიზნებად ასახელებს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - ,,აზრის ლიდერების" პროფესიულ ზრდას, ახალი სახეების შემოყვანას სამოქალაქო სექტორში, მათთვის მოტივაციის გაჩენას, ინოვაციური იდეების აკუმულირებას და დანერგვას და ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას არა მხოლოდ კრიტიკით, არამედ ჯანსაღი იდეების შეთავაზებით. ამასთან, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდება. ”ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება” - ნათქვამია საზოგადოებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღია წერილში.
XS
SM
MD
LG